საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები გაიცანით YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებული
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კორონავირუსმა მასშტაბური ნეგატიური გავლენის პარალელურად, გაგვაცნო ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა სამყარო უკეთესი გახდეს და ახალ რეალობაში თითოეული ადამიანი მარტივად ადაპტირდეს. ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის მარტის თვეში ფონდმა "კრისტალმა" USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა ონლაინ-ჰაკათონს YES Hackathon Contain COVID-19, რომელიც 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჰაკათონს ექსპერტული რჩევით უზრუნველყოფდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC).
სასტარტო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითო პროექტზე 5 000 ლარს შეადგენდა. ასევე, შესაძლებელი იყო უფრო მსხვილი პროექტის საწყისი ეტაპის დაფინანსება. ჰაკათონში მონაწილეთა მიერ წარმოსადგენი იდეები მოიცავდა სხვადასხვა სფეროს, როგორიცაა: სამედიცინო გადაწყვეტები, საკვებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა კომპონენტების წარმოების და/ან მიწოდების სრული ჯაჭვი, სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის ხელშემწყობი სერვისები და გადაწყვეტები, ონლაინსწავლების, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის, და მათი ხელშემწყობი სერვისები. ყველა პროექტს ერთი მიზანი აერთიანებდა − COVID-19-ის შეკავება.
ჰაკათონში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი იდეები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, მათგან ერთ-ერთი გამარჯვებული იდეა მარიამ თურმანიძეს ეკუთვნის.
იგი ტანსაცმლის კონსტრუქტორი, ტექნოლოგი და დიზაინერია. პარალელურად, სადოქტორო დისერტაციას წერს სამოსში ფერის აღქმის თეორიაზე: "საზღვარგარეთ დანაზოგი მცირე თანხით გადავწყვიტე, დამეწყო საკუთარი ბიზნესი. რა თქმა უნდა, გეზი სპეციალობის მიხედვით ავიღე და დავაარსე "მარიკოს ატელიე". გასული წლის ნოემბრის ბოლოდან დავიწყე შეკვეთების მიღება. შემდეგ კი დაემთხვა პანდემია და მოთხოვნამ ახალი იდეები მიკარნახა − პიბადეების წარმოება.
იმისათვის, რომ მისი წარმოებული პირბადეები უსაფრთხო და სტანდარტზე მორგებული ყოფილიყო, მარიამმა რამდენიმე ნიმუში დაამზადა და შესამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიტანა, სადაც ყველა ნიმუშზე დადებითი შეფასება მიიღო და მიენიჭა ლიცენზია, რომლითაც იგი უზომოდ ამაყობს.
ფონდ "კრისტალის" პროექტში გამარჯვება მისთვის ძალიან დიდი წარმატების მომტანი გახდა: "გამარჯვებისას მომეცა უდიდესი სტიმული, მეტი თავდაჯერებულობა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ჰაკათონის მიმდინარეობისას ჩატარებული ტრენინგების კურსი უმნიშვნელოვანესი გამოცდილებაა. მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ბატონ არჩილ ბაკურაძესა და პროექტის მთელ გუნდს გაწეული შრომისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე ვმეგობრობთ და მე მუდმივად მაქვს მათი მხარდაჭერის იმედი", − ამბობს მარიამი.
როგორც მრავალჯერადი მოხმარების პირბადეების მეწარმე გვეუბნება, პროექტში მონაწილეობის შემდეგ საწარმოს ცნობადობა გაიზარდა. მარიამს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უკავშირდება უამრავი ადამიანი, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ კომპანია "სანტედან" მიღებული შეკვეთის შედეგად, მან 2 000 მრავალჯერადი მოხმარების პირბადე დაამზადა.
ამ ეტაპზე სამედიცინო ტექსტილის წარმოების გარდა, მარიამი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, აქვს უამრავი შეკვეთა.
"ვმუშაობ სრული შემართებით, მალე ვაპირებ გავაფართოვო საწარმო და დავასაქმო მეტი ადამიანი. მინდა გითხრათ, რომ "კრისტალის" მიერ გაცემული თანხა იმ მომენტში უზომოდ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან შევიძინე მასალა, ასევე საწარმოო დანადგარი, რომელიც მუდმივად საჭირო იქნება ჩემი საქმიანობისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ პროექტის განმავლობაში მომიწია არაჩვეულებრივ მენტორებთან მუშაობა. ცოდნა, რომელიც მათგან სრულიად უფასოდ მივიღე, ყოველთვის გამომადგება ბიზნესშიც და ცხოვრებაშიც. ვისარგებლებ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი საოცარ ახალგაზრდებს, რომლებმაც ჰაკათონის მონაწილეებს ცოდნა და გამოცდილება გაგვიზიარეს. ასევე ყველას, ვინც ამ პროექტში იღებდა მონაწილეობას, ულევ წარმატებას ვუსურვებ", − მარიამ თურმანიძე.