Get All Access for $5/mo

"შრომას ყველაფერი კარგის მოტანა შეუძლია" - uzupo-ს წარმატებული სტარტი 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გიორგი ჭარელმა ხმის დიზაინის სტუდია uzupo-ს დაფუძნება სფეროში მუშაობის შემდეგ მიიღო. როგორც თავად ამბობს, საქმე იმდენად შეუყვარდა, გადაწყვიტა, მიზნები ამ მიმართულებით დაესახა და მათ განხორციელებაზე ეზრუნა.

ამბობს, რომ შესაბამისი გუნდის გარეშე მუშაობა წარმოუდგენელია და შედეგიც სწორედ კარგად შერჩეულ ადამიანებთან ერთად მიიღწევა.

"ამიტომ 1 წლის განმავლობაში ვცდილობდი, მომეგროვებინა სწორი და საინტერესო ადამიანები, გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და ერთად შეგვექმნა პრეცედენტი, რომ, მიუხედავად იმისა, საიდან ხარ, რა გაქვს გამოვლილი, რა სახის დაბრკოლება შეგხვედრია ცხოვრებაში, ნიჭსა და თავდაუზოგავ შრომას ყოველივე კარგის მოტანა შეუძლია", − გვიყვება გიორგი ჭარელი.

ხმის დამუშავებისა და მისი პოსტპროდუქციის ბაზარი, ანტრეპრენერის თქმით, ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში საკმაოდ შეზღუდული იყო. მიუხედავად იმისა, რომ კინემატოგრაფიას ჩვენს ქვეყანაში საუკუნოვანი ისტორია აქვს, ბაზარზე ხმის დიზაინის სტუდიები მცირე რაოდენობით გვხვდება. uzupo სწორედ ამ დანაკლისის შევსებაზე მუშაობს.

Entrepreneur-თან ინტერვიუში გიორგი ჭარელი ჰყვება, რომ საწყის ეტაპს ბევრი სირთულე ახასიათებს. საჭიროა დიდი შრომისა და რესურსის გაღება იმისათვის, რათა მომდევნო ეტაპებზე იმავე სირთულეებმა არ იჩინოს თავი.

მთავარი სირთულე საწყის ეტაპზე სტუდიის მოწყობა იყო − როგორც გიორგი იხსენებს, ჰქონდათ ყველაფრის გამართვის იდეა, თუმცა ფიზიკურად განხორციელება არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

"ეს ყველაფერი რთული იმ მხრივ იყო, რომ გვიწევდა ფიზიკურად არაფრისგან აბსოლუტურად ყველაფრის შექმნა და შემდეგ ამ ყველაფრის მაღალი ხარისხის კონდიციამდე მიყვანა", − იხსენებს ის.

გიორგი ამბობს, რომ ბიზნესსაქმიანობამ ბევრი რამ ასწავლა. მთავარი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაა. ფიქრობს, რომ განვლილმა დღეებმა მუდამ წინ სიარულის მნიშვნელობა აჩვენა.

იხსენებს, რომ ძალიან რთული მომენტებიც ყოფილა, როცა ყველაფერი დანებებისკენ უბიძგებდა. მაგრამ ამბობს იმასაც, რომ ამაყია ამ პერიოდების გადალახვის გამო.

"ხშირად ყოფილა მომენტი, როცა მოცემულობა გიბიძგებს, რომ ვეღარ წახვიდე წინ, ვერ გააგრძელო ის, რაც დაიწყე. მაგრამ ზუსტად მაშინ იღებ გარკვეულ პასუხისმგებლობებს ხელში და იხსენებ, თუ რატომ დაიწყე და რაზე ოცნებობდი სულ თავიდან", − ამბობს გიორგი ჭარელი.

ფიქრობს, რომ ანტრეპრენერი უნდა იყოს ინოვაციების დამნერგავი, კრეატიული და მებრძოლი. ანტრეპრენერს, გიორგის აზრით, უნდა შეეძლოს რთულ პირობებში ნავიგაცია.

მიაჩნია, რომ ნამდვილმა ანტრეპრენერმა არ უნდა თქვას უარი საკუთარ ოცნებებზე და მამაცად შეხვდეს იდეების რეალიზების პერიოდში სირთულეებს.

შეკითხვაზე, საიდან იღებს ინსპირაციას, ან რა შთააგონებს მის გუნდს, გიორგი გვპასუხობს:

"თუ შეძლებ, როცა ინსპირაცია გჭირდება, ადგე და მიაკითხო შენი თავის პატარა ვერსიას და გააღვიძო შენში ბავშვური აღფრთოვანება, ყველაფერს კრეატიულად მიუდგები. მეც და ჩემი გუნდიც ასე ვართ. ხან მეტროს ვაგონის ხმა გვიხარია, ხან რომელიღაც ფეხსაცმლის კაკუნი მოგვეწონება, ვიღებთ და მოგვაქვს სტუდიაში. ეს გეხმარება, იყო ყოველდღიურად ინსპირირებული და სამყარო აღიქვა ყველა თავისი კარგით თუ ცუდით".

სამომავლოდ uzupo-ში გეგმავს, მეტი დაინტერესებული ახალგაზრდა შემოიკრიბოს და იდეის გარშემო გააერთიანოს. გარდა ამისა, სურს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც, რათა გუნდმა მისი შესაძლებლობები უფრო ფართო აუდიტორიას დაანახოს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან