"სახალხო აფთიაქის" ფილიალების მენეჯერები კომპანიის ბიზნესპარტნიორები ხდებიან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს "სინერჯი კაპიტალს", რომელიც საინვესტიციო ბაზარზე მაქსიმალურად მეტი ადამიანისთვის, დივერსიფიცირებული და მაღალი მოგების მომტანი საინვესტიციო პორტფელის შექმნას და მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების ღირებულების ზრდას ისახავს მიზნად.
ამჯერად, საუბარი გვექნება "სინერჯი კაპიტალისა" და "სახალხო აფთიაქის" პარტნიორობის შედეგად შემუშავებულ სრულიად ახალ სამუშაო სქემაზე. ამ მიდგომის თანახმად, "სახალხო აფთიაქის" ყველა გამოცდილი, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული მენეჯერი, მის დაქვემდებარებაში არსებული აფთიაქის წილის მფლობელი ხდება. რეგისტრირდება ახალი შპს, რომლის დამფუძნებელი "სახალხო აფთიაქია", ხოლო კონკრეტული მენეჯერი, მის მიერ მიღწეული შედეგებისა და პროგრესის მიხედვით, 10%-დან, 40%-მდე წილს ფლობს. ეს ერთგვარი დეცენტრალიზაციის პროცესია, რომლის დროსაც ქსელის განვითარება ბევრად ეფექტურად და ოპერატიულად ხდება.
ორიოდ სიტყვით "სახალხო აფთიაქის" მნიშვნელობასაც რომ შევეხოთ, ესაა საქართველოს მასშტაბით მომუშავე საუბნო აფთიაქების ქსელი, სადაც მსხვილი ქსელური აფთიაქებისგან განსხვავებით, ფარმაცევტები ბევრად უკეთ იცნობენ გარშემო მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს და მათთან მეტად ინდივიდუალური მიდგომით გამოირჩევიან. ახალი მართვის მოდელის საშუალებით, ქსელში შემავალი თითოეული აფთიაქი დამოუკიდებელი სუბიექტია, რომელიც კონკრეტულ ამოცანებს უშუალოდ ადგილზე წყვეტს, არის მოქნილი, სწრაფი და მომხმარებლის ინტერესებზე მეტად მორგებული.
ამ ახალ სამუშაო სქემას, "სახალხო აფთიაქისა" და "სინერჯი კაპიტალის" თანამშრომლობით, 2019 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და მსგავსი პრინციპით, უკვე რამდენიმე ფილიალი ოპერირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ "სახალხო აფთიაქის" აწ უკვე პარტნიორი მენეჯერები, რომლებიც მართვის ახალი მიდგომის წყალობით, გაორმაგებული მოტივაციითა და ენთუზიაზმით ზრუნავენ არსებულ აფთიაქებში ეფექტურობისა და პროდუქტიულობის ზრდაზე და ახალი ფილიალების გახსნაზეც ფიქრობენ.
პირველი მენეჯერი, რომელიც მართვის ახალი მოდელის მიხედვით "სახალხო აფთიაქის" პარტნიორი გახდა, თათია იაგანაშვილია. 2020 წლის ბოლოს, თათიამ საკუთარი ინიციატივით, წალკაში მეორე აფთიაქის გახსნაც მოახერხა და ქსელის გაფართოებაზე მუშაობას აგრძელებს. პარტნიორობის უპირატესობებთან დაკავშირებით, თათია გვიამბობს, რომ: "ადრე, როდესაც ქსელი ცენტრალიზებულად იმართებოდა, პატარა შეფერხების დროსაც ყველა ფილიალს გვექმნებოდა პრობლემა. ახლა კი, ასეთი შეფერხებები ჩვენს ფილიალებზე ვეღარ ახდენს გავლენას და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ. ასევე, დიდი უპირატესობაა ის, რომ ვართ დამოუკიდებლები გადაწყვეტილებებში – იქნება ეს გაყიდვების მიმართ მიდგომა, მარკეტინგული აქტივობები თუ სხვა. მაგალითად, წალკაში, დედაქალაქისგან განსხვავებით, ზაფხულის სეზონი თვე-თვენახევრით გვიან დგება. შესაბამისად, მოთხოვნა იმ მედიკამენტებსა თუ თავის მოვლის საშუალებებზე, რომლებიც ზაფხულშია აქტუალური, უფრო გვიან იზრდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ უკეთ გვესმის, რა სჭირდება ადგილობრივ მომხმარებელს და როდის შევთავაზოთ მათ ესა თუ ის ფასდაკლება. ასევე, ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს ლოიალური მომხმარებლების მიმართ, კარგად ვიცნობთ მათ და შესაძლოა, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანს სპეციალური პაკეტი ან ფასდაკლებაც კი შევთავაზოთ".
წლების განმავლობაში, თბილისში, "მეტრომშენის" ფილიალის მენეჯერი ირმა თავბერიძე იყო, რომელიც ახალი მართვის მოდელის წყალობით, ახლა უკვე ქსელის ორი ფილიალის პარტნიორია.
"მართვის ეს მოდელი საშუალებას მაძლევს, ვიყო კომპანიის ბიზნესპარტნიორი – განვვითარდე და გავიზარდო, როგორც მეწარმე; ვიყო ბევრად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებში, განვავითარო ქსელი, მოვძებნო ეფექტური გზები, რათა მოვიზიდო ახალი მომხმარებელი და გავზარდო გაყიდვები. ამ თანამშრომლობით შესაძლებელია ბიზნესის გაფართოება და ახალი ფილიალების გახსნა, რაც ჩემთვის დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა", – აღნიშნავს ირმა თავბერიძე.
"სახალხო აფთიაქის" ტყიბულის ფილიალის მენეჯერი სოფო ყვავაძეა, რომელიც მალე მართვის ახალ სქემაზე გადასვლას გეგმავს.
"ახალ სქემაში ჩართვასთან დაკავშირებით, თანხმობა უკვე მიცემული მაქვს. ცხადია, ეს მეტი პასუხისმგებლობაა, თუმცა ამავდროულად, შესაძლებლობაც, რათა საერთო საქმეში წვლილი შევიტანოთ. პირადად მე, პარტნიორად ქცევის შემდეგ, გაყიდვებს ფარმაცევტების მოტივირებით გავზრდიდი. დავაკვირდებოდი მათ დამოკიდებულებას მომხმარებლებთან და გავცემდი პრემიებს. სულ ცოტა ხნის წინ, მომხმარებელს მედიკამენტების უფასო მიტანის სერვისი შევთავაზეთ. მეტი კომფორტისათვის, ჩვენი ფარმაცევტები ტყიბულის მახლობელ სოფლებში წამლებს თავად აწვდიან მომხმარებელს, რამაც საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. იმ ხანდაზმულებს, ან მათ, ვისაც გადაადგილება უჭირს, მეც და ჩვენი თანამშრომლებიც პირადად ვაწვდით მედიკამენტებს. ასეთი უშუალო დამოკიდებულებით, სხვა აფთიაქებთან შედარებით, ჩვენს ფარმაცევტებს მომხმარებლები კარგად იცნობენ, ენდობიან და ფასებიც აკმაყოფილებთ, რაც საბოლოო ჯამში, მზარდ გაყიდვებზეც აისახება. სიახლემ გაამართლა და ამ მიმართულების განვითარებას ვაპირებთ. აგრეთვე, გარკვეული ოდენობის შენაძენზე, ჩვენი აფთიაქი საჩუქრებსაც გასცემს, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებების სახით. "სახალხო აფთიაქი" ამბროლაურშიც აპირებს ფილიალის დამატებას, რაშიც საკუთარ წვლილს შევიტან, ვინაიდან ადგილობრივ ფარმაცევტებს ვიცნობ და მაქვს მათთან მუშაობის გამოცდილება. პირადად მე, ფარმაცევტად 18 წელია ვმუშაობ, აქედან 6 წელი − "სახალხო აფთიაქის" მენეჯერად. ჩვენთან მომხმარებელი იღებს სითბოს, ყურადღებას, შეკითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს, და ასეთი მიდგომით, საზოგადოების ნდობა და უშუალო დამოკიდებულება დავიმსახურეთ. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ ადამიანს წნევაც გავუზომოთ და ნემსიც გავუკეთოთ. მომხმარებელი ჩვენთან ოჯახურ გარემოს გრძნობს, რასაც ჩემი აზრით, ძალიან დიდი და პოზიტიური გავლენა აქვს აფთიაქის მუშაობაზე", − აცხადებს სოფო ყვავაძე.
ხარაგაულის "სახალხო აფთიაქის" მენეჯერი ნათია ლურსმანაშვილია, რომელიც ახალი მიდგომის შესახებ საკუთარ დამოკიდებულებას გვიზიარებს:
"ამჟამად, ორი აფთიაქის მენეჯერი ვარ. "სახალხო აფთიაქში" 2012 წლიდან, ხარაგაულში პირველი ფილიალის გახსნის დღიდან ვმუშაობ. ვფიქრობ, ამ სქემის დანერგვით, გადაწყვეტილებების მიღებაში მეტი თავისუფლება მექნება. ჩვენს მომხმარებელთან ძალიან უშუალო ურთიერთობა გვაქვს. ვისურვებდი, ჩემს მუნიციპალიტეტში, რომელიღაც დიდ სოფელში კიდევ ერთი აფთიაქი გამეხსნა, თუმცა ხარაგაულში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრის პოვნაა, ვინაიდან ფარმაცევტები თითქმის არ არიან".
მართვის ახალ სტილზე და "სახალხო აფთიაქთან" პარტნიორულ ურთიერთობებზე, დმანისის ფილიალის მენეჯერი, ნინო ჩხვიმიანიც გვესაუბრა:
"ორი აფთიაქის მენეჯერი ვარ დმანისში. ეს სქემა მომწონს იმის გამო, რომ გადაწყვეტილებებში უფრო თავისუფალი ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ოფისიდან ყველაფერში მხარს გვიჭერენ, მაინც მათზე ვართ ასე თუ ისე დამოკიდებული, რაც რიგ პროცესებს დროში აფერხებს. მეტი დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებებში კი, ნიშნავს ჩვენი საქმიანობისა და იდეების უფრო ოპერატიულად განხორციელებას", − აცხადებს ნინო ჩხვიმიანი.
საკუთარ დამოკიდებულებას ჭიათურის ორი აფთიაქის მენეჯერი, ლანა ენუქიძეც გვიზიარებს:
"5 წელი ხდება, რაც ამ ქსელში ვმუშაობ და ჩემს საქმეში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩვენი ქსელი ფარმაცევტებს განვითარების უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. მომხმარებელი ჩვენგან უშუალო, მეგობრულ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას იღებს. ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანებს სხვაგან შეუძენიათ წამლები და დანიშნული მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებული რჩევებისთვის ჩვენთან მოსულან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ "სახალხო აფთიაქის" ფარმაცევტების ცოდნასა და გამოცდილებას ენდობიან და მათ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ. ჩვენ უფრო ვძლიერდებით და ამის გამო, ვფიქრობ, ცალკე შპს-დ ოპერირება აღარ შემეშინდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანიის მენეჯმენტი არაფერში გვზღუდავს, გადაწყვეტილებებს უფრო თავისუფლად მივიღებ. აღსანიშნავია, რომ "სახალხო აფთიაქის" ფილიალების განლაგება ძალიან კარგადაა შერჩეული და საუბნო კონცეფციის გათვალისწინებით, ჩვენი ლოიალური მომხმარებელი მუდმივად გვსტუმრობს. ვფიქრობ, მომავალში უკეთეს შედეგებზე გასვლას მოვახერხებთ", − აცხადებს ლანა ენუქიძე.
"სახალხო აფთიაქი" ლენტეხშიცაა წარმოდგენილი, რომლის მენეჯერი, მარეხ ბენდელიანია. მართვის ახალ სქემაზე ისიც დიდ იმედს ამყარებს. Entrepreneur მარეხის დამოკიდებულებასაც გიზიარებთ:
"მსგავსი დეცენტრალიზაცია საერთო საქმეს დიდად წაადგება. ჩვენი ლოიალური მომხმარებელი საკმაოდ კეთილგანწყობილია ჩვენ მიმართ, თუმცა ადგილობრივების საჭიროებებზე ჩვენზე უკეთ არავინაა ინფორმირებული. აფთიაქის დამოუკიდებლად მართვა, შესაძლებლობას მოგვცემს გავითვალისწინოთ ჩვენი მომხმარებლის ინტერესები და კონკრეტულად მათზე ორიენტირებული სერვისი შევთავაზოთ", − აღნიშნავს მარეხ ბენდელიანი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია აფთიაქებში მომუშავე ფარმაცევტებს კარიერული ზრდის შესაძლებლობასაც სთავაზობს. ახლა უკვე ნებისმიერ მათგანს შეუძლია საკუთარი თავი მენეჯერის ამპლუაში მოსინჯოს, გახდეს ქსელის პარტნიორი და თავადაც გახსნას ახალი აფთიაქები. მუშაობის ახალი სქემით, "სახალხო აფთიაქი" აპირებს მოკლე დროში მნიშვნელოვნად გააფართოოს ქსელი. რამდენიმე კვირაში, უკვე 10-მდე ობიექტი გაიხსნა. წლის განმავლობაში იგეგმება აფთიაქების რაოდენობის 60-მდე გაზრდა, ხოლო მომდევნო წელს ეს რიცხვი 100-ს მიაღწევს.