Get All Access for $5/mo

Self.ge – ერთ წელიწადში მიღწეული წარმოუდგენელი ზრდა ქართული სტარტაპისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur-ის მკითხველი უკვე კარგად იცნობს სტარტაპს Self.ge რომელიც HRMS-პლატფორმას წარმოადგენს და კომპანიებს ადამიანური რესურსის მართვის ციფრულ ხელსაწყოებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიას სულ ახლახან ოპერირების დაწყებიდან ერთი წელი შეუსრულდა, თუმცა დროის ასეთ მცირე მონაკვეთშიც კი, Self.ge-მ უკვე საკმაოდ შთამბეჭდავ ზრდისა და განვითარების ტემპს მიაღწია, გაზარდა გუნდი, ახალი ოფისი შეიძინა და მალე ახალი პროდუქტებით წარდგება ბაზარზე. ამ წარმოუდგენელი შედეგების შესახებ, Entrepreneur სტარტაპის დამფუძნებელ ნინო ფეიქრიშვილს ესაუბრა.

როგორც ნინო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კომპანიები IT-მიმართულებით ქართულ პროდუქტებს ნაკლებად ენდობოდნენ და უპირატესობას გამოცდილ საერთაშორისო სისტემებს ანიჭებენ, Self.ge-ს პროდუქტმა და მომსახურებამ მოახერხა და მომხმარებელთა ნდობა და აღიარება მოიპოვა.

"ჩვენთვის საამაყოა, რომ "სელფის" სისტემით 150 კომპანიის 36 000-ზე მეტი დასაქმებულის პორტფელი იმართება", − აცხადებს ნინო ფეიქრიშვილი, − "თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთმა წელმა ყველა დასახულ გეგმას და მოლოდინს გადააჭარბა. "სელფმა" შეძლო და გახდა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროგრამული გადაწყვეტილება ბიზნესსექტორისთვის და არა მარტო. მიხარია, რომ დღეს "სელფი" აერთიანებს 150-ზე მეტ როგორც დიდ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს. მიუხედავად იმისა რომ პირველ ბიზნესგეგმაში ძირითადი გათვლა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესზე გვქონდა, დღეის მდგომარეობით, ჩვენი სამომხმარებლო პორტფელის 25% მსხვილ ორგანიზაციებს უჭირავს. თუმცა განსაკუთრებით გვიხარია, რომ შევძელით ისეთი ბიზნესმოდელი შეგვეთავაზებინა ბაზრისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მცირე ზომის კომპანიებს (რომელთა გუნდის რაოდენობა 10-15 კაცს არ აღემატება) პროცესების გაციფრულების კუთხით პირველი ნაბიჯები გადაედგათ. ჩემი აზრით, გარკვეულწილად ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილად იქცა ის, რომ მცირე ზომის კომპანიებს ვაძლევთ წვდომას ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მანამდე ხელმიუწვდომელი იყო მათთვის".

და მაინც, რამ განაპირობა ამ პლატფორმის ასეთი წარმატება? Self.ge-მ ბაზარს ყველასგან განსხვავებული სისტემა შესთავაზა, რომელიც რამდენიმე ძირითადი უპირატესობით გამოირჩევა. უპირველეს ყოვლისა, ესაა დაცულობის მაღალი ხარისხი, რომელსაც სტარტაპის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერთა გუნდი უზრუნველყოფს. გარდა მონაცემთა ბაზების დაცულობისა, Self.ge-ს სისტემა მომხმარებელზე ორიენტირებული და მარტივად მოსახმარი ინტერფეისით გამოირჩევა, რაც მის ორგანიზაციაში დანერგვის პროცესს მნიშვნელოვნად აადვილებს. დაბოლოს, რაც ალბათ ამ სისტემას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის, მუდმივად განახლებადი ფუნქციონალია, რომელსაც მომხმარებლები ყოველთვიურად ხედავენ.

რამდენიმე თვის წინ Self.ge-ს პლატფორმაზე განხორციელებული ვერსიის მორიგი განახლების შემდეგ, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა შიდა კომუნიკაციის მოდული, რომლის დახმარებით, პერსონალის აღრიცხვისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვის გარდა, კომპანიებს უკვე შესაძლებლობა აქვთ სისტემიდან გააცნონ სიახლეები თავიანთ თანამშრომლებს და სამსახურებრივ საკითხებზე ეკონტაქტონ.

"ამჟამად ჩვენი გუნდი HRMS-ის განვითარების კუთხით Payroll-ზე და LMS-სისტემაზე ვმუშაობთ და მომდევნო რამდენიმე თვეში მომხმარებელს ახალ, მნიშვნელოვან მოდულებს შევთავაზებთ. თუმცა, გარდა HR-მიმართულებისა, Self.ge-ს მეორე მნიშვნელოვანი პროდუქტი პროცესების მართვის სისტემა (BPMS) იქნება, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი მუშაობის უდიდესი ნაწილი ჩვენსავე პარტნიორების ბიზნესსაჭიროებებისა და ზოგადად, ბაზრის კვლევას უჭირავს. შესაბამისად, ყოველი ახალი პროდუქტი სწორედ ჩვენი პარტნიორებისა და ბაზრის მოთხოვნების ნაკარნახევია", − გვიამბობს ნინო ფეიქრიშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ Self.ge გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპია, რომელმაც დაარსებიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში წარმოუდგენელ ზრდას მიაღწია, თუმცა მისი დამფუძნებლები, ისევე, როგორც გუნდის წევრები, მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებენ.

პლატფორმა აქტიურად მუშაობს გაფართოებაზე − როგორც პროდუქტების მრავალფეროვნების, ასევე ახალი ბაზრების ათვისების კუთხით.

"ამ ერთმა წელმა უზომოდ ბევრი რამ გვასწავლა. ძალიან დიდი სისწრაფით განვითარდა როგორც პროდუქტი, ისე გუნდი. შესაბამისად, შემიძლია უკვე თამამად ვთქვა, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რამდენიმე ქვეყანაში გავიდეთ, თუმცა უცხო ბაზრებზე გასვლას ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო უძღვის, რომელიც კანონმდებლობის შესწავლას, მის პლატფორმასთან ადაპტირებას და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესის სპეციფიკასთან გაცნობას უკავშირდება, თუმცა ეს პროცესი დაწყებულია და იმედი მაქვს, "სელფს" წლის ბოლომდე უკვე სხვა ქვეყნებშიც გაიცნობენ და შეიყვარებენ" , − აცხადებს ნინო ფეიქრიშვილი.