''საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცის'' ინიციატივა შოკურ მდგომარეობაში მყოფი ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცის" (GBTA) ინიციატივით გაიმართა ონლაინ კონფერენცია ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედი საერთაშორისო და ადილობრივი კომპანიების გენერალური მენეჯერებისა და დამფუძნებლებისთვის. მსჯელობა გაიმართა მიმდინარე პანდემიით წარმოქმნილი კრიზისის შესახებ:
- რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფერო;
- ინდუსტრიის ფეხზე წამოდგომის რა შესაძლო სცენარები შეიძლება განვიხილოთ პოსტკორონავირუსის პერიოდში;
- როგორი სცენარით შეიძლება წარიმართოს პროცესები გლობალურად;
- როგორი იქნება მსოფლიო 2021 წელს.
"ყველა კრიზისი ბადებს მნიშვნელოვან ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს. გადარჩებიან ის კომპანიები, რომლებიც იქნებიან ეფექტიანები, კარგად მოახდენენ ადაპტირებას ახალ რეალობასთან, შეხედავენ კრიზისს, როგორც შესაძლებლობას, შეძლებენ იფიქრონ არსებულ ჩარჩოებს მიღმა, კრეატიულად მიუდგებიან გამოწვევებს და გახდებიან უფრო ძლიერი მოთამაშეები" - განაცხადა ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დირექტორმა იორდი ქუიჯეტმა.
GBTA-ს დირექტორთა საბჭოს წევრებმა ტურიზმის ინდუსტრიის ლიდერებს წარუდგინეს 2020-2021 წლის ყველაზე რეალისტური სცენარი: რა შეიძლება გაკეთდეს უახლოეს პერიოდში იმისათვის, რომ კომპანიები მომზადებული დახვდნენ პანდემიის შემდგომ პერიოდს? ახალი რეალობა საჭიროებს ახალ ხედვას, ახალ ინიციატივებსა და შესაბამის იმპლემენტაციას.
ასოციაციის დირექტორთა განცხადებით, უაღრესად დასაფასებელია საქართველოს მთავრობის მიერ სტუმარმასპინძლობის სფეროს გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯები, თუმცა აღნიშნული ინდუსტრია საჭიროებს კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერას იმისათვის, რომ შეძლოს კვლავ ფეხზე წამოდგომა.
GBTA მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს როგორც მთავრობასთან, ასევე სხვა ბიზნესასოციაციებთან, რათა შეიქმნას ინდუსტრიის გაერთიანებული ხმა ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად. დღეს დეფიციტურია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდება ხვალ, რა პროგნოზის გაკეთებაა შესაძლებელი. ინფორმაციის მუდმივი მოპოვება და მისი სწორი ანალიზი კომპანიებისთვის იმდენადვე კრიტიკულია, რამდენადაც სამედიცინო სფეროსთვის დღეს სასუნთქი აპარატების საჭირო რაოდენობის არსებობა.
GBTA-მ ორგანიზება გაუწია ასევე ონლაინ ინტერაქტიულ ვებინარს სახელწოდებით "კრიზისის მენეჯმენტი უკეთესი მომავლისათვის". ვებინარის მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც ადგილობრივი კომპანიები, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატის, USAID-ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წამრომადგენლები. ვებინარს წარმართავდა სტუმარმასპინძლობის ექსპერტი მაიკლ ქერშბაუმერი. ვებინარის შემდგომ გაიმართა საინტერესო დისკუსია აუდიტორიასთან. ტურიზმის სექტორის გაერთიანება და ერთმანეთის მხარდაჭერა ახლა კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, ვიდრე ოდესმე.
"საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია" განაგრძობს ტურიზმის ინდუსტრიის მხარდამჭერ სხვადასხვა ინიციატივებზე აქტიურ მუშაობას მთავრობასთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად.