Get All Access for $5/mo

''სახალხო აფთიაქში'' ინერგება მართვის ახალი მოდელი, რომელიც მენეჯერებს მეწარმეებად აქცევს დელეგირების ხარისხი აფთიაქების მენეჯერებზე უკვე გაზრდილია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სახალხო აფთიაქი

"სახალხო აფთიაქი" საუბნო ტიპის აფთიაქების ქსელია, რომელიც ამ დროისათვის 60-მდე აფთიაქითაა წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად შიდა უბნებში, დიდ სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში, რომელიც გარშემო მცხოვრებლებს ემსახურება. "სახალხო აფთიაქის" 75%-ს ფლობს და მართავს "სინერჯი კაპიტალი", რომელიც სწრაფად მზარდ კომპანიებს ყიდულობს და კაპიტალის გაზრდითა და "სინერჯი ჯგუფის" 20-წლიანი გამოცდილების გამოყენებით ზრუნავს კომპანიების ღირებულების გაზრდაზე.

"სახალხო აფთიაქის" მართვის ახალი მოდელი მისი ზრდის სტრატეგიის ნაწილია და გულისხმობს აფთიაქების დამოუკიდებელ იურიდიულ პირებად გაყვანასა და აფთიაქის მენეჯერისთვის მისი თანამფლობელის სტატუსის მინიჭებას. ეს ფარმაცევტს საშუალებას აძლევს იყოს კომპანიის ბიზნესპარტნიორი, გამოიმუშავოს მეწარმისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და თავის გარშემო აქტიურად განავითაროს ქსელი, სადაც ამის საშუალებასა და მიზანშეწონილობას დაინახავს. თავის მხრივ, "სინერჯის" მონაწილეობა კომპანიის განვითარების პროცესში ერთგვარი გარანტიაა იმისა, რომ მართვის სისტემებზე დაკვირვება და მათი მუდმივი განვითარება, ასევე სტრატეგიების რეგულარული ანალიზი, ორგანიზაციის გეგმებისა და მუშაობის მიდგომების დახვეწა უწყვეტად მოხდება. ამან კი კომპანიის მოძრაობის ტემპი მუდმივად მაღალ დონეზე უნდა შეინარჩუნოს.

უკეთ აღსაქმელად, თუ კონკრეტულად რა სარგებლის მომტანია ფარმაცევტისთვის "სახალხო აფთიაქის" წილის ფლობა, Entrepreneur-ი წალკის ფილიალის მენეჯერ თათია იაგანაშვილს ესაუბრა, რომელიც მართვის ახალ მოდელს ირგებს და კომპანიის სასარგებლოდ რაიონის მასშტაბით აფთიაქების გახსნასაც აპირებს: "ჩემი, როგორც წალკის "სახალხო აფთიაქის" ფარმაცევტის, კარიერა 2012 წელს დაიწყო – მაშინ, როცა აფთიაქი პირველად დაფუძნდა. მას შემდეგ აფთიაქის მომხმარებელთა რაოდენობის ყოველდღიური ზრდის მომსწრე ვარ. მინდა აღვნიშნო, რომ მართვის ახალი მოდელი როგორც საინტერესო, ისე განსხვავებულია. მეწარმეულ უნარ-ჩვევებს აღვივებს ადამიანში, საკუთრების განცდას გიძლიერებს და როგორც ჩემს პროფესიულ, ისე კომპანიის ზრდას უწყობს ხელს. საშუალებას მაძლევს ლოკალურ დონეზე არსებული პრობლემები დამოუკიდებლად გადავჭრა. ამით კომპანია ჩემდამი ნდობას გამოხატავს. ეს პასუხისმგებლობაცაა, გიორმაგდება ენერგია, რასაც წინსვლა და წარმატება აუცილებლად მოსდევს".

მართვის ეს მოდელი საუბნო კონცეფციის სტრატეგიული კომპონენტია, სადაც ამოსავალი ფარმაცევტია. "სახალხო აფთიაქში" მენეჯერებსა და ფარმაცევტებზე არის დელეგირებული ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების უდიდესი ნაწილი, რადგან კონკრეტული აფთიაქის მენეჯერი უფრო უკეთ აანალიზებს ადგილობრივ მოთხოვნას, და მომგებიანია იგი აღიჭურვოს გარკვეული უფლებამოსილებით. აფთიაქებში, სადაც მენეჯერები მესაკუთრეებადაც გვევლინებიან, მაქსიმალურია მათი ჩართულობა, საქმისადმი მობილიზაცია და მომგებიანობის გაზრდაზე ზრუნვა.

მართვის ეს მოდელი ჰგავს კერძო აფთიაქების მოდელს იმ პირობებში, რომ ინარჩუნებს ქსელური კომპანიის უპირატესობებს. ერთი მხრივ, ცალკეული აფთიაქი დამოუკიდებელი სუბიექტია, მეორე მხრივ, რჩება ქსელის ნაწილი და იღებს მხარდაჭერას ბრენდის განვითარებისა და ცნობადობის ზრდის, ასორტიმენტის განვითარებისა და მომწოდებლებთან ახალი კონტრაქტების დადების, სწავლება-განვითარებასა და სხვა ამოცანებში, რომელსაც კომპანია უჭრის.

როგორც "სინერჯი კაპიტალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, პაპუნა ტოლიაშვილი აღნიშნავს, ამ მოდელზე "სახალხო აფთიაქის" ფილიალები ეტაპობრივად გადავა, მენეჯერების მზადყოფნისა და სურვილის გათვალისწინებით. დელეგირების ხარისხი აფთიაქების მენეჯერებზე უკვე გაზრდილია და ცენტრალურ ოფისში მუშაობა უმეტესად მხოლოდ განვითარების ამოცანებზე ხდება, რამაც აფთიაქების მენეჯერებს ადგილზე ბიზნესის უკეთ წარმოების საშუალება უნდა მისცეთ. გასული ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეულობით ათასი ლარი დახარჯა კომპანიამ მენეჯერთა მრავალმოდულიან მომზადებაზე ფინანსების მართვის, ბიზნესის ანალიზის, გაყიდვებისა და ლიდერობის განვითარების კუთხით. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა მათი თვითშეფასება, სამეწარმეო განწყობა და მზადყოფნა, უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ბიზნესის განვითარებაში: "ამ მოდელით წარმატებულ ფარმაცევტებს ვთავაზობთ მსგავსი ტიპის აფთიაქების გახსნას. ცენტრალური ოფისი ეხმარება მოგებაზე გავიდნენ და ცალკე იურიდიულ პირებად ჩამოყალიბდნენ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი მოდელი საშუალებას მოგვცემს ნიჭიერი კადრები ჩვენს გუნდში შემოვიკრიბოთ და მათ "სახალხო აფთიაქში" განვითარების საშუალება მივცეთ".

"სახალხო აფთიაქში" განხორციელებული ცვლილები და მათი დადებითი შედეგები კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რამხელა როლი მიუძღვის ფარმაცევტს სააფთიაქო ბიზნესში. საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მქონე, მონდომებული ფარმაცევტით, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებაც აქვს, გაცილებით სერიოზული შედეგების მიღწევაა შესაძლებელი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი