Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში სწავლას კიდევ სამი ქართველი სტუდენტი გააგრძელებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 3 რჩეულ სტუდენტს დიდ ბრიტანეთში სწავლას სრულად უფინანსებს.

2020-2021 სასწავლო წლის ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული კანდიდატები უკვე გამოვლინდნენ. ესენი არიან: ლანა აჩელაშვილი; ლევან ფავლენიშვილი და მარიამ კვარაცხელია. ლანა ბრისტოლის უნივერსიტეტში, განათლების მიმართულებით (სასწავლო ტექნოლოგიები და საზოგადეობა) სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. ლევანი ედინბურგის უნივერსიტეტში დაეუფლება მაგისტრის ხარისხს საოპერაციო კვლევების განხრით. მარიამი კი ბრაიტონში, სასექსის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის.

საქართველოს ბანკი სამივე სტუდენტის სრულ ხარჯებს (უნივერსიტეტის გადასახადს, მგზავრობის ღირებულებას, ვიზის საფასურს, სტიპენდიას, რაც მოიცავს საცხოვრებელი ადგილის ქირასაც) დაუფინანსებს.

ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამასთან საქართველოს ბანკი უკვე მეშვიდე წელია თანამშრომლობს და სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობას აძლევს.

"მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარში დავუდგეთ ქართველ სტუდენტებს და უმაღლესი ხარისხის განათლება მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. საქართველოს ბანკსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის პარტნიორობა 2013 წელს გაფორმდა და ბანკის მხარდაჭერით ინგლისში სასწავლებლად უკვე 20 რჩეული სტუდენტი გაემგზავრა. ჩვენ არ ვჩერდებით და კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განათლების მხარდაჭერას, რაც ჩვენთვის უცვლელი პრიორიტეტია" - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ჩივნინგი 1983 წელს დაარსდა. ის დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ჩივნინგის სტიპენდიანტები მსოფლიოს 118 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილები, დღესდღეობით კი ჯამში 50 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია.

მაღალი ხარისხის განათლების მსურველებისათვის 2021-2022 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება 2020 წლის 3 სექტემბერს დაიწყება. დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - www.chevening.org/georgia/