საქკაბელის პროდუქცია ევროპის ბაზარზე იყიდება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია "საქკაბელი" იმ წარმატებული კომპანიების მოწინავე სიაშია, რომლებსაც საერთაშორისო სტანდარტის საწარმო აქვთ და ექსპორტზე საკუთარი ნიშა იპოვეს.
ევროპული სტანდარტებისა და რეკომენდაციების დაცვით შექმნილი ,,საქკაბელის'' პროდუქციის ექსპორტი ბულგარეთშიც განხორციელდა.
სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს'' ფარგლებში საწარმოს გადაიარაღებამ ხელი შეუწყო ქარხნის ტექნიკური ციკლის დახვეწას, ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებასა და ახალი ტიპის საკაბელო პროდუქციის წარმოების ათვისებას - რის შედეგადაც გაზარდეს წარმოებული პროდუქციის მოცულობა და ახალ ბაზრებზე შესვლის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცათ.
,,ჩვენი წარმადობის გაზრდით ექსპორტს მომზადებული შევხვდით. ინვესტიცია განვახორციელეთ, სიმძლავრეები გავზარდეთ და საწარმო უახლესი მანქანა-დანადგარებით აღვჭურვეთ. საბოლოო ჯამში კი პროდუქციის უმაღლესი ხარისხით, კონკურენტუნარიანი საფასო პოლიტიკით, ეფექტურობის შენარჩუნებით, ევროპული სტანდარტებისა და რეკომენდაციებით შექმნილი ელექტრო კაბელებით შევძელით ბულგარეთის ბაზრისთვის მიმზიდველი კომპანია გავმხდარიყავით.
მოთხოვნა საკმაოდ მზარდია საერთაშორისო ბაზარზე. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ავიღეთ, რისი საშუალებითაც გაიგზავნა ტვირთი. ჩვენი საექსპორტო მიმართულების გეგმები კი სხვა ქვეყნებსაც უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტს აქამდეც ვახორციელებდით, გვახარებს ევროკავშირის ქვეყანაში ,,საქკაბელის'' პროდუქციის შესვლა და ვიმედოვნებ საექსპორტო წილი სამომავლოდ მეტად გაიზრდება, რადგან ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს ამ თემაზე: ვითვალისწინებთ ქვეყნების მოთხოვნას, ვიღებთ მათ სტანდარტებს ელექტრო სადენების მიმართულებით, დამზადებული ნიმუშების შემდეგ კი დაკონტრაქტების ეტაპებს გავდივართ''. - აცხადებს ,,საქკაბელის'' მმართველი დირექტორი დავით კაპანაძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ,,საქკაბელის'' პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადის, რომლის განახლებაც ევრო რეგულაციების შესაბამისად მოხდა, კერძოდ ევრო დირექტივა LVD და CPR.
,,საქკაბელის'' პროდუქციას მინიჭებული აქვს CE მარკირება, რაც ადასტურებს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპის კანონმდებლობას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის შესაბამისობის შესახებ და ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას იძლევა.
,,საერთაშორისო კომპანია ,,ანთას'' როლი საკმაოდ დიდია მოცემულ ნაწილში, რისთვისაც აქტიურად ვაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას. კომპანიის ძირითად საქმიანობას სამშენებლო მასალების განვითარება და გლობალური დისტრიბუცია წარმოადგენს, სათაო ოფისი ბულგარეთში აქვთ და პრიორიტეტს საერთაშორისო სტანდარტის ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ანიჭებენ, ამიტომაც მოხდა ჩვენი ეფექტური კოლაბორაცია.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბაზრების დივერსიფიკაციისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის, ექსპორტის კომპონენტის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები - რაც ახალი ბაზრების მოძიებისთვის მნიშვნელოვანია.
ელექტრო კაბელების გამოფენით სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად ვიღებთ მონაწილეობას, რომელიც ქართული პროდუქციის მწარმოებლებს საერთაშორისო ბაზრების ათვისებაში გვიწყობს ხელს. ჩვენ ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტს და უახლოეს მომავალში გეოგრაფიული არეალის გაფართოებას ვაპირებთ.'' - აცხადებს დავით კაპანაძე.