Get All Access for $5/mo

შიდა ტურიზმი Covid-19-ის პირობებში ბიზნესის კონსულტანტის - გიორგი დოლიძის შეფასება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კორონავირუსის გამო რამდენად დიდი ზარალი განიცადა მსოფლიომ და უშუალოდ ჩვენმა ქვეყანამ, ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი. როდესაც ვირუსის გავრცელებას პირველად ეწოდა ეპიდემია და დაიწყო მთელი რიგი მსოფლიო შეზღუდვები, მაშინვე პირველი დარტყმა და დანაკარგი ტურიზმის სფერომ განიცადა. დაიწყო რეზერვაციების ტოტალური გაუქმებები და კოლაფსი. ამას მოყვა ქვეყნის ჩაკეტვა და შემდეგ უკვე კრიტიკული პერიოდი − კომენდანტის საათი და საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვები.

ცხადია, იმ პერიოდში შიდა ტურიზმზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, თუმცა კარგად გვქონდა გააზრებული, რომ საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენა 2020 წელს წარმოუდგენელი იქნებოდა და აუცილებელი იყო სასწრაფოდ ბაზარზე ცვლილებები, რომლებიც შეზღუდვების მოხსნისთანავე მიმართული იქნებოდა შიდა ტურიზმის გამოწვევისკენ. თავისთავად ცხადია და მაშინაც მოლოდინი ასეთი იყო, რომ თბილისის სასტუმროები ყველაზე ცუდ დღეში იქნებოდნენ, რადგან შიდა ტურიზმის ჭრილში წარმოუდგენელი იყო დედაქალაქში ქართველის ტურისტად ან დამსვენებლად ჩამოყვანა. აქედან გამომდინარე, დღესაც თბილისის სასტუმროების ძირითადი ნაწილი დახურულია, მათი თანამშრომლების გარკვეული ნაწილი რეგიონის სასტუმროებში დასაქმდა და ამაში მონაწილეობა ჩვენც მივიღეთ, ზოგსაც კი სფეროს დროებითი შეცვლა მოუწია.

პოსტპანდემიური სიტუაციის შემდეგ, უკვე შიდა ტურიზმზე მორგებული სტრატეგიებით მოვემზადეთ და გავხსენით ჩვენი სასტუმროები, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს და ერთმანეთისგან განსხვავებული კონცეფციები აქვთ. ამაში ალბათ გაგვიმართლა. ბაზარს შევთავაზეთ ჩვენი მოსახლეობისთვის მისაღები ფასები და ისეთი მიმზიდველი და მრავალფეროვანი ლოკაციები, როგორიცაა მესტია, შეკვეთილი, კახეთი, და ვამზადებდით ყაზბეგის სასტუმროს პროექტს პირველად გასახსნელად, რომელზე მუშაობაც 2019 წლის პირველ კვარტალში დავიწყეთ.

შიდა ტურიზმის პირობებში რეგიონის სასტუმროების დატვირთულობამ და ქართველების აქტიურობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მესტიაში სასტუმრო ფაქტობრივად 80-90%-ზე მუშაობდა ივნისში, ივლისსა და აგვისტოს გარკვეული პერიოდი. თუმცა მოულოდნელად იფეთქა ვირუსმა სვანეთში, რამაც ხელმეორედ გაანადგურა ვითარება. იმ პერიოდში სასტუმროში ყველა ნომერი დაკავებული გვქონდა და მოგვიწია სტუმრების დატოვება საკარანტინო სტატუსით, რომლებსაც 2 კვირა მოუწიათ გაჩერება. მას შემდეგ კიდევ მივიღეთ რამდენიმე საკარანტინო ჯგუფი და მესტიაში ყველაფერი გაჩერდა. ამასობაში სეზონიც გავიდა და დღეს მესტია ისევ ცარიელია.

რაც შეეხება შეკვეთილის სასტუმროს, საკონსულტაციო მომსახურების პერიოდში, ქართველებმა აქაც იაქტიურეს და სწორმა მიდგომამ მოკლე ვადაში ნორმალური შედეგი გვაჩვენა. ბათუმის კლასტერის აფეთქების შემდეგ ზღვისპირეთიც დაცარიელდა, ამასობაში სეზონიც გავიდა, ეს კი პირდაპირ აისახა განთავსების ობიექტებზე.

გადმოვინაცვლოთ აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც კახეთში ახალი სასტუმრო გავხსენით. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს პირველად გახსნა და ბაზარზე პირველადი პოზიციონირება პანდემიისა და გაზრდილი კონკურენციის პირობებში გვხვდა წილად და ეს ძალიან დიდი რისკი იყო გუნდისთვის. თუმცა, სწორმა ხედვამ, ბაზრის სათანადო კვლევამ და შესაბამისმა სტრატეგიებმა უზრუნველყო ობიექტის პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე და 15 აგვისტოდან დღემდე ყველა უიქენდი არის 100%-ით დატვირთული, ხოლო სამუშაო დღეები 50%-60%-ით. აქედან ყველა სტუმარი ქართველია და ძალიან აქტიურად იღებენ სასტუმროს აქტივობებში მონაწილეობას, როგორიცაა მაგალითად, რთველი, ღვინის ტური, მასტერკლასები და ა.შ. სასტუმროს ტერიტორია იდეალურია ქორწილებისა და ღონისძიებებისათვის, რაც იჯდა ჩვენს სტრატეგიაში, მაგრამ ისევ და ისევ ვირუსის მეორე ტალღამ შეაფერხა ეს მიმართულება. ჯერჯერობით ყველაზე ნაკლებად კახეთს შეეხო მეორე ტალღის აფეთქება, თუმცა ეტაპობრივად უკვე დაიწყო დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების გაუქმება, რაც ძალზე უარყოფითად აისახა ოქტომბრის ბოლოზე, ნოემბერსა და დეკემბერზე. ოთახების დატვირთულობის კუთხით, კარდენახში ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ტემპს და თითქმის ყველა არასამუშაო დღე თვის ბოლომდე ისევ 100%-ით დატვირთულია ნომრების წინასწარი ჯავშნებით, ხოლო სამუშაო დღეებზე გავაკეთეთ სპეციალური აქცია და 30%-იანი ფასდაკლება შევთავაზეთ პოტენციურ სტუმრებს იმ იმედით, რომ ინდივიდუალური დამსვენებელი კვირის დღეებსაც გამოიყენებს.

ქართველი ტურისტების ძირითადი სეგმენტი მაინც დედაქალაქიდან იყო ყველა მიმართულებით. აჭარასა და მესტიაში შესაბამისად ერთ რეზერვაციაზე საშუალოდ 3 ღამე მოდიოდა. ვინაიდან თბილისიდან მესტია საკმაოდ შორსაა, ერთი ღამის გამო ხალხი ნაკლებად დადის. ამიტომაც ასე მკაცრად გამოყოფილი სამუშაო და არასამუშაო დღეების დატვირთულობა არ გვქონია. მეტ-ნაკლებად სტაბილური მაჩვენებელი იყო. რაც შეეხება შეკვეთილს, აქაც საშუალო ღამისთევა თითო რეზერვაციაზე 3 და მეტი ღამეა, თუმცა აქ უფრო ოჯახები ჭარბობდნენ, რომლებსაც ბავშვებიც ახლდათ, ვიდრე წყვილები და ძალიან ატიური დასვენების მოყვარულები. თუმცა იყო ხალხის კატეგორია, რომლებიც მეგობრებთან ერთად შეკვეთილში ჩერდებოდნენ, რათა ჰქონოდათ ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მაგნიტური ქვიშის საკუთარი პლაჟი, ღია აუზი და საღამოს მიდიოდნენ ბათუმში აქტიური ნაწილის გასატარებლად. კახეთის თბილისთან სიახლოვემ განაპირობა 100%-იანი დატვირთულობა პარასკევს, შაბათს და კვირას, და გამოყო სამუშაო დღეები. ობიექტი 15 აგვისტოს გავხსენით და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ რთველის სეზონამდე სტუმრების 80% იყვნენ მეგობრები, წყვილები, თანამშრომლები, რომლებიც ქალაქის ქაოსიდან გასვლას ვიქენდზე ცდილობდნენ ისეთ ლოკაციაზე, სადაც ღია აუზი, ხედი, განსაკუთრებული სამზარეულო და სარეკრეაციო ზონები დახვდებოდათ. რთველისა და ღვინის ტურების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა ამოიწურა აუზისა და გარე სივრცეების სეზონი. ბევრი ოჯახი გვესტუმრა ბავშვებით, რათა ერთობლივად მიეღოთ მონაწილეობა რთველში, მასტერკლასებსა და ღვინის ტურებში. ამით დაბალანსდა სეგმენტი და უახლოეს პერიოდში კიდევ ვგეგმავდით ძალიან საინტერესო ღონისძიებებს, რომლებიც მიმზიდველი იქნებოდა ყველა ტიპის მოგზაურისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიის მეორე ტალღა ამის საშუალებას გვართმევს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებდი ქართულ ტურისტულ კომპანიებს და პანდემიამ ეს სეგმენტი უკიდურესად აზარალა. ზაფხულის დასაწყისში, როდესაც სასტუმროები და რესტორნები გაიხსნა, ხალხმა მოძრაობა დაიწყო და ნაწილობრივ ამუშავდა შიდა ტურიზმი. თუმცა, როდესაც შიდა ტურიზმზე ვსაუბრობთ, საქართველოში ჯერ მკაფიოდ არ არის ის კულტურა ჩამოყალიბებული, რომ ქართველმა მისსავე ქვეყანაში დასასვენებლად ტურისტულ კომპანიას მიმართოს. ყოველთვის ცდილობენ "მარტივად", პირდაპირ სასტუმროში გააკეთონ რეზერვაცია და შუა რგოლის მონაწილეობას თავი აარიდონ. ეს სტანდარტი რომ დაინერგოს და გაჯდეს მენტალობაში, ამაზე ძალიან ბევრია სამუშაო, როგორც სასტუმროების, ასევე ტურისტული კომპანიების მხრიდან. ტურისტული კომპანიებისთვის ერთადერთი გადარჩენის გზა იყო შიდა ტურიზმის ფარგლებში სასტუმროების გაყიდვა, რაშიც ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუწყეთ და სპეციალურად იმისთვის, რომ ბაზარზე ოპერირებისა და სიცოცხლის შენარჩუნების საშუალება ჰქონოდათ, გავატარეთ მათთვის ისეთი საფასო პოლიტიკა, რომელიც სტანდარტული სიტუაციისგან, სასტუმროების გამოცხადებული ფასებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა და ამით მივეცით საშუალება გამოეწვიათ პოტენციურ მოგზაურებში ინტერესი ფასის დიდი სხვაობისა და დანაზოგის შესაძლებლობით. მიდგომამ გაამართლა − ტურისტულმა კომპანიებმა ძალიან იაქტიურეს, კარგი რეკლამაც გაგვიკეთეს მათ სოც. მედიაში და საბოლოო ჯამში მივიღეთ კრიზისის დროს ერთმანეთის დახმარებით გარკვეული შედეგები, რომლებიც ორივე ბიზნესს წაადგა.

პანდემიის დროს ტურიზმი საქართველოში რადიკალურად გადავიდა სხვა რელსებზე, რამაც, გარკვეულწილად, შეცვალა სტრატეგიები და მიდგომები. გამოვყოფდი რამდენიმე საკითხს. ქართველი ტურისტი არის ერთ-ერთი ყველაზე პრეტენზიული მოგზაური თავის ქვეყანაში. აქამდე მიჩვეულები ვიყავით თურქეთსა და მსგავს კურორტებზე დასვენებას, სადაც, უნდა ვაღიაროთ, მაღალი დონის მომსახურება გვხვდებოდა და ფასები გადაფრენიანად არც აღემატებოდა ღირებულებას, რომელიც ოჯახთან ერთად იგივე ტიპის დასვენებაში აჭარაში უნდა გადაეხადა. საზღვრების ჩაკეტვამ გამოიწვია ფასების ჩამოწევა და ხალხი, რომელმაც ქვეყანა ვერ დატოვა, მაგრამ ჰქონდა საშუალება, დასვენებაში თანხა გადაეხადა, გადაწყვიტა თავისივე ქვეყნის უკეთ მონახულება, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო სასტუმროების დატვირთულობაზე.

ამასთანავე, ქართველებმა ნახეს, რომ ყოველთვის სხვაგან გაფრენა არაა აუცილებელი, რადგან ჩვენს ქვეყანაშივე შეგვიძლია ხანდახან განვიტვირთოთ, მაგრამ არა ყოველთვის. ქართველი ტურისტების გაზრდილმა ნაკადმა ერთმნიშვნელოვნად გაზარდა სასტუმროებს შორის კონკურენცია, უშუალოდ მომსახურების ხარისხისა და სისუფთავის მიმართულებით, რაც არაბრენდული მცირე ზომის ობიექტების ხშირი ტკივილია. ამან დაანახა პატარა და საშუალო სასტუმროების/რესტორნების მფლობელებს და მენეჯერებს, რომ აქამდე თუ გათვლა ჰქონდათ ისეთ უცხოელ ტურისტზე, რომელიც ერთჯერადად ჩავიდოდა და მათი განმეორებითი ვიზიტიც დიდად არ აღელვებდათ, ქართველის სახით უკვე იმდენად პრეტენზიული და "საშიში" ტურისტების მიღება უწევდათ, რომ ასეთ კონკურენტულ გარემოში ხარისხის გაზრდაზე ზრუნვა თუ გადაარჩენდათ. ამ მომენტში დაფიქრდნენ, რომ ქართველს ყოველთვის მოყვება თავისი მეგობარი, მუდამ ხდება მიპატიჟება და Word of Mouth ჩვენს ქვეყანაში მოწოდების სიმაღლეზეა. მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მეპატრონეები მიხვდნენ და ნაწილობრივ დაუჯერეს მათ მენეჯერებსა თუ კონსულტანტებს, რომ მომსახურებისა და კვების ხარისხის აწევის გარდა, გამოსავალი არ ჰქონდათ. ამიტომაც, იზრუნეს და ასე თუ ისე, უნდა ვთქვათ, რომ მცირედი წინსვლა გვაქვს. იმედია, საზღვრების გახსნის მერე არ მისცემენ თავს უფლებას, რომ მოეშვან, რადგან სახელმწიფო საკმაოდ დიდ ბიუჯეტსა და რესურსს ხარჯავს ქვეყნის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის. ჩამოსულ ტურისტს კი აუცილებლად უნდა დახვდეს შესაბამისი ხარისხი, რათა უარყოფითი შედეგები არ დადგეს მომავალში. საერთაშორისო ვიზიტორის კმაყოფილების დონის შედეგი კი, რაც უნდა იყოს, სწორედ სასტუმროებში, რესტორნებსა და ტურისტული კომპანიების მიერ ორგანიზებულ ტურებში ყალიბდება და ამაზე სახელმწიფოს ბერკეტი ჯერჯერობით არ გააჩნია.

გამოდის, რომ თითოეული ჩვენგანი, თითოეული გესთჰაუსისა თუ მცირე სასტუმროს მფლობელი და პერსონალი თამაშობს წამყვან როლს ქვეყნის პრესტიჟსა და პოპულარიზაციაში გლობალურ ბაზარზე. თუ ტურისტები წავლენ მოტყუებულები და უკამყოფილოები, აი, ის ბიუჯეტიდან გაღებული რეკლამის ფულადი სახსრები, რომელიც ისევ ჩვენი ჯიბიდან მიდის, იქნება ფუჭი და ჰაერში გასროლილი. ხშირად მქონია შემთხვევა, მივსულვარ კახეთის ღვინის ერთ-ერთ პატარა მარანში და თუ გამომითქვამს სურვილი, რომ შევიძენდი ღვინოს, მიმიღია უარი არგუმენტით, რომ ქართველებზე არ ყიდდნენ. თუ რატომ, პასუხი მარტივია − ხელოვნურად აგდებენ ღვინის ხარისხს მეტი მოგებისთვის, ამას ტურისტების უმრავლესობა ვერ ხვდებოდა, ხოლო ვინც ხვდებოდა, ალბათ იფიქრებდა, ქვეყანას ღვინო არ უვარგაო. შექმნილი მოლოდინი კი მაშინვე ემოციურად დაეცემოდა.

ფაქტი, რომ თბილისი შიდა ტურიზმს ვერ მოერგებოდა და გაჩერდა, ცხადია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სასტუმროების უმეტესობა, ბრენდული თუ არაბრენდული, ქალაქში დაკეტილია. ამის გამო, ბუნებრივია ამდენ თანამშრომელს ხელფასებს ვერ გადაუხდიდნენ და ბევრი კარგი კადრი დარჩა სამსახურის გარეშე ან ძალიან მიზერული ანაზღაურებით, რომელიც საარსებოდ წარმოუდგენელია. რეგიონის სასტუმროების მფლობელებს, რომლებიც გახსნილები იყვნენ და მუშაობდნენ, მივაწოდეთ იდეა, ეს ხალხი დროებით დაესაქმებინათ ნორმალური სახელფასო განაკვეთით და ორი საქმე ერთად გამოვიდოდა. პირველი, აიწევდა მათი ხარისხი და სხვა თანამშრომლები კარგად დატრენინგდებოდნენ, და მეორე − უსამსახუროდ დარჩენილი პროფესიონალებიც დროებით, თბილისის გახსნამდე დასაქმდებოდნენ. მათ შორის რამდენიმე ჩვენი მართვის ქვეშ მყოფ სასტუმროშიც შევძელით მსგავსი კადრის დაბინავება. რეგიონის მცირე სასტუმროების ჭკვიანმა მფლობელებმა, რომლებმაც იდეაში დაინახეს სინერგიის ეფექტი, მართლაც რომ შესთავაზეს ამ ხალხს სამსახური და დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამ დროებითმა როტაციამ თავისი შედეგი დადო.

პანდემიის დროს ბევრმა ახალგაზრდა წყვილმა თუ მეგობარმა ნამდვილად აღმოაჩინა საქართველო და ქვეყნის კულტურა. მოგზაურობას მოწყურებულმა და მიჩვეულმა ხალხმა დაიწყო სხვადასხვა ადგილზე ლაშქრობა, იქაურ გესთჰაუსებში გაჩერება და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება. ამან თავისთავად ხელი შეუწყო როგორც მოქალაქეებისთვის ქვეყნის ღირებულებების წამოწევას, ასევე სოფლებსა და დაბებში არსებული გესთჰაუსების მუშაობას და ადგილობრივებში მცირედი, მაგრამ გარკვეული თანხების მობილიზებას.

შევეხები საკარანტინე ზონებად სასტუმროების გადაკეთებას და ვიტყვი, რომ ამ იდეამ ძალიან შეუწყო ხელი თბილისსა და რეგიონებშიც კონკრეტული სასტუმროების გადარჩენას. განსაკუთრებით გამოვყოფდი თბილისს, რადგან ყველა მხრიდან გაჩერებულ ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებდა Covid-19-თან ბრძოლისა და უსაფრთხოების სტანდარტს და თანახმა იყო კარანტინის მიღებაზე, შეძლეს და თანამშრომლები შეინარჩუნეს. ეს დიდი საქმეა.

აქვე დავამატებ, რომ აქტიურად ვმუშაობდით და ვმუშაობთ მთელი ეს პერიოდი. არის მიმდინარე სასტუმრო პროექტები − როგორც დედაქალაქში, აგრეთვე რეგიონებში, რომლებიც მშენებლობის ეტაპზეა და მათი გახსნა 2021-2022 წლებში იგეგმება. მთავარია, ბანკებმა არ შეწყვიტონ პროექტების დაფინანსება პანდემიით შექმნილი არასტაბილური გარემოდან გამომდინარე, ვინაიდან უწევთ დააფინანსონ ამ ეტაპზე ყველაზე დაჩაგრული და კრიზისული მიმართულება და რისკსაც სხვაგვარად უყურებენ. იყო მსგავსი შემთხვევები, როცა ბანკმა დროებით თავი შეიკავა სესხის დამატებისგან, რაც პირდაპირ აისახა ინვესტორებზე, შედეგად კი დროებით დაპაუზდა მშენებლობა.

მუდმივ რეჟიმში ვართ კომუნიკაციაში როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან და 2021 წლისთვის ჩვენი ობიექტებისთვის გვაქვს საკმაოდ ბევრი რეზერვაცია და დიდი მოთხოვნა. 2021 წლის რეზერვაციების ნაკადს თუ შევხედავთ, ვერც ვიტყვით, რომ კორონავირუსი ჯერ კიდევ არსებობს. ახლა, მთავარია, 2020 წლის მიწურულს დაიწყოს საზღვრების გახსნა და დაინიშნოს რეგულარული რეისები მისაღებ ფასად. 2021 წლის სეზონი წინასწარი ჯავშნებით ფაქტობრივად სავსეა. სტანდარტულ გარემოში რომ ვიყოთ, ამ ჯავშნებიდან გარანტირებულ ჯავშნებზე დეპოზიტებსაც მოვითხოვდით, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ზედმეტია. აქედან გამომდინარე, ყველა რეზერვაცია რისკის წინაშეა და დამოკიდებულია ისევ ფრენების განრიგსა და შეზღუდვებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნაზე რომ იყოს ტურიზმის აღდგენა დამოკიდებული, საკმაოდ სწრაფი ტემპით აღდგებოდა, თუმცა მთავარია მორჩეს პანდემია და დადგეს სრულად რეგულარული რეისები, რაც სავარაუდოდ, 2 წელი გასტანს. ამიტომ, ამ სფეროს ყველა წარმომადგენელი მოუთმენლად ველით მომავლის პერსპექტივებს და თავისთავად ვაცნობიერებთ, რომ უმთავრესი და უპირველესი მოსახლეობის ჯანმრთელობაა.

გიორგი დოლიძე

სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში