She Social – ქართული კრეატივი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბელა ხუციშვილის მოგზაურობა მარკეტინგის სამყაროში 2018 წელს დაიწყო. იგი გახლავთ კომპანია She Social-ის დამფუძნებელი და UGC (User-Generated Content) კურსის ავტორი.
ბელა იმ ქალთაგანია, რომელთაც თავიანთი ნიჭის, მიზანსწრაფულობის, შრომისმოყვარეობისა და პერსპექტიული ხედვის დამსახურებით შეძლეს თავის დამკვიდრება სფეროში, რომელიც საქართველოში თითქმის არ არსებობდა.
ბელა პროფესიით მარკეტოლოგია. ის არაერთ სფეროსა და სააგენტოსთან თანამშრომლობდა, თუმცა რეალური გარდატეხა მაშინ მოხდა, როცა ბაზრის "შიდა სამზარეულოში" არსებულ უსამართლობასა და მოძველებულ სტანდარტებს შეეჯახა. დაინახა, როგორ იზღუდებოდა ქალების პოტენციალი გენდერული ნიშნით.
იდეა საბოლოოდ კოვიდპანდემიის დროს ჩამოყალიბდა. იმ პერიოდში კომპანია, სადაც ბელა მუშაობდა, ბევრი სხვა ბიზნესის მსგავსად, კრიზისმა შეიწირა. სწორედ ამ გაურკვევლობის შუაგულში გადაწყვიტა, რომ ერთადერთი გზა გადარჩენისთვის საკუთარი, დამოუკიდებელი ეკოსისტემის შექმნა იყო.
"მინდოდა, შემექმნა ისეთი გარემო, სადაც სახლში ყოფნა სხვადასხვა მიზეზით, ან თუნდაც მოგზაურობა და მუდმივი ლოკაციის ცვლილება არ იქნებოდა დამაბრკოლებელი ფაქტორი, პირიქით, ინსპირაციის წყარო გახდებოდა.
She Social სწორედ ამ მისიით დაიბადა. ჩვენი მიზანია, გააერთიანოს კრეატიული, ძლიერი ქალები და დაუმტკიცოს სამყაროს, რომ ჩვენი ხმა და ჩვენი პროფესიონალიზმი საზღვრებს არ ცნობს. მაშინაც კი, თუ გარშემო ბევრი ბარიერია, მაინც შესაძლებელია მოქმედება და სასურველი შედეგების მიღება".
ბელასთვის ყველაზე დიდი გამოწვევა საკუთარი თავის პოვნა და იმ გუნდის შეკვრა იყო, რომელიც მისივე ამბიციურ და თამამ ხედვებს გაიზიარებდა. თავგადასავლების სიყვარულმა ჯერ აფრიკაში, შემდეგ კი ევროპაში გადაისროლა.
ემიგრაციაში ყოფნისას, სრულიად უცხო გარემოში, მოუწია დაემტკიცებინა, რომ სამუშაო, რომელიც ემიგრანტებისთვის სტანდარტულად მიიჩნეოდა, მისთვის საკმარისი არ იყო და მარკეტინგის სფეროში საერთაშორისო დონეზე მუშაობა შეეძლო. გამოწვევა იყო იმ ადამიანების პოვნაც, რომლებიც უშიშრად "შეერკინებოდნენ" გლობალურ ბაზარს. ეს გუნდი ბელამ საკუთარი სტუდენტებისგან შექმნა.
"ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან რთული იყო 300-ზე მეტი ადამიანის მოტივირება და მათი დარწმუნება, რომ როგორც საქართველოში, ისე ემიგრაციაში მსოფლიო დონის ბრენდებთან მუშაობა სავსებით რეალურია.
დღეს ვამაყობ, რომ ეს საქმე საერთოდ წამოვიწყე. ჩემი სააგენტო She Social და ის უნიჭიერესი და კრეატიული ახალგაზრდა ქალბატონების საზოგადოება სწორედ ამ ბრძოლის შედეგია.
საზოგადოებას ქალისთვის, განსაკუთრებით კი ემიგრანტი ქალისთვის, წინასწარ აქვს მომზადებული "როლები", რომლებიც ხშირად მხოლოდ ფიზიკურ შრომასთან ასოცირდება. მე უარი ვთქვი ამ როლის მორგებაზე და გადავწყვიტე ჩემი პროფესიის ფარგლებში მეპოვა რაღაც ახალი, რაც მოქმედებას უფრო გამიმარტივებდა. სწორედ ასე შემომესწავლა UGC (User-Generated Content) მარკეტინგი, სფერო, რომელიც მაშინ საქართველოში თითქმის არ არსებობდა და ამერიკულ ბაზარზეც ყველა მწირ ინფორმაციას აზიარებდა".
ბელა მიხვდა, რომ ეს ცოდნა მხოლოდ მისი კი არა, სხვა ასობით გოგოს გადარჩენისა და ინსპირაციის გზა გახდებოდა. დღეს ბელას სტუდენტები ევროპასა თუ ამერიკაში წარმატებულ კონტრაქტებს აფორმებენ და საყვარელი საქმით ტკბებიან, ეს არის ყველაზე დიდი პასუხი სტერეოტიპებზე.
"ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქალს შეუძლია იყოს პროფესიონალი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. აკეთოს საქმე, რომელიც აბედნიერებს და მისი ანაზღაურება თუ სტატუსი არ უნდა განისაზღვრებოდეს ძველი, უსამართლო შეხედულებებით".
ამიტომ სტუდენტებს ასწავლის არა მხოლოდ მარკეტინგს, არამედ იმას, თუ როგორ თქვან თამამად "მე ეს შემიძლია". სჯერა, რომ შრომას ყოველთვის აქვს აზრი და არაფერი ხდება შემთხვევით.
"იყავით დაუნდობლები საკუთარი მიზნების მიმართ და ნაზები საკუთარი თავის მიმართ. შემოიკრიბეთ ისეთი ადამიანები, ვინც თქვენს ენერგიას კი არ ფიტავენ, აორმაგებენ. ვისაც თქვენი ოცნებებისა და შესაძლებლობების შესაძლოა თქვენზე მეტადაც კი სჯეროდეს.
ანტრეპრენერობა არის მარათონი და ამ ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე გზაზე თქვენი მთავარი მოკავშირე თქვენივე დაუღალავი შრომა და ხედვაა. როცა ევროპაში UGC მარკეტინგის ძალა აღმოვაჩინე, შემეძლო ეს ინფორმაცია მხოლოდ ჩემი წარმატებისთვის გამომეყენებინა, ისე როგორც ამას ბევრი ადამიანი აკეთებდა, მაგრამ ანტრეპრენერული ხედვა სწორედ იმაშია, რომ ეს ცოდნა 300-ზე მეტ ქალს გავუზიარე და მათთან ერთად შევქმენი ეკოსისტემა. ანტრეპრენერი არის თავისუფლების არქიტექტორი. ის, ვინც აშენებს ხიდებს იქ, სადაც სხვები კედლებს ხედავენ".
ბელა გაჩერებას არ გეგმავს. მისი ხედვა სცდება მხოლოდ ერთი სააგენტოს ფარგლებს და უნდა, რომ წამოწყება She Social გლობალური მოძრაობა გახდეს, რომელიც ქართველი ქალების კრეატიულობას მსოფლიო ბრენდად აქცევს.
"ჩვენი გეგმაა, კიდევ უფრო მეტად გავფართოვდეთ საერთაშორისო ბაზარზე და ჩემი 300-ზე მეტი სტუდენტი სრულად იყოს ინტეგრირებული დიდ, ტრანსნაციონალურ პროექტებში.
ჩვენ ვაშენებთ მომავალს, სადაც განათლება, მხარდაჭერა და დასაქმება ერთიან ჯაჭვშია. მინდა, რომ ნებისმიერ ქალს, რა სირთულეების წინაშეც არ უნდა იდგეს ის, ჰქონდეს იმედი, რომ არსებობს სივრცე, სადაც მას დააფასებენ და მისცემენ შანსს. ჩვენი მიზანია დავამტკიცოთ, რომ ქართულ კრეატივს არ აქვს საზღვრები და ჩვენი სიტყვა საერთაშორისო მარკეტინგში სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა ისმოდეს".