საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ინდივიდუალურ კონსულტაციებს იღებენ. ბიზნესის სამომავლო განვითარების მიზნით პროგრამა კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.
პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების; ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების; შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.
ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულმა 19-მა კომპანიამ უკვე გაიარა როგორც ექსპორტის, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ტრენინგები.
პროგრამის მონაწილე ერთ-ერთი კომპანია "კომფორტი", რომელმაც სულ ახლახან გაიარა ტრენინგი ექსპორტის შესახებ, უკვე ბიზნესის გაფართოვებას გეგმავს.
"ჩვენ უკვე 14 წელია ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული შეფუთვის მქონე ქაღალდის ჰიგიენური მოხმარების პროდუქციას (მაგიდისა და სამზარეულოს ხელსახოცს და სხვა ნივთებს). პროგრამა, რომელიც სრულად მორგებულია ჩვენს ინტერესებსა და საჭიროებებზე, გვეხმარება, კომპანია გახდეს უფრო ცნობადი და წარმატებული. გვაძლევს შესაძლებლობას გავაფართოვოთ წარმოება, დავასაქმოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ჩავრთოთ ისინი საწარმო პროცესში. გვაქვს ამბიცია, სრულად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი და ამავე დროს, გავიდეთ ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყნებში",- აცხადებს თეიმურაზ დალაქიშვილი, კომპანიის დირექტორი.
"მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსუბუქი მრეწველობის განვითარებას და ხელი შევუწყოთ კომპანიებს სამომავლო ზრდაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილე კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეიმუშაონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ბიზნესის განვითარების გეგმები, როგორც ექსპორტის განვითარების, ფინანსური მართვისა და ინვესტიციების ათვისების, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ პროექტის ფარგლებში შერჩეულ თითოეულ კომპანიას, ჩვენ კი ვაგრძელებთ ამ და სხვა პროექტებით ბიზნესის მხარდაჭერას", - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
"მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეებს ვთავაზობთ პრაქტიკულ მომსახურებას, საბაზრო კავშირებს, საერთაშორისო სტანდარტებზე წვდომას და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობებს. ბიზნესების მდგრადი განვითარების მიზანზე მორგებული ეს პროგრამა არის ერთ-ერთი იმ ინიციატივათა შორის, რომლის საშუალებითაც USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უზრუნველყოფს ეკონომიკის სექტორებში ჩართულ ბიზნეს კომპანიებისთვის დროულ, პრაქტიკულ დახმარებას, მაღალკვალიფიციური კადრის დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშწყობას" - აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.