Get All Access for $5/mo

სამხრეთ კავკასიაში პირველ სკი-ტურის შეჯიბრი - ყაზბეგის თასი/Kazbegi Trophy გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მიმდინარე პანდემიის პერიოდში ტურიზმის სექტორში არსებული მძიმე მდგომარეობით და სხვა მიზეზებით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე ჩივილში რომ არ მოეწყინათ, შპს "ალტიტუდამ" (ალტიჰათი 3014) და შპს "თრეილლაბმა" (ყაზბეგის მარათონის და თბილისის თასის ორგანიზატორი), გადაწყვიტეს ახალი საქმის წამოწყება და დააფუძნეთ ერთობლივი კომპანია "სკიმო", რომლის მიზანიც სათავგადასავლო ტურიზმის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განმტკიცება და განვითარებაა.

სკი ტური/სათხილამურო ალპინიზმი - გულისხმობს სპეციალური სამაგრით აღჭურვილი თხილამურით როგორც მთაში, ასევე სხვადასხვა რელიეფზე ასვლას და შემდეგ დაშვებას გაუკვალავ თოვლში. სათხილამურო სპორტის ეს სახეობა განვითარებულ ქვეყნებში მზარდი პოპულარობით სარგებლობს, რადგანაც საბაგიროთი სამთო სათხილამურო სპორტთან შედარებით ეკომეგობრულია და არ საჭიროებს ენერგორესურსების დანახარჯებს. პანდემიის გამო კი ეს სპორტი საქართველოშიც თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება."ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში პირველ სკი-ტურის შეჯიბრს - "ყაზბეგის თასი / Kazbegi Trophy" ვატარებთ ყაზბეგში, მიმდინარე წლის 24 აპრილს, რაც სისტემატურ ხასიათს მიიღებს მომვალშიც." - დეტალებზე ორგანიზაციის მმართველი პარტნიორი, ნიკა ალავიძე გვესაუბრება.

"შეჯიბრი ძალიან მნიშნელოვანია და მის ორგანიზების მოსალოდნელი მინიმალური შედეგები იქნება:

1. სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის პოპულარიზება საქართველოში, როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ისე საერთაშორისო ტურისტებისათვის. "სკი-ტურს" მთელს მსოფლიოში მზარდი დინამიკა აქვს და ამასთანავე მაღალ ანაზღაურებად სეგმენტზეა ორიენტირებული, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ კოვიდ კრიზისის და პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც შეიძლება მეტი მაღალმხარჯველი ტურისტი მოვიზიდოთ და საქართველოს სათავგადასვლო ტურიზმის რუკაზე მძლავრი ადგილი დავუმკვიდროთ.

2. განვავითაროთ და გავზარდოთ ტურისტული "სეზონი" და სათხილამურო აქტივობის გეოგრაფია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, კონკრეტულად ყაზბეგის მაღალმთიან რაიონს, არსებული გამოწვევების ფონზე. მოცემულ პერიოდში როგორც წესი ტურისტული აქტივობა მინიმალურია, შესაბამისად ადგილობრივი პროფესიონალები - გიდები, სამთო გამყოლები და ადგილობრივი ფერმერები ნაკლებად არიან დასაქმებული (არა კრიზისის პერიოდშიც); შესაბამისად, ახალი აქტივობის წახალისებით და პოპულარიზებით, ვფიქრობთ არსებული შეთავაზებების გაზრდას.

ტურისტული ნაკადების შემცირების გამო, წელს ძირითადად ქართული საზოგადოება იქნება ჩართული ამ აქტივობაში, თუმცა მომავალში, აუცილებლად გაიზრდება მონაწილეთა და დამსწრეთა რაოდენობა ევროპიდან, აშშ-დან და მეზობელი ქვეყნებიდან.

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა, წელს, მაინც იქნებიან წარმოდგენილი შვეიცარიელი ათლეტები და ექსპერტები, ვინც აქტიურად გვეხმარებიან აღნიშნული ჩემპიონატის ორგანიზებაში, რაც რა თქმა უნდა მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი გზავნილია დასავლეთ ევროპელი მეგობრებისა და მომავალი ვიზიტორებისათვის ჩვენს ქვეყანაში.

3. აღსანიშნავია, რომ ტურნირი მთლიანად დამფუძნბელების კერძო სახსრებით ორგანიზდება; პროექტში მხოლოდ კერძო სექტორი და ანტრეპრენერები ვართ ჩართული. ამ პროცესში ჩვენი მეგობარი კომპანიები დაგვიდგნენ გვერდში, ვინც იდეა და ჩვენი სულისკვეთება მოიწონა და შეაფასა მისი პოტენციალიც. მიუხედავად რთული პერიოდისა და სხვადასხვა ტიპის სირთულეებთან გამკლავებისა, უკან არავინ არ დაიხია და საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდიც შეგროვდა. ამჟამად ტურნირის ოფიციალური სპონსორები და პარტნიორები არიან კომპანიები - ემპლუსი, მოგზაური, მარკო პოლო გუდაური, მაგელანი, აუდიოჰოლი და ადრენალინი."

"მაღალი ხარისხის მედლები უკვე შეკვეთილია ტაივანში და ძალიან მალე ჩამოვა. მას ტურნირის ყველა მონაწილე მიიღებს." - დასძენს ნიკა ალავიძე.

ტურნირს აქტიურად უდგას გვერდში კავკასიის სკიტურინგის ქსელი, საქართველოს მთის კურორტების კომპანია და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია.

ორგანიზატორების მიზანია, ამ ღონისძიებით მაქსიმალურად დიდი აუდიტორია მოიცვან. ამასთან მიმართებაში კი განსაკუთრებულად დასაფასებელი და აღსანიშნავია მათი მეგობრებისა და პარტნიორების, "მოგზაურის" და "გეოგრაფიკის" ინიციატივა, დააფინანსონ მონაწილეების გუნდი ყაზბეგიდან და სვანეთიდან, შესაბამისად. "მთის კურორტების კომპანია" 6 სპორტსმენს დააფინანსებს ბაკურიანიდან და სხვა რეგიონებიდან.

ამ მაგალითით ისინი მოუწოდებენ ყველა კომპანიას, ვისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკონომიკური განვითარებისათვის ახალი გზების ძიება მნიშვნელოვანია, ჩაერთონ პროექტში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი