Get All Access for $5/mo

საუკეთესო დრო რებრენდინგისთვის - გაკვეთილები Meta-სგან, Block-ისგან და სხვებისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბოლო წლებმა უამრავი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში. პანდემიის დაწყების შემდეგ, ბევრმა კომპანიამ შეძლო და უპრეცედენტო ტემპით შეიცვალა მიმართულება, ახალი ბიზნესმოდელი მოირგო. სხვებმა გაბედულება გამოიჩინეს, მოვლენები დააჩქარეს და ამ პროცესში სახელიც შეიცვალეს, სახეც და ზოგჯერ დომენის სახელიც კი. საინტერესოა, რომ მათგან ბევრი, ორივე კატეგორიაში აღმოჩნდა და საჯარო მხარეზე ასახა შიდა ცვლილებები. ამ კომპანიებს შორის იყვნენ Facebook, ახლა უკვე Meta და მობილური გადახდების კომპანია Square, ახლა უკვე Block.

საინტერესოა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი? მართალია, ჩვეულებრივ, კომპანიები მრავალი მიზეზის გამო იწყებენ რებრენდირებას, მაგრამ ამ ბოლო ტალღის უკან რამდენიმე კატალიზატორი დგას. თუ იმპულსის გამოყენებას და საკუთარი ბიზნესის რებრენდინგს გეგმავთ, რეკომენდაციებთან ერთად პოტენციურ ახსნა-განმარტებებსაც შემოგთავაზებთ ამ ცვლილებების შესახებ.

რებრენდინგი შიდა ცვლილებების ასახვა

კომპანიები უმეტესად იმ შემთხვევაში ატარებენ რებრენდინგს, როდესაც გარე ან შიდა ცვლილებების გამო მათი სახელი ან იმიჯი მოძველებული ჩანს. შიდა ცვლილებები, რომლებიც კომპანიებს რებრენდინგისკენ უბიძგებს, მომხმარებელთა სხვადასხვა სამიზნე ბაზას, ახალ პროდუქტებს, მომსახურებას, შერწყმასა და შეძენასაც გულისხმობს.

2021 წლის ოქტომბერში Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა გამოაცხადა, რომ რებრენდინგის შედეგად მედიაგიგანტი Meta-დ გარდაიქმნებოდა, რაც მინიშნებაა მეტასამყაროსკენ, რომელიც ახლა იქმნება. ასევე, საინტერესოა კომპანია Block, რომელიც მანამდე Square-ის სახელით იყო ცნობილი, ხოლო ცვლილების მიზანი პროდუქტების გაფართოებული პორტფელის უკეთ ასახვა და მზარდი ინტერესის გამოხატვა გახლდათ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მიმართ.

ამ კომპანიების რებრენდი ინვესტორებს მიანიშნებს, რომ ისინი მეტ რესურსს გამოყოფენ ახალი საზღვრების შესასწავლად და ამით დემონსტრირებენ, რომ იმ ტექნოლოგიებზე მეტს უნდა წარმოადგენდნენ, რომლებიც მათი ყოფილი სახელების სინონიმებია. ოდესღაც Meta და Block დამოუკიდებელი პლატფორმები იყვნენ, ახლა კი წამყვანი მოთამაშეები არიან და ტექნოლოგიურ ინდუსტრიას მიუძღვებიან.

კომპანიების შერწყმა და შეძენა, როგორც წესი, შიდა ცვლილებებს იწვევს, და ამასთან ერთად, მათ რებრენდინგისკენაც უბიძგებს. S&P Global 100-ის კომპანიების 74%-მა, შეძენილი აქტივის რებრენდინგი შეძენიდან შვიდი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მოახდინა. Brand Finance-მა შეისწავლა ყველა საჯარო შესყიდვა 2015 წლიდან 2020 წლამდე, რომელთა გარიგების თანხა $500 მილიონს აღმატებოდა და აღმოაჩინა, რომ შესყიდვები, რომელთა რებრენდინგიც არ მოხდა, 56%-ით ზრდიდა მყიდველისთვის სერიოზული ზიანის მიყენების ალბათობას. შესაძლოა, შიდა ცვლილებების კვალდაკვალ ჩატარებული რებრენდინგი ახალი კულტურის ჩამოყალიბებაშიც დაეხმაროს კომპანიას და როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების ორიენტაციის შეცვლაშიც.

სოციალური ცვლილებებით გამოწვეული რებრენდინგი

მეორე მხრივ, შესაძლოა გარე სოციალურმა ცვლილებებმა გახადონ იძულებული კომპანიები, დაფიქრდნენ, რამდენად მნიშვნელოვანნი იქნებიან ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში და მათ რებრენდინგისკენ უბიძგონ. მაგალითისთვის Dunkin Donuts-იც კმარა, რომლის სახელი ახლა Dunkin-ია. მიზეზი შესაძლოა საკვების მიმართ ამერიკელების დამოკიდებულების შეცვლა იყოს. Archer Daniels Midland-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელთა 77% გეგმავს, მომავალში უფრო ჯანმრთელი გახდეს. Dunkin Donuts-ს იმედი აქვს, რომ კვლავ აქტუალური დარჩება დიდი ცვლილებების ხანაში, როდესაც საზოგადოება უფრო მეტად მცენარეულ რაციონს ამჯობინებს და შაქრისადმი სიფრთხილეს იჩენს. ამის გამო გადაწყვიტა მან 2019 წელს თავისი სახელისთვის სიტყვა Donuts ჩამოეშორებინა და უბრალოდ, Dunkin გამხდარიყო.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ცვლილებები მაინც პანდემიამ გამოიწვია. McKinsey-ის თანახმად, ამერიკელების 75%-მა სამომხმარებლო ქცევასთან ერთად, ფავორიტი ბრენდების მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა. უამრავ ბრენდს მოუწია თავისი ბრენდის ან მისი ფასეულობების ადაპტირება, ახალ აუდიტორიასა და მომხმარებელთა საჭიროებებთან მოსარგებად.

Meta-ს რებრენდინგი, ერთსა და იმავე დროს, განვითარებადი ბაზრის გამოყენებაც იყო და Facebook-ის სახელთან დაკავშირებული კრიტიკისგან თავის დაღწევის საშუალებაც. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, ეს სტრატეგიული ნაბიჯი ასე სწრაფად გადადგმულიყო, მთელი წლის განმავლობაში შინ რომ არ ვყოფილიყავით გამოკეტილები. მეტასამყაროს უპირატესობებზე საუბრისას ზაკერბერგმა განაცხადა, რომ მისი გამოყენებისას ისეთი შეგრძნება შეიქმნება, "თითქოს ადამიანებთან ერთად ვართ, რაც უნდა შორს ვიყოთ სინამდვილეში ერთმანეთისგან".

სასარგებლო რჩევები თქვენი ბრენდისა და ბიზნესისთვის

როგორც ხსენებული ბრენდების მაგალითზე ვხედავთ, რებრენდინგი შესაძლოა გონივრული სტრატეგია იყოს, რათა მომხმარებლისთვისაც აქტუალური დარჩეთ და მთელი კომპანიის მასშტაბითაც განახორციელოთ ცვლილებები, მაგრამ ამასთან ერთად, შესაძლოა, მასშტაბური ღონისძიებაც იყოს. საბედნიეროდ, ცოტაოდენ წინდახედულობასაც კი შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. თუ საკუთარი ბიზნესის რებრენდინგს აპირებთ, რამდენიმე მოსაზრება უნდა გაითვალისწინოთ:

თავიდანვე განსაზღვრეთ, რა მასშტაბის ცვლილებები უნდა მოხდეს თქვენს კომპანიაში: უპირველესად, გადაწყვიტეთ რამდენს აიტანს თქვენი აუდიტორია. ზოგიერთი კომპანია სულ ოდნავ იცვლება, სხვებმა კი, როგორიცაა Block, მთლიანად გადააკეთეს სახელიც და ბრენდიც.

Block-მა კომპანიას ახალი სახელი, სახე და სტილი მისცა, მაგრამ პროდუქტები იგივე დატოვა. მართალია, თავად კომპანიაში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგრამ ამან ნაკლები გავლენა მოახდინა ადამიანებზე, რომლებიც მათი პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობდნენ. შესაბამისად, მათ მომხმარებელი არ დაუკარგავთ.

კომუნიკაციის სტრატეგია შეიმუშავეთ: საკომუნიკაციო გეგმა გადამწყვეტია მომხმარებლის ნდობისა და თავდაჯერების შესანარჩუნებლად. ნათლად აუხსენით მათ თქვენი რებრენდინგის მიზეზი და ყველა არხი გამოიყენეთ, რომლებსაც თქვენს კლიენტებთან და აუდიტორიასთან დასაკავშირებლად იყენებთ. დაარწმუნეთ ისინი, რომ თქვენს კომპანიასთან უწინდებურად შეძლებენ ურთიერთობას, და შესაძლოა, მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვალოს ყველაფერი.

საკუთარ დომენურ სახელს გადახედეთ: რებრენდირებისას თქვენი დომენური სახელი სასიცოცხლო მნიშვნელობის ინსტრუმენტია, თქვენსავე ახალი მიზნისა და ფასეულობების გამოსახატად. თქვენი დომენის შეთანხმება თქვენსავე ბრენდის ახალ სახელთან ციფრული იდენტობის შექმნაში დაგეხმარებათ. მოკლე, დასამახსოვრებელი და აღწერილობითი სახის დომენი შეარჩიეთ – ჩახლართული პრეფიქსების, სუფიქსებისა და დეფისების გარეშე. აღწერილობითი დომენი, რომელიც მნიშვნელოვან საკვანძო სიტყვებს იყენებს წერტილის მარცხნივ და მარჯვნივ, შესანიშნავი ვარიანტი იქნება აუდიტორიისთვის იმის სათქმელად, თუ ვინ ხართ და რას აკეთებთ. ეს თქვენს ახალ ბრენდს მისი სახელის ჩაბეჭდვაში დაეხმარება აუდიტორიისა და მომხმარებლების გონებაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია oat.haus და switchboard.live

კრიტიკულად შეაფასეთ თქვენი ციფრულi იდენტობა: თქვენმა რებრენდინგმა წარმატებისთვის უნდა მოგამზადოთ ცვალებად სამყაროში. ეს კი, მომავლის პოტენციურ მიღწევებზე ფიქრს მოითხოვს. მეტასამყაროს გამოჩენასთან ერთად, უზომოდ მნიშვნელოვანია, ბრენდებს ერთიანი იდენტობა ჰქონდეთ, რომელიც ასახავს, ვინ არიან ისინი და რატომ არიან მნიშვნელოვანნი. თქვენი ხმა, თქვენი იმიჯი და თქვენი დომენის სახელიც დახვეწეთ და ისიც, თუ რას ამცნობს თითოეული მათგანი თქვენს კლიენტებს.

ცვლილებებზე ფიქრი გაურკვეველ დროში

ბრენდები თავიანთი იმიჯის შეცვლაზე ზრუნვას უწინდებურად გააგრძელებენ, როდესაც პანდემიას საბოლოოდ დავაღწევთ თავს და ამავე დროს, ახალ ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებსაც გამოვიყენებთ − ბლოკჩეინით დაწყებული და სოციალური თუ ჯანდაცვის საკითხებზე ცნობიერების გაზრდით დამთავრებული.

ჩვენს სამყაროში ცვლილებები ყოველთვის იქნება, მოგებულები კი ისინი დარჩებიან, ვინც ახალი მომხმარებლების, აუდიტორიის მოზიდვას მოახერხებენ და ბაზრებზე გავლენ, სხვანი კი ჩამორჩებიან, დიდი რისკის წინაშე დააყენებენ საკუთარ თავს. ზოგიერთები წინააღმდეგობას გაუწევენ ცვლილებებს, სხვანი კი ახალ რეალობას მოერგებიან და ახალ შესაძლებლობებს გამოიყენებენ.

თქვენ რომელ ჯგუფში მოხვდებით?

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"