საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, თამარ ჯაფარიძე სწავლას King's College London-ში გააგრძელებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად უჭერს მხარს განათლების სფეროს და ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სრული დაფინანსებით გააგრძელონ.
სულ ახლახან, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლას კიდევ სამი ქართველი სტუდენტი: ფიქრია ელიზარაშვილი, თამარ ჯაფარიძე და ირმა მათოშვილი გააგრძელებენ.
2022-2023 სასწავლო წლის გამარჯვებული სტიპენდიატები ბრიტანეთში შემდეგი მიმართულებებით განაგრძობენ თავიანთი ცოდნის ამაღლებას: ფიქრია სამაგისტრო პროგრამას ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით Strathclyde-ის უნივერსიტეტში დაეუფლება, თამარი King's College London-ში, ეკონომიკისა და საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს სწავლას, ხოლო ირმა სწავლას Oxford Brookes-ის უნივერსიტეტში, საერთაშორისო მასპინძლობის, ღონისძიებებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პროგრამაზე გააგრძელებს.
Entrepreneur უკვე სისტემატურად თვალს ადევნებს აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეთა წარმატებულ ისტორიებს, ხოლო ამჯერად, გვსურს თამარ ჯაფარიძის შესახებ გიამბოთ.
თამარს ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე, ხოლო მოგვიანებით სამაგისტრო პროგრამა ISET-ში გაიარა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი ინტერესი ეკონომიკის მიმართ. ცოდნის გაღრმავების მიზნით, თამარმა სწავლის გაგრძელება უცხოეთში გადაწყვიტა და სამი წამყვანი უნივერსიტეტიდან, სწორედ King's College London-ზე შეაჩერა არჩევანი, რომელიც ავტორიტეტული რეიტინგების თანახმად, დიდ ბრიტანეთში, ისევე როგორც ევროპაში მე-5 ადგილს იკავებს და 24-ე პოზიციაზე მსოფლიოს მასშტაბით.
გარდა იმისა, რომ თამარი არ წყვეტს განათლების მიღებას და მუდმივად საკუთარი თავის განვითარების პროცესში იმყოფება, მას წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილებაც დაუგროვდა. სხვადასხვა დროს თამარ ჯაფარიძე მუშაობდა კომერციულ და სახელმწიფო ორგანიზაციებში, როგორებიცაა: ბანკი რესპუბლიკა, სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტო და "აწარმოე საქართველოში". ასევე იგი ჩართული გახლავთ საგანმანათლებლო საქმიანობაშიც და კითხულობდა ლექციებს ეკონომიკისა და სტატისტიკის მიმართულებით სამ სხვადასხვა უნივერსიტეტში: BTU, ილიას უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.
"პროფესიული საქმიანობის პარალელურად, გახლავართ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი საქართველოში - Start and improve your business (SIYB) მოდულებში, რომლის ფარგლებშიც პოტენციურ და მოქმედი მეწარმეებს ვატრენინგებთ ბიზნესთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოდულში. ასევე, ვარ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის აქტიური ვიყავი სხვადასხვა მიმართულებით, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. ვცდილობ პროფესიულ, საუნივერსიტეტო თუ სამეწარმეო მიმართულებებში ჩემი წვლილი შევიტანო და მიღებული ცოდნა გავუზიარო ყველას ვისაც აქვს სურვილი და მისწრაფება", - გვიამბობს თამარი.
როგორც თამარი საუბრისას აღნიშნავს, ეკონომიკისადმი დიდი ინტერესი მას ჯერ კიდევ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პერიოდიდან გაუჩნდა, მით უფრო განვითარებადი ეკონომიკების სიღრმისეული შესწავლის სურვილი, რაც უპირველეს ყოვლისა საქართველოს ეკონომიკური მახასიათებლებით იყო განპირობებული.
"ბრიტანეთში სწავლას ყოველთვის ვგეგმავდი, ბრიტანული უნივერსიტეტები ყოველთვის ჩემი სამიზნე იყო, რადგან გარდა საუკეთესო სასწავლო შესაძლებლობისა, ბრიტანეთი ჩემთვის ჯერ კიდევ ბავშვობიდან სასურველი საცხოვრებელი ადგილადაც მიმაჩნდა. მიყვარს მათი კულტურა, აქცენტი რომელზეც შეყვარებული ვარ და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ამინდიც, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტულად რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, 1 წლით სასწავლო მიზნით წასვლა მაინც სულ სხვა გამოცდილება იქნება", - აცხადებს თამარი, - "King's College London-ის ის მიმართულება რომელზეც ჩავაბარე, კერძოდ საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი, ძირითადად ფოკუსირებულია განვითარებად ეკონომიკებზე, განსაკუთრებით საშუალო შემოსავლის, დინამიურ და სწრაფად მზარდ ეკონომიკებზე. ეს კურსი შეისწავლის განვითარებადი ეკონომიკების მიღწევებს, ცვლილებებს და წარმატების მამოძრავებელ ფაქტორებს, აიდენტიფიცირებს განვითარების გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი დგანან და აკვირდება მათ ცვლილებებს დროთა განმავლობაში, ამაზე დაფუძნებით კი გამოაქვს შესაბამისი პოლიტიკის დასკვნები მათი განვითარების გამოცდილებიდან".
რაც შეეხება King's College London-ის ეკონომიკისა და საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო კურსს, რომელსაც თამარი გაივლის, საკმაოდ ინტენსიურია და საინტერესო კურიკულუმი აქვს. კურსის ფარგლებში განიხილება სტრატეგიები, რამდენად ინკლუზიური და მდგრადია ახალი მიდგომები და როგორ წყვეტენ განვითარებადი ბაზრები გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდის ხელშეწყობის რთულ პრობლემებს. ასევე მაგისტრანტები შეისწავლიან, თუ როგორ უმკლავდებიან ეს ქვეყნები ტექნოლოგიების განვითარებას და გავრცელებას, როგორ მართავენ სავაჭრო და ფინანსურ ნაკადებს, როგორ აბალანსებენ სახელმწიფოსა და ბაზრის როლს. "ეს არის სწორედ ის საკითხები რამაც დამაინტერესა და გადამაწყვეტინა ჩამებარებინა ამ მიმართულებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მაქვს რვა წლიანი გამოცდილება სხვადასხვა ეკონომიკური პროგრამების განხორციელების, ვფიქრობ ეკონომიკური პროგრამების სხვა პერსპექტივიდან ანალიზი სრულიად ახალ ხედვას ჩამომიყალიბებს", - ამბობს თამარ ჯაფარიძე.
აღსანიშნავია, რომ Chevening გახლავთ დიდი ბრიტანეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაიცემა სრული სტიპენდიები დიდ ბრიტანეთში ერთ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე, ხოლო საქართველოს ბანკის სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის, ცხოვრების, მგზავრობის და ვიზის ხარჯებს. თამარის თქმით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გამოსცადო საკუთარი თავი და აიხდინო ოცნება - ისწავლო სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ მიმართულებაზე დიდ ბრიტანეთში.
"ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ Chevening-თან ერთად გავხდი საქართველოს ბანკის რჩეულიც და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს ჩემი მიზნების მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ Chevening-ის გასაუბრება იყო ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური გასაუბრება რაც კი ოდესმე მქონია", - აღნიშნავს თამარი, - "Chevening-ის სააპლიკაციო პროცესი 2023-2024 წლისთვის მალე იწყება და ყველა აპლიკანტს მინდა წარმატება და გამძლეობა ვუსურვო, ვინაიდან პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, კონკურენტული, სტრესული, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს. პირველი ეტაპი არის განაცხადის შევსება, ხოლო მეორე ეტაპი გასაუბრება. გასაუბრებამდე მისვლა უკვე საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან აპლიკანტების უმეტესობა პირველ ეტაპზე იცხრილება. გასაუბრება უკვე იმას ნიშნავს, რომ მიზანთან საკმაოდ ახლოს ხარ და შენ ყველას უნდა დააჯერო რომ ეს შეგიძლია. მერწმუნეთ, ინტერვიუს პროცესში გამსაუბრებლები შენ მხარეს არიან, რათა თავი მაქსიმალურად წარმოაჩინო".
Entrepreneur დაინტერესდა, თუ როგორია თამარის უახლოესი სამომავლო გეგმები და რამდენადაა ისინი დაკავშირებული საქართველოსთან, რაზეც მან გვიპასუხა, რომ მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, ეკონომიკას არ ჩამოშორდება და კვლავ ამ სფეროში გააგრძელებს საქმიანობას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თამარი გეგმავს Kings College London-ში მიღებულ გამოცდილება, მდგრადი ეკონომიკური მოდელების შექმნისა და მოდელირებისთვის გამოიყენოს, ხოლო ადგილობრივ კერძო სექტორს პროდუქტიულობის ზრდასა და სტაბილურობის მიღწევაში დაეხმაროს.
"ინოვაციებზე დაფუძნებული ზრდის სტრატეგიების დანერგვა, რესურსების არასწორად განაწილების შემცირება და განათლებისა და კვლევის შესაძლებლობების გაუმჯობესება ის ძირითადი თემებია, რომლებზეც სამომავლოდ მოვახდენ კონცენტრირებას ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის. ტექნოლოგია და მდგრადობა ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია განვითარებადი ბაზრების წინსვლისთვის. ბიზნესები და ინვესტორები, რომლებიც ამ დინამიური ეკონომიკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ, უფრო სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწევენ ზრდის ახალი მოდელების მიერ წარმოდგენილი შესაძლებლობების გაცნობიერებით და გამოყენებით. იმედი მაქვს, რომ ამ ერთ წელში ბევრ საინტერესო პროექტში ისევ ვიქნები ჩართული ბრიტანეთიდან და მჯერა, რომ ეს პროგრამა საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენის უნიკალური შესაძლებლობაა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, ახალი ენთუზიაზმით გავაგრძელებ ჩემ მიერ დაწყებული პროექტების და გეგმების განხორციელებას", - აღნიშნავს Chevening პროგრამის სტიპენდიანტი თამარ ჯაფარიძე.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, უკვე 20-მა სტუდენტმა მიიღო უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ბანკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით Chevening-ის პროგრამის ფარგლებში.
"Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამა იმ სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სწავლის გაგრძელება სამაგისტრო საფეხურზე გაერთიანებულ სამეფოში სურთ. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ჩართულობით უკვე 20 ქართველ სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა სრული დაფინანსებით მიეღო განათლება დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სასწავლებლებში. სულ მალე კი, ამ რიცხვს კიდევ 3 სტუდენტი შეუერთდება. საქართველოს ბანკი ახალგაზრდებს შესანიშნავ შესაძლებლობას სთავაზობს იმისათვის, რომ მიიღონ უნიკალური გამოცდილება და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები, პროგრამის დასრულების შემდეგ კი, შეძენილი ცოდნა ისევ საკუთარ ქვეყანას და მათი პროფესიული სფეროს განვითარებას მოახმარონ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ და სხვა პროექტების განხორციელებას. ჩვენი მიზანია მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა ხარისხიან განათლებასა და განვითარებისათვის საჭირო რესურსებზე", - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის კონკურსი შემოდგომით კვლავ გამოცხადდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.chevening.org/scholarship/georgia/
ინფორმაციისთვის, Chevening დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. დღესდღეობით პროგრამას 42,000-ზე მეტი სტიპენდიანტი ჰყავს მსოფლიოს 118 ქვეყნიდან. 2013 წელს საქართველოს ბანკსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის გაფორმდა პარტნიორობა, რის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაერთიანებული სამეფოს წამყვან უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით მიიღონ საუკეთესო ხარისხის განათლება სასურველი მიმართულებით. Chevening ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უჭერს მხარს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://csr.ge/ka