საქართველოს ბანკის პარტნიორობა პლატფორმა ''სუპერგმირთან'' წარმატებით გრძელდება
By ანანო ჩხაიძე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როცა სუპერგმირებზე ვფიქრობთ, კომიქსები გვახსენდება, რომლებიც ძირითადად მათ ცხოვრებასა და გმირობებზე მოგვითხრობს. ჩემი სუპერგმირები ყოველთვის მწერლები ან ზღაპრის გმირები იყვნენ. თუმცა, დღეს უკვე თითოეულ ადამიანს შეგვიძლია გავხდეთ სუპერგმირი.
სინამდვილეში, როცა სუპერგმირების გაცნობას ვიწყებთ, გვეხმარება დავიჯეროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის უკეთესი, კეთილშობილური, უფრო ძლიერი ვერსია ვიყოთ, ვიდრე ვართ. ხშირად სუპერგმირობა არც ისე რთულია. ამისათვის არ არის საჭირო განსაკუთრებული სუპერძალა ან ფრიალა კაპიუშონი, არც მსოფლიოში ყველაზე ბოროტი მტერი ან ტექნოლოგიური კატასტროფა, რომელსაც სუპერგმირის გარდა ვერაფერი შეაჩერებს. ნებისმიერ ადამიანს, სულ პატარა ძალისხმევის წყალობით შეუძლია მათ პირად სუპერგმირად იქცეს და ბავშვების ცხოვრება შეცვალოს. თუ თქვენში ისევ ცხოვრობს პატარა ბავშვი, რომელსაც გმირობა ისევ სწყურია, პლატფორმა "სუპერგმირი", რომლის პარტნიორიც საქართველოს ბანკია, ამ ოცნების ასრულებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ბავშვი უთანასწორო სოციალურ პირობებში ცხოვრობს. პრობლემაა საგანმანათლებლო ნივთები და საჭირო რესურსებზე წვდომა. შედეგად, ათასობით ბავშვი იზრდება არასაკმარის პირობებში. იმისათვის რომ მათი ოცნებები და მიზნები განუხორციელებელი არ დარჩეს, მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.
რა არის "სუპერგმირი"?
ეს არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ყველა იმსახურებს ლამაზ ბავშვობას და სურთ, რომ ამაში თავიანთი წვლილი შეიტანონ. პლატფორმის მისიაა ამ ბავშვების ხმა ისეთ ადამიანებამდე მიიტანონ, ვინც შეძლებს მათ ყოველთვიურ თანადგომას. ეს არის მსოფლიოში უკვე აპრობირებული პირდაპირი სპონსორობის მოდელი, სადაც სუპერგმირს შეუძლია ინტერესების თანაკვეთით იპოვოს ბავშვი, რომელსაც ყოველთვიურად ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს, შემდეგ მისი დონაციით გუნდი ინდივიდუალურად მორგებულ პროდუქტებსა თუ სერვისებს უგზავნის ყოველ თვე ბავშვს. სუპერგმირს კი ეგზავნება 100%-ით გამჭვირვალე ანგარიში, თუ რაში დაიხარჯა მისი თანხა. ამასთან ერთად, სუპერგმირს სურვილის შემთხვევაში შეუძლია გახდეს ბავშვის მენტორი, გაუზიაროს გამოცდილება, მისცეს ისეთი რჩევები, რომელიც სამომავლოდ ბავშვს ინტერესების გაღრმავებაში თუ კარიერის შერჩევაში დაეხმარება. ან უბრალოდ, იყოს მისი მეგობარი. ამ პროცესში მას სუპერგმირის გუნდის ფსიქოლოგები დაეხმარებიან.
"ციფრული საქველმოქმედო პლატფორმა www.supergmiri.ge 2020 წლის ივნისში გაეშვა. პლატფორმის მიზანია ვიპოვოთ სუპერგმირები, მოვუყვეთ იმ ბავშვების ისტორიები, რომლებიც უთანასწორო სოციალურ პირობებში ცხოვრობენ, და სუპერგმირების დახმარებით ბავშვების ყოველდღიურობა და მომავალი უკეთესობისკენ შევცვალოთ. პლატფორმის გაშვებიდან დღემდე ჩვენ უკვე 300-ზე მეტი სუპერგმირი აღმოვაჩინეთ, რომელთა დახმარებითაც 270-ზე მეტ ბავშვს ყოველთვიურად ვუგზავნით გზავნილს. პლატფორმის გაშვებიდან ძალიან მალე დაგვიმეგობრდა საქართველოს ბანკი, როგორც პროექტის მხარდამჭერი კომპანია, ერთობლივად ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ პროექტში და აღმოვაჩენინოთ საკუთარ თავში სუპერგმირი."- ამბობს მარიტა გენებაშვილი, პლატფორმა "სუპერგმირის" დამფუძნებელი.
საქართველოს ბანკი კი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკისა და პლატფორმა სუპერგმირის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება.
"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი, ღირებული პროექტების მხარდაჭერა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და სუპერგმირის პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ პლატფორმის განვითარებაში, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავახალისოთ, გახდნენ სუპერგმირები და საკუთარი მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მოზარდების განვითარებასა და მათთვის უკეთესი მომავლის შექმნაში. პლატფორმა აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სწამთ, რომ შეუძლიათ შეცვალონ სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ ბავშვების გაბედნიერებასა და მათ განვითარებაში." -განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ გოჩაშვილმა.
როგორ გავხდეთ სუპერგმირი
მოხალისე პლატფორმაზე www.supergmiri.ge თავად ირჩევს ბენეფიციარს, იწყებს მის ყოველთვიურ დაფინანსებას და ასე ხდება სუპერგმირი. მას შეუძლია მოიწვიოს მეგობარი სუპერგმირები და მათთან ერთად განახორციელოს ყოველთვიური დონაცია. რომლის 100% ხმარდება ბენეფიციარს. პროცესი სრულიად გამჭვირვალეა. სუპერგმირის პლატფორმის გუნდი წინასწარ ეცნობა ბავშვის ისტორიას, ჰობის და ინტერესებს და ყოველი თვის ბოლოს, ბენეფიციარებისთვის კრავს სასაჩუქრე კალათს, რომლისთვისაც პროდუქციას ყველაზე დიდ ინტერნეტ მოლში www.Extra.ge-ს ვებგვერდზე არჩევს. ექსტრას გუნდი ბენეფიციარებთან სუპერგმირების გზავნილის მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს.
თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს სუპერგმირი, რადგან ნამდვილი სუპერძალა ზრუნვაშია. ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია სწორედ სხვებზე ზრუნვით გახდნენ. ხანდახან სუპერგმირობას მხოლოდ ღილაკზე ერთი თითის დაჭერა გვაშორებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკს კორპორაციული სოციალურ პასუხისმგებლობის ფარგლებში 100-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. ბანკი ამით არ ჩერდება და ცდილობს სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერით უკეთესობისკენ შეცვალოს სხვა ადამიანების ცხოვრება.
ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3mxQeXI