Get All Access for $5/mo

სალამურიანი ბიჭების ისტორია ბათუმიდან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბათუმს, როგორც კავკასიის უმშვენიერეს რივივრას, მრავალი სტუმარი აღუფრთოვანებია. ჩვენი ქალაქი ყოფილა მსოფლიო დონის მწერალთა და პოეტთა როგორც ინტერესის, ისე შთაგონების წყარო, ბუმბერაზ მწერლებს აქ უნახავთ მათივე ნაწარმოების მთავარი გმირის პროტოტიპები და აქ შეყვარებიათ ისე, როგორც არასდროს...

საოცარი მომხიბვლელობით და შეუდარებელი პეწით გამორჩეული ქალაქისათვის სახელი "ბათუსი" ბერძნებს შეურქმევიათ, რაც მათივე ენაზე ღრმა წყალს ნიშნავს. არც შემცდარან! ევროპული დონის ინტერნაციონალურ ქალაქში ღრმა სიბრძნე, დახვეწილობა და ტოლერანტობა ზეიმობდა მუდამ...

საინტერესო ეპიზოდებს იხსენებდნენ თანაცხოვების ისტორიიდან აზა, აიშე, ვართუშა, ნინა, ზინა და ჩემი ეზოს ბინადარი სხვა ბებიები... ეს ისტორიები, რა თქმა უნდა, ყავის სურნელით იყო გაჟღენთილი, რაც დილის აუცილებელ რიტუალს წარმოადგენდა როგორც ჩვენი, ისე მთელი ბათუმის მკვიდრთა ცხოვრებაში. სუფრას კი ადგილობრივი და ევროპულ-აზიური უგემრიელესი ჩაროზების თაიგული ამშვენებდა. ქალბატონები ზოგი თეთრი ლეჩაქით, ზოგი წელამდე ნაწნავით, ზოგიც კი მოკლე და შეღებილი თმით შემორჩა ჩემ მეხსიერებას. რიტუალურად ეჭირათ ხოლმე ხელის საფრქვავები და სინქრონულად გაისმოდა ყავის მარცველების და ნამდვილი თუ მოგონილი ამბებს ფრქვევის ხმა და მოკითხვა, - გადაძახილები აივნიდან - აივანზე. წყაროს სანდოობის დაზუსტება დღევანდელი გადასახედიდან გაგვიჭირდება, რადგან მრავალჯერ, პირადად, მიმირთმევია მათი სულის მოსახსენებლად მომზადებული წანდილი თუ "ჰელვა ".

თანამედროვეობაში არავის ახსოვს ვახტანგ გორგასლის ათ ნომერში მდებარე სახლის მრუდხაზოვანი ფრონტონის ოვალურ ღობეებში მოთავსებული სალამურიანი ბიჭუნების მიერ აჟღერებული მელოდიების ხმა, მაგრამ ეს ხელს როდის გვიშლის იმის მტკიცებაში, რომ მათში ავსტრიიდან ჩამოტანილი მექანიზმი იყო დამონატაჟებული და ქარის მიმართულება განსაზღვრავდა რეპერტუარას. ბათუმელები ხშირად ეუბნებოდნენ ერთმანეთს: "საინტერესოა, დღეს რომელ მელოდიას შემოგვთავაზებენ ბიჭუნები - დარისა თუ ავდარისაო ".

აღნიშნული ორსართულიანი სახლი 1905 წელს აუშენებია ვაჭარ სეროპ აკინიანს, რომლის მხატვრულ სახეს სხვადასხვა ტონის აგურის ფერადოვნება და ძუნწად გამოყენებული კლასიკური ელემენტები განსაზღვრავს. ერთი კი ცხადია, არავინ დავობს, რომ სახლს განსაკუთრებული სიმყუდროვის განწყობა შემოაქვს ქუჩის მთელ მონაკვეთზე და მრავლადაც შეხვდებით სალამურიან ბიჭუნათა თანამედროვე რეპლიკებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

ასევე გაგვიჭირდება იმის მტკიცება, რამდენად სწორად განსაზღვრავდა "მეტეო სახლი "ამინდს ბათუმში, მაგრამ ფაქტია, რომ აზა, აიშე, ვართუშა, ზინა, ნინა და ბათუმელი ბებიები საათის ისრის მიმართულებით დატრიალებული ყავის ნალექით აზუსტებდნენ ინფორმაციას და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი