Get All Access for $5/mo

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები COVID-19-ის წინააღმდეგ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

EPRC

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) გამოაქვეყნა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ინიციატივები, რომლებიც მიმართულია მსოფლიო მასშტაბით პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზეწოლის შერბილება-შემსუბუქებისკენ.

COVID-19-ის ვირუსული აფეთქება გლობალური გამოწვევაა, შესაბამისად, ამ გამოწვევაზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებზე, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებაზე ნაწილდება. პანდემიის გავრცელების ტემპი უახლოვეს მომავალში პოზიტიურ მოლოდინებს არ ქმნის. შესაბამისად, პატარა, განვითარებადი ეკონომიკებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზებასა და კრიზისის შერბილებაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ როგორც ეროვნულ, ისე - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. საერთაშორისო ფინანსური დახმარების გარეშე, განვითარებადი ქვეყნები პანდემიის შედეგად მიღებულ ეკონომიკურ ზიანს ვერ გადაიტანენ, შედეგად კი მსოფლიო ეკონომიკას კიდევ უფრო შეასუსტებენ. ყველას საერთო ინტერესია, რომ თითოეული ქვეყნის მიერ მიღებული ფინანსური ზიანი რაც შეიძლება მცირე და მსუბუქი იყოს.

უკვე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოხატა მზაობა დახმარებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ფორმით. ვცადეთ შეგვეგროებინა და თავი მოგვეყარა იმ ძირითადი ფისკალური ინიციატივებისა და ინექციებისათვის, რომლებიც ვირუსის გავრცელებისა და მისი ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად წამოიწყეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა.

მსოფლიო ბანკის ჯგუფი (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია)

მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) 17 მარტისათვის გაზარდეს სწრაფი რეაგირებისათვის განკუთვნილი პაკეტის ზომა 14$ მილიარდამდე, რათა დაეხმარონ კომპანიებსა და ქვეყნებს COVID-19-ის პრევენციას, იდენტიფიცირებასა და საპასუხო რეაგირებაში. IFC ზრდის COVID-19-თან დაკავშირებულ ფინანსურ რესურსებს 6$ მილიარდიდან - 8$ მილიარდამდე.

აზიის განვითარების ბანკი

18 მარტს, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 6.5$ მილიარდიანი ფინანსური პაკეტი გამოყო COVID-19-ის პანდემიით დაზარალებული წევრი განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

EBRD-მა 1$ მილიარდიანი სოლიდარობის პაკეტი გამოყო პანდემიით დაზარალებული კომპანიების დასახმარებლად (13 მარტს). ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და EBRD მზაობას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში. უფრო დიდი რესურსების მობილიზება მოახდინოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქტიურად ცდილობს COVID-19-ის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქებას. 80-მდე ქვეყნიდან (რომელთა შორის საქართველოც არის) მიღებული დახმარების თხოვნის შედეგად IMF-მა მზაობა გამოთქვა, სრულად აითვისოს არსებული 1$ ტრილიონიანი გასასესხებელი კაპიტალი. IMF-მა მარტის თვის დასაწყისშივე (4 მარტს) გამოყო 50$ მილიარდი პანდემიის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნების ეკონომიკების დასახმარებლად. მობილიზებული რესურსები ორ ნაწილად გაიყოფა.

საქართველო

საქართველოსათვის, როგორც განვითარებადი ეკონომიკისთვის, საერთაშორისო რესურსების/დახმარების მოზიდვა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეისათვის საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს IMF-თან და მნიშვნელოვანი რესურსების მოზიდვას ელოდება ფონდიდან. ასევე, საქართველომ მიიღო 45€ მილიონიანი დაფინანსება მსოფლიო ბანკისგან "ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის". მიუხედავად იმისა რომ პროექტის პირდაპირ მიზანს წარმოადგენს არა COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება, არამედ საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ნათელია, რომ მსგავსი რესურსები კრიზისული ეკონომიკისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ აშშ საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჯამში, აშშ დახმარება ჯანდაცვის მიმართულებით უტოლდება თითქმის 139 მილიონ ამერიკულ დოლარს, ყველა დანარჩენი მიმართულებით კი 3.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.