Get All Access for $5/mo

შესაძლებლობა, რომელიც ანგრევს სტერეოტიპებს გაიცანით სატვირთოების მექანიკოსი ქალები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ალექსეი სეროვი

თუ შენი პროფესიით ამაყობ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმესაც პასუხისმგებლობით ეკიდები და სხვებისათვის მაგალითის მიცემაც შეგიძლია. ამის დასტურია "თეგეტა თრაქ ენდ ბასში" დასაქმებული მექანიკოსი ქალების ისტორიაც.

პროფესიას რომ არ აქვს გენდერი, "თეგეტა თრაქ ენდ ბასში" ურყევად სჯერათ, ამიტომ კომპანია ქალთა გაძლიერების მხარდამჭერ ამავე სახელწოდების კამპანიაში − "პროფესიას არ აქვს გენდერი" ჩაება. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ცვლილებისთვის" პარტნიორობით ხორციელდება და მის ფარგლებში, პირველად საქართველოში, "თეგეტა აკადემიაში" მექანიკოსობით დაინტერესებული ქალები გადაამზადეს. თეორიულ სწავლებას პრაქტიკა და საბოლოოდ, კომპანიაში დასაქმება მოჰყვა.

Entrepreneur-ი სასწავლო პროგრამის მონაწილე სამ ახალგაზრდა ქალს წარმოგიდგენთ, რომლებიც თავად გვიყვებიან საკუთარი მოტივაციისა და არასტერეოტიპული ხედვის შესახებ:

ნათია ბერაშვილი 20 წლისაა და სტერეოტიპების ნგრევა, როგორც სატვირთო ავტომობილის მომავალმა მექანიკოსმა ქალმა, უკვე დაიწყო. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა ე.წ. მამაკაცების პროფესიულ სამყაროში შებიჯება ორი მიზეზით გადაწყვიტა:

  1. ვერ გაუძლო ექსკლუზიურობის ცდუნებას, რომ გამხდარიყო ქვეყანაში პირველი სატვირთო ავტომობილის მექანიკოსი ქალი;
  2. ეპოვა და გაეზიარებინა საერთო ინტერესი, ერთგვარი გადაკვეთის წერტილი, სატვირთო ავტომობილის მძღოლ მამასთან, რომელთანაც ახლა უკვე სატვირთო ავტომობილის აგებულების მექანიზმებსა თუ ნაწილებზე თამამად შეუძლია საუბარი.

"მამას მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი. სწორედ მისი გავლენით, ავტომანქანა ჩემთვის უცხო არასოდეს ყოფილა. მამას სატვირთო ჰყავდა და შესაბამისად, ახლოს მიწევდა მასთან ტრიალი. ყველას ჰგონია, რომ ამ სფეროში მუშაობისათვის განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებია საჭირო. სინამდვილეში, აქ, ჩვენს სერვისცენტრში, ბევრი რამის გაკეთება ისეც შეიძლება, რომ ღონეზე მეტად ხერხმა იმუშაოს. ცხადია, საჭიროა თეორიული ცოდნა და გარკვეული უნარები, რათა საქმე კარგად გააკეთო. დარწმუნებული ვარ, ბევრ ქალს ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოუვა, თუ გადაწყვეტენ, რომ გამოცადონ საკუთარი თავი ავტო მექანიკის სფეროში", − ამბობს ნათია ბერაშვილი.

სტერეოტიპების ნგრევაში ნათიას კიდევ ორი ქალი შეუერთდა. ერთად შეეჭიდნენ პროფესიას, რომელიც, როგორც თვითონ ამბობენ, "კაცურ საქმედ" მიიჩნევა.

"ხშირად გვინახავს მომხმარებლის გაოცებული სახე, როდესაც ქალ მექანიკოსს ხედავენ, შემდეგ კი მათი გულწრფელი მხარდაჭერა იგრძნობა. ასევე, უნდა აღვნიშნო გუნდი, რომელიც აქ დაგვხვდა. თითოეული მისი წევრი გვერდით გვიდგას. თანამშრომლებმა კარგად მიგვიღეს და ადაპტაციის პერიოდში ძალიან გვეხმარებიან. სხვა ქალებს კი, ვისაც ეს სფერო აინტერესებთ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ვერ ბედავენ, ვეტყოდი, რომ არაფრის შეეშინდეთ და აუცილებლად მოსინჯონ ძალები. დიდხანს ვიყავი ძიების პროცესში. ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ არა ძიების, არამედ ჩემ მიერ არჩეულ სფეროში განვითარების საინტერესო ეტაპზე ვარ", − ამბობს ნონა წიკლაური.

პროფესიის შეცვლას არ აპირებს არც 22 წლის სალომე ჩხვიმიანი და ქალებს მოუწოდებს, არასდროს თქვან უარი საკუთარ სურვილებზე.

"სიმართლე გითხრათ, ავტოინდუსტრიისა და მექანიკოსობისადმი აქამდე განსაკუთრებული ინტერესი არ მქონია. "თეგეტას" შემოთავაზება თან მიმზიდველი იყო და თან, ამავე დროს, გამოწვევა, რომელსაც საპასუხოდ გაბედული გადაწყვეტილება სჭირდებოდა. მივიჩნიე, რომ ეს იყო სიახლე, რომელშიც აუცილებლად უნდა მომესინჯა ძალები. მოლოდინი გამიმართლდა. ფაქტია, რომ ეს პროექტი ჩემს ცხოვრებაში ახლი ეტაპის დაწყების კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა. ქალებს აუცილებლად ვურჩევდი ამგვარ საქმიანობებში ძალების ცდას", − სალომე ჩხვიმიანი.

ქალთა გაძლიერების თემებს "თეგეტა მოტორსში" ამაყად უჭერენ მხარს და აქტიური წვლილი შეაქვთ გენდერული კუთხით დამკვიდრებული სტერეოტიპების ნგრევაში.

"ჩვენთვის ქალების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და ამ მიმართულებით ბევრ აქტივობას ვახორციელებთ. ეს პროექტი თავიდანვე გახდა "თეგეტას" მთელი გუნდისთვის ერთ-ერთი გამორჩეული. ამ ძალიან მაგარმა გოგოებმა არჩევანი საავტომობილო სფეროზე შეაჩერეს და დღეს, პირველად საქართველოში, გვყავს სატვირთოს ქალი მექანიკოსები.

ყველას სიამაყის განცდა გვეუფლება, როცა ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ მუშაობენ გოგოები "თეგეტა თრაქ ენდ ბასის" სერვისცენტრში სატვირთო მანქანებთან, ერთვებიან პროცესებში, აუმჯობესებენ ცოდნასა და უნარებს, და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ მთავარია გიყვარდეს შენი საქმე და ყველაფერი გამოვა", − ნათიკა ბერძული, "თეგეტა მოტორსის" სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ნონა, ნათია, სალომე − მექანიკოს ქალებს "თეგეტა თრაქ ენდ ბასის" სერვისცენტრში ვესტუმრეთ. ინტერვიუს დროსაც თვალი სატვირთოებისკენ გაურბოდათ, ელექტრობა იყო შესაკეთებელი. პროფესია რომ სწორად შეარჩიეს, ზუსტად იციან და სერვისცენტრში ახალ ქალ თანამშრომლებს ელიან.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან