საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი აცხადებს რეგისტრაციას საკვალიფიკაციო ტურზე, ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI) ეროვნული ნაკრების დასაკომპლექტებლად.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, დაიწყო შესარჩევ, საკვალიფიკაციო ტურზე რეგისტრაცია ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI).

ევროპის გოგოების ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI) მიზნად ისახავს გოგოების ჩართულობის გაძლიერებას ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სფეროში. ოლიმპიადა აერთიანებს 50-ზე მეტ ქვეყანას და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას STEM მიმართულებებში. ყოველწლიურად, ევროპის და სხვა რეგიონების მონაწილეები ერთიანდებიან, რათა გაიზიარონ თავიანთი ცოდნა პრობლემების გადაჭრისა და კომპიუტერულ მეცნიერებაში. EGOI ხელს უწყობს გოგოების კრეატიულობას, გუნდურ მუშაობასა და ალგორითმული აზროვნების განვითარებას.

საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ოლიმპიადაზე 2026 წელს უკვე მეექვსედ იასპარეზებს. გასულ წლებში საქართველომ გამორჩეული შედეგები აჩვენა: 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო. საერთაშორისო წარმატება: ქეთევან ციმაკურიძე - ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (ამჟამად სწავლობს MIT-ში).

გასული წლის EGOI მონაწილე და საქართველოს ნაკრების წევრი მარიამ ფიფია აღნიშნავს: "EGOI-მ მასწავლა, რომ ალგორითმული აზროვნება მხოლოდ ნიჭი არ არის - ეს შრომის, სისტემური ფიქრის და გამძლეობის შედეგია. სწორედ აქ აღმოვაჩინე საკუთარ შესაძლებლობებში ახალი ძალა."

ლიზი პავლიაშვილი, EGOI - 2025 მონაწილე, საქართველოს ნაკრების წევრი - "EGOI ჩემთვის მხოლოდ ტიტული არ არის - ეს არის გზა, რომელმაც დამანახა, რომ გოგოებს ტექნოლოგიებში თანაბარი შესაძლებლობები გვაქვს და შეგვიძლია დიდი მიზნების მიღწევა."

საერთაშორისო EGOI ოლიმპიადაზე მონაწილეებს ამოსახნელად ეძლევათ ალგორითმული შინაარსის მქონე რთული ამოცანები. თითოეული მოითხოვს ოპტიმალური გადაწყვეტის მოძებნას - შესაბამისი ალგორითმის დამოუკიდებლად მოფიქრებასა და მის პროგრამულ რეალიზაციას. ეს პროცესი მონაწილეებისაგან მოითხოვს რთული ალგორითმებისა და მონაცემთა სტრუქტურების სიღრმისეულ ცოდნას, ასევე დაპროგრამების ტექნიკის სრულყოფილ ფლობას.

EGOI ავითარებს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა:

  • დაპროგრამება
  • ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
  • ამოცანების ოპტიმალური გადაწყვეტის უნარი
  • თავდაჯერებულობა და კონკურენტულ გარემოში მუშაობის გამოცდილება

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრების შერჩევას, შესარჩევი ეტაპის შედეგად დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები და გაიმართება ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებულებიც გაივლიან გადამზადებას და შემდეგ საერთაშორისო EGOI ოლიმპიადაში, იტალიაში იასპარეზებენ..

შესარჩევი პირველი, საკვალიფიკაციო ტურის რეგისტრაცია ღიაა 2026 წლის 2 მარტიდან შემდეგ ბმულზე.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, BTU-ში თიბისი ბანკის გენერალური მხარდაჭერით დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ეროვნული ჩემპიონატების ორგანიზება, ნიჭიერი მოსწავლეების შერჩევა და მათი საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება. პლატფორმა უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების ფორმირებას, წვრთნასა და მხარდაჭერას ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს ინფორმატიკის ოლიმპიადებზე, რათა საქართველო ტექნოლოგიურ სფეროში ღირსეულად წარმოჩინდეს და საუკეთესო საოლიმპიადო შედეგები დააფიქსიროს.

პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ICT ასოციაცია, ლინეიტი, ეპამი და დეველოპერული კომპანია ბლოქსი.