Get All Access for $5/mo

სამეწარმეო განათლება სტუდენტთა შთაგონებისთვის - BTU-ს ასოცირებული პროფესორის, თამთა გველესიანის ანტრეპრენერული გამოცდილება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"თინეიჯერობის ასაკიდან მიტაცებდა ბიზნესლიტერატურა და მეწარმეების შესახებ ამბების კითხვა − თან ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან მეც რაღაცის გაკეთებას შევძლებდი", − თამთა გველესიანი 17 წლის ასაკიდან სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობდა და საკუთარ შესაძლებლობებს ამ თუ იმ ინდუსტრიაში ცდიდა, მათ შორის: IT-პროექტების მენეჯმენტი, მარკეტინგი და სხვა. მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ კი, დღეს უკვე ანტრეპრენერობა და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაზე ზრუნვაა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობით ახორციელებს. დღესდღეობით, თამთა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ასოცირებული პროფესორი და კომპანია "ქლევერტონის" ბიზნესის განვითარების დირექტორია და საკუთარი საქმიანობით ცდილობს, სულ უფრო მეტ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, გამოცადონ საკუთარი თავი საინტერესო, ანტრეპრენერულ მოგზაურობაში.

ახლახან თამთა გველესიანიYTILI (The Young Transatlantic Innovation Leaders Initiative Fellowship Program)-ში ევროპის 40 ლიდერს შორის შეარჩიეს და პროგრამის ფარგლებში იგი აშშ-ში გაემგზავრება, სადაც 5 კვირის განმავლობაში ადგილობრივ სტარტაპებს შეხვდება. ახალგაზრდა ლიდერი იმედოვნებს, რომ სასწავლო ვიზიტიდან ბევრ საინტერესო კონტაქტსა და გამოცდილებას ჩამოიტანს საქართველოში გასაზიარებლად.

როგორ დაიწყო სამეწარმეო კარიერა და რა სახის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს ის დღეს სტუდენტებს? − ამ და სხვა შეკითხვებზე Entrepreneur თამთა გველესიანს ესაუბრა.

"17 წლიდან ვმუშაობ და ამ დროის განმავლობაში ბევრი საინტერესო გამოცდილება დავაგროვე სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობით. ორი უნივერსიტეტის მაგისტრატურა დავამთავრე, ორივე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და გულახდილად გითხრათ, ეს ის სფეროა, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. პირველი სამსახური საინტერესო გამოცდილება იყო ადამიანებთან ურთიერთობის თვალსაზრისით − კლინიკაში ადმინისტრატორი ვიყავი. პარალელურად, უნივერსიტეტში სწავლისას, მეგობრებთან ერთად დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებდით და ალბათ, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან საინტერესო მოგზაურობა იყო საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის ეტაპებზე. შემდგომში ჩვენი გზები გაიყო და ჩემი კარიერა IT-კომპანიაში პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით გავაგრძელე. ჩემი აქტიური ცხოვრების სიყვარულის გამო, მარკეტინგის სფეროშიც საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე და დღემდე მარკეტერობა რეალურად ყველა ჩემს გაკეთებულ საქმეში აისახება", − აღნიშნავს რესპონდენტი.

ბიზნესინდუსტრია თინეიჯერობის ასაკიდანვე იტაცებდა. თავდაპირველად, თამთამ ოჯახის წევრებთან ერთად ნაჭრის ჩანთებისა და აქსესუარების ბიზნესი − "შაბა", დაიწყო. შემდეგ, ტექნოლოგიურ სტარტაპში გამოცადა საკუთარი შესაძლებლობები. ცხოვრების მომდევნო ეტაპზე, 5 წლის განმავლობაში გახლდათ ბიზნეს-აქსელერატორ "სპარკის" გუნდის წევრი, სადაც სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის უამრავ საინტერესო პროექტს ჩაუყარა საფუძველი. ახლა კი მსგავს საქმიანობას თავისი კომპანია "ქლევერტონით" განაგრძობს, სადაც საკუთარ დროს სამეწარმეო და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, მეწარმეთა ხელშეწყობასა და საქართველოს მასშტაბით საინტერესო პროექტების განხორციელებას უთმობს. ასოცირებული პროფესორის ამპლუაში კი, BTU-ს სტუდენტებს წლების განმავლობაში ნაგროვებ გამოცდილებას უზიარებს და პარალელურად, აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის პროექტებში, რითაც საკუთარი წვლილი შეაქვს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერებაში.

"ბევრი საინტერესო პროექტი განმიხორციელებია, თუმცა საკუთარი საქმის კეთება მათგან ყველაზე მეტი გამოცდილების მომტანია. მახსოვს როგორ ვიწყებდით ხელნაკეთი ჩანთების დამზადებას 2014 წელს, როცა მსგავსი თითქმის არაფერი არსებობდა. ასევე, ვმუშაობდი AR-სტარტაპზე, სახელწოდებით AUGEP. მაშინ ვირტუალური რეალობა ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობადი ტექნოლოგიები იყო. უნდა აღვნიშნო "ქლევერტონიც" − როდესაც დავიწყეთ საბავშვო ბიზნესსკოლის მართვა და მეწარმეობის კომერციულად სწავლება 10-16 წლის ბავშვებისთვის. ეს ინიციატივა 0-ლარიანი ინვესტიციით დავიწყეთ და შედეგად, რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებს 4 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის მოძიებაში დავეხმარეთ... და არ შემიძლია არ აღვნიშნო "სპარკი", სადაც უამრავი, თუმცა ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ − e-commerce აქსელერატორი და პრე-აქსელერატორის პროგრამა მარკეტინგული მხარდაჭერით სტარტაპერებისთვის", − აღნიშნავს ანტრეპრენერი.

თამთა გველესიანი იხსენებს, რომ ბავშვობაში ყოველთვის სურდა მასწავლებელი გამხდარიყო და სწავლების პროცესი დღემდე მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. ცოდნის გადაცემის კუთხით, 11-წლიანი გამოცდილება აქვს და ფიქრობს, რომ სტუდენტებთან ურთიერთობის გარეშე სულ სხვანაირი იქნებოდა მისი ყოველდღიურობა. მეწარმეობის ლექტორობა კი, მიმდინარე საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვინაიდან მისი აზრით, სტუდენტებისთვის ახალი და მიმდინარე მოვლენების გადაცემის საუკეთესო გზა ინოვაციური მეთოდებით სწავლებაა.

"ლექტორული" ცხოვრება ძალიან საინტერესოა, რომელიც იწყება სემესტრის დასაწყისში, სილაბუსის გადახედვით და კოლეგებთან ერთად გავლით. ხოლო შემდეგ ყოველი ლექციის წინ მასალის გადახედვით, განახლებით, ახალი მაგალითების დამატებით და მიმდინარე მოვლენებზე აქცენტით, რადგან სტუდენტებს აუცილებლად კარგად ამახსოვრდებათ ლექციაზე მაგალითებად მოყვანილი ამბები და რაც მთავარია, ყოველთვის ვცდილობ, სტუდენტებისთვის ვიყო მეგობარი, რომელთანაც აზრების გაზიარებასა და რჩევის კითხვას თამამად შეძლებენ.

მიყვარს, როდესაც ყველა სტუდენტი ჩართულია სალექციო პროცესში, ამიტომ ხშირად ვიყენებ თანამედროვე მიდგომებს, ტექნოლოგიებს, ხანდახან არაფორმალური განათლების მეთოდებსაც, რათა ლექცია საინტერესო, ინტერაქციული და დასამახსოვრებელი იყოს. ვცდილობ, სტუდენტები მიმდინარე მოვლენებში იყვნენ ჩართული, რაც კიდევ უფრო მეტად განუვითარებთ სამეწარმეო აზროვნებას. აქედან გამომდინარე, მათთან მუდმივად ვაზიარებ ინფორმაციას ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ, სადაც შეუძლიათ ჩაერთონ. მოკლედ, გარდა თეორიული ცოდნისა, ვცდილობ პრაქტიკულად შეძლონ საკუთარი თავის გამოცდა მეწარმეობის სამყაროში. საგნის სილაბუსიც ისე გვაქვს აგებული, რომ სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, მუშაობენ საკუთარ იდეებზე და წლის ბოლოს შესაძლებლობა აქვთ, სტუდენტურ დემო-დღეზე მიიღონ მონაწილეობა, რაც, მიმაჩნია, რომ დასაწყისისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მათთვის", − განმარტავს BTU-ს ასოცირებული პროფესორი.

თამთა გველესიანი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც საკუთარი კარიერის განმავლობაში ისწავლა, არის ის, რომ არ უნდა გაჩერდე იქ, სადაც არ მოგწონს ყოფნა − სადაც მხარს არ გიჭერენ, ვერ ვითარდები, არ გიბამენ მხარს იდეების განხორციელების ნაწილში და სადაც ხვდები, რომ უბრალოდ დროს კარგავ. მრავალწლიანმა გამოცდილებამ ანტრეპრენერს აჩვენა, რომ კომფორტის ზონაში საინტერესო არაფერი ხდება. აქედან გამომდინარე, ადამიანები, ხშირად უნდა ვეცადოთ გარემოს შეცვლას, სიახლეების ათვისებასა და საინტერესო გამოცდილების მიღებას.

"გამოწვევები თუ არ გხვდება ცხოვრებაში, ე.ი. რაღაცას არასწორად აკეთებ. ამას ხშირად ვამბობ და სტუდენტებსაც იმავეს ვუმეორებ − ყოველ ახალ გამოწვევას უმჯობესია შევხედოთ, როგორც გაკვეთილს, საიდანაც რაღაცის სწავლა და ამ ცოდნის შემდგომი განვითარებისთვის გამოყენება შეიძლება. ჩემი საყვარელი სიტყვებია − "მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა" − აქედან გამომდინარე, ერთ ადგილზე გაჩერებას, ყოველთვის სჯობს, მცირე ნაბიჯები მაინც გადადგა!

ჩემი ინტერპრეტაციითა და გაგებით, სწორედ ამას აკეთებს ანტრეპრენერი. ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს საკმარისი გამბედაობა, სცადოს სამყაროს შეცვლა, შექმნას პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის გამოწვევებს უპასუხებს. ამისთვის მას სჭირდება უამრავი უნარი, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული ხედვა, კომუნიკაციის უნარი, რისკის გაწევის უნარი, მოსმენის უნარი, კრეატიულობა, ინოვაციურობა და სხვა. რაც მთავარია, ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ამ უნარ-ჩვევების დასწავლა შესაძლებელია და გამოგვივა!", − აღნიშნავს თამთა გველესიანი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი