სიახლე, რომელიც ქვეყნის მასშტაბს სცდება და რეგიონისთვის უპრეცედენტოა - თოდუას კლინიკის 2026 წელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჯანმრთელობის მსგავსად რომ არაფერი ფასობს ამაში წლებთან ერთად ვრწმუნდებით, თუმცა,მისი ფასი ისე არავინ იცის, როგორც ადამიანებმა, რომლებიც მედიცინას ფაქტობრივად საკუთარ ცხოვრებას უძღვნიან. ამიტომაც არის, რომ გიორგი დიასამიძის წლის სურვილების ჩამონათვალში ის პირველ ადგილს იკავებს. თოდუას კლინიკის გენერალურ მენეჯერს სჯერა, რომ სწორედ ჯანმრთელობაა წარმატების და ბედნიერების საწყისიც. მისი პროფესიული ხედვის ნაწილია ისიც, რომ წარმატება მარტო ვერ მოდის, ამიტომაც მადლიერია გუნდის, ვინც თითოეული პაციენტის ბედნიერების საწყისზე - ანუ ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

"ჯანმრთელ 2026 წელს ვუსურვებ ყველას. 2025 წელმაც, ყველა სხვა წლის მსგავსად კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მჯერა, რომ ჯანმრთელობაა წარმატების და ბედნიერების საწყისიც".

ეს სტატია თოდუას კლინიკის 2025 წელს აჯამებს, აქ მოგიყვებით იმაზეც, რასაც გიორგი დიასამიძე გუნდთან ერთად ერთ დროს დაუჯერებელ და ახლა უკვე მიღწეულ მიზნებს უწოდებს. თუმცა, ვიდრე დეტალურად მასშტაბურ გეგმებზე ვისაუბრებთ ალბათ უნდა აღინიშნოს, რომ თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერისთვის ახლა შედეგზე ორიენტირებული და პერსონალიზებული მედიცინის ერაა- ეპოქა, როდესაც მკურნალობის პროცესში ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად პაციენტის ჩართულობას გადამწყვეტი როლი აქვს.

"ეს ქმნის პაციენტის წინასწარგანწყობას გამოჯანმრთელების პროცესთან დაკავშირებით. ვგეგმავთ ექიმებთან ერთად აქტიურად ვიმუშაოთ, რათა პაციენტები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით თითოეული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესრულებით არ შემოიფარგლონ ."

2025 თოდუას კლინიკისთვის მნიშვნელოვანი წინსვლის, განახლებისა და განვითარების წელი იყო. ცენტრმა პროფესიული შემადგენლობა ახალი ტალანტების მოძიებით გააძლიერა და განვითარება იმ მიმართულებებით განაგრძო, რომლებიც თანამედროვე მედიცინისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. გასულ წელსაც ლაიტმოტივად ერთი მთავარი მიზანი - ნდობაზე ზრუნვა გასდევდა , რომელსაც კლინიკას 35 წელია ყოველდღიურად რამდენიმე ასეული პაციენტი უცხადებს. 2025 წელს მთავარ ღირებულებად შენარჩუნდა ხარისხი - ხარისხი მკურნალობის შედეგებში, პაციენტების უსაფრთხოებაში, მომსახურების უწყვეტ გაუმჯობესებასა და თითოეულ კლინიკურ გადაწყვეტილებაში. ეს სწორედ ის მიდგომაა, რომელიც რეგიონში თოდუას კლინიკის ურყევ ლიდერობას უზრუნველყოფს.

"ფიქრი, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველა მომენტში თან მსდევს, არის იმ ნდობის შენარჩუნება, რომელიც თოდუას კლინიკისთვის უკვე 35 წლიან უწყვეტ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. მისი გაღრმავება ჩვენი ყველაზე დიდი მისია და მიზანია. მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ თითოეული პაციენტის ნდობა არამხოლოდ დავაფასოთ, არამედ გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ადამიანებისთვის საიმედო ადგილი, ეს კი განვითარებაზე მუდმივ ფიქრს მოაქვს. 2025 წელი კიდევ ერთი განსაკუთრებული ნდობის და პასუხისმგებლობის წელი იყო. ვცდილობდით, ადამიანებისთვის შეგვექმნა ყველაზე მნიშვნელოვანი - გარემო საიდანაც მადლიერები წავიდოდნენ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ობიექტურად მათი დახმარების შანსს დიაგნოზი არ გვაძლევდა."

თოდუას კლინიკის მიმართ პაციენტების ნდობა ციფრებით მარტივად დასტურდება. სამედიცინო დაწესებულებას გასულ წელს 130 000- მდე პაციენტმა მიმართა და კლინიკამ 600 000 სამედიცინო სერვისი გასწია, 5 000 გეგმური ოპერაცია ჩაატარა და პასუხისმგებლობა 9 000- მდე ონკოლოგიურ პაციენტზე აიღო.

"ალბათ, ასეთი მაღალი პასუხისმგებლობა, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, 35 წლის განმავლობაში არ გვქონია. ყოველი მომდევნო ახალი წელი ამ გრძნობას ზრდის და საქმის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების ფილოსოფიაც ღრმავდება"

გიორგი დიასამიძის მენეჯერული ფილოსოფია, რომ პაციენტზე ზრუნვას ეფუძნება ამას საკუთარ გუნდთან ერთად წლებია ამტკიცებს. ამის დასტურად გასულ წელს შექმნილი პროექტების ჩამოთვლა მრავლად არის შესაძლებელი.

2025 წელს პირველად საქართველოში, ტკივილის მართვის უნიკალური აღჭურვილობის მქონე ცენტრი თოდუას კლინიკაში დაარსდა . ეს განყოფილება იმ პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც წლების განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზით, ქრონიკული ან მწვავე ტკივილებით ცხოვრობდნენ. ტკივილის მულტიდისციპლინური მიდგომითა და სხვადასხვა სახის ინტერვენციული პროცედურებით მართვა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, საქართველოსთვის კი სიახლე, რომელიც სისტემურად მხოლოდ თოდუას კლინიკაშია ხელმისაწვდომი. ცენტრში ტკივილთან გამკლავება ამ ერთ წელიწადში უკვე ათასობით ადამიანმა შეძლო.

"2025 წელი განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ ახალი მიმართულება - არითმოლოგიის ცენტრი გავხსენით და გულის რითმის დარღვევის მკურნალობა დავიწყეთ. საერთაშორისო გამოცდილების მქონე გუნდი რეგიონში ანალოგის არ მქონე 2025 წლის ულტრათანამედროვე აპარატურით მუშაობს, ეს პაციენტებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა -ერთ სივრცეში მიიღონ უმაღლესი ხარისხის თანამედროვე მკურნალობა."

თოდუას კლინიკისთვის 2025 წელი აქტუალური იყო ბარიატრიული ქირურგიის მიმართულებითაც. გიორგი დიასამიძე ამ საქმესაც ყველასგან განსხვავებული ხედვით უყურებს. დეპარტამენტის შესაქმნელად კლინიკაში ამერიკული გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ქართველი ქირურგი მოიწვიეს. ბარიატრიული ქირურგიის მთავარი მიზანი მეტაბოლური ჯანმრთელობის მიღწევაა. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება პაციენტის ფსიქიკურ მდგომარეობასაც ეთმობა. გენერალური მენეჯერისთვის სასიხარულოა ისიც, რომ ისტორიულად სწორედ თოდუას კლინიკაა გამოცდილი ექიმებისთვის სამშობლოში დაბრუნების მნიშვნელოვანი პროფესიული პლატფორმა.

"ბარიატრიული ქირურგია, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია და ბევრი ადამიანის ცხოვრებას ცვლის, თოდუას კლინიკაში აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომებითა და მომზადებით ტარდება. ჩვენი ხედვის მიხედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის პერიოდი, რომელსაც პაციენტი ბარიატრიულ ოპერაციამდე და მას შემდეგ გადის. ყველაზე დიდი ყურადღება, ქირურგიული მიდგომის გარდა, ეთმობა პაციენტის მომზადებასა და პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას. სამწუხაროდ ჩვენს გარშემო არის შემთხვევები, როდესაც ოპერაცია ტარდება კარგად, თუმცა იმიტომ, რომ ზოგადი ჯანმრთელობა ან ფსიქიკური მდგომარეობა მოწესრიგებული არ არის პაციენტი არასასურველ შედეგამდე მიდის . ჩვენ არ ვართ ორიენტირებულნი ოპერაციების რაოდენობაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი შედეგებია, რადგან პირველ რიგში უნდა მივიღოთ მეტაბოლური ჯანმრთელობა, გავაგებინოთ ორგანიზმს როგორ უნდა იცხოვროს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბარიატრიული ოპერაციები მხოლოდ წონის დასაკარგად და ვიზუალის გასაუმჯობესებლად არ ჩატარდეს. საჭიროების შემთხვევაში თოდუას კლინიკა პაციენტებს ესთეტიკურ პროცედურებსაც სთავაზობს. ხშირად სწორედ კომბინირებული მიდგომით ვმკურნალობთ, რათა მეტაბოლური ჯანმრთელობის მიღწევის შემდეგ პაციენტმა მისთვის სასურველი ესთეტიკური შედეგიც მიიღოს".

თოდუას კლინიკისთვის სიამაყის საფუძველია მორფოლოგიური და ციტოლოგიური ლაბორატორიის განახლება, პაციენტის გამოჯანმრთელების გზა ხომ სწორ დიაგნოზზე გადის?! კლინიკამ განახლებული ლაბორატორიისთვის ახალი აპარატურაც შეიძინა და ახალგაზრდა, კვალიფიციური ექიმებიც მოიძია. ახლა მენეჯმენტი გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მორფოლოგთან თანამშრომლობისთვის ემზადება, რომელიც კვლევების ნაწილს სწორედ გერმანიაში ჩაატარებს.

"ნებისმიერი დაავადების მკურნალობის დროს აუცილებელი იმის ცოდნაა ზუსტად რას უნდა ვუმკურნალოთ. ჩვენ ამისთვის სრულ მორფოლოგიურ, იმუნოჰისტოქიმიურ თუ ციტოლოგიურ კვლევებს ვატარებთ. მოხარული ვარ, რომ უახლესი ტექნოლოგიური უზრუნველყოფა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიონალიზმი ერთობლიობაში დიაგნოსტიკის უნიკალურ პრეცედენტს ქმნის."

გასული წლის განმავლობაში თოდუას კლინიკა აქტიურად იყო ჩართული ცოდნის გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში. კლინიკის ორგანიზებით ჩატარდა რამდენიმე მაღალი დონის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ამავე პერიოდში მიღებულმა პრესტიჟულმა აკრედიტაციებმა კი კლინიკის საქმიანობის ხარისხთან შესაბამისობა დაადასტურა.

უფრო ზუსტად, 2025 წელს კლინიკამ პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, სადაც ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ისეთი იშვიათი სიმსივნეების მართვის საკითხებზე იმსჯელეს, რომლის გამოცდილებაც ახლა მსოფლიოსთვისაც სიახლეა. კლინიკის ეგიდით ჩატარდა მოლეკულური დიაგნოსტიკის კონგრესი, რომლის დანერგვაშიც პიონერი სწორედ თოდუას კლინიკაა.

გასულ წელს თოდუას კლინიკამ ორი საერთაშორისო აღიარება მიიღო. კერძოდ, კლინიკამ ავსტრალიისა და ევროპის პრესტიჟული სამედიცინო ორგანიზაციების რეაკრედიტაცია გაიარა. წლებია თოდუას ონკოლოგიური ცენტრი რეგიონში ერთადერთია , რომელიც ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის - ESMO-ს აკრედიტაციას ფლობს.

"ეს ონკოლოგიური ცენტრის ძალიან დეტალურ შესწავლას გულისხმობს, რაც პროცესის სრული საერთაშორისო სტანდარტით მართვას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ისეთ პროცესზე დაკვირვებაც კი ხდება როგორიც მაგალითად პაციენტის კლინიკაში რეგისტრაციაა".

ციფრული ინოვაციების განვითრებაზე ზრუნვა კლინიკის ყოველდღიურობაა, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა კი არაკლინიკურ პროცესებში ინფორმაციის მართვის გაუმჯობესებასა და რესურსების ოპტიმიზაციას ემსახურება. სწორედ ამის შედეგია, რომ გასულ წელს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში მიღწეული გამორჩეული წვლილისთვის თოდუას კლინიკა "ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტების ავსტრალიის საბჭოს" ACHS International- ის საერთაშორისო მედლის მფლობელი გახდა. 19 ქვეყნის 70-მდე განაცხადიდან გამარჯვება წილად ხვდა და წლის საუკეთესო ინოვაციად აღიარებულ იქნა ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დანერგილი პროექტი: "ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მდგრადი და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდებისთვის". აღნიშნული ჯილდო ისეთ სამედიცინო ლიდერ ორგანიზაციებს ენიჭებათ, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჯანდაცვის მართვის სისტემების განვითარებაში.

პაციენტის საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინება გიორგი დიასამიძის მიზანია იმ დღიდან, როგორც კი ისტორიული კლინიკის მართვა დაიწყო. თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერის თანამედროვე ხედვით კლინიკაში მისულ პაციენტს მაქსიმალურად კომფორტული გარემო უნდა დახვდეს. განსხვავებული ხედვის ნაწილია მისი მიდგომა სამედიცინო შეცდომის აღიარების პრაქტიკასთან დაკავშირებითაც. ბევრი კლინიკის ხელმძღვანელი იცით, რომელიც ფიქრობს რომ პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკითხზე საუბარი აუცილებელია? გიორგის მიაჩნია, რომ ყველა შემთხვევა კლინიკაში ინდივიდუალურად უნდა განიხილონ, იმისთვის რომ თითოეული შემთხვევა ხარისხის გაუმჯობესების წინაპირობად იქცეს.

2025 წელი თოდუას კლინიკისთვის დიდი განაცხადების წელიც იყო - დიღმის ფილიალის გახსნიდან 1 წლის შემდეგ უკვე ვიცით, რომ არსებული კლინიკის მიმდებარედ 8 სართულიანი ონკოლოგიური ცენტრი აშენდება. ეს კი ნიშნავს, რომ პაციენტები ერთ სივრცეში სრულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ. გიორგი დიასამიძისთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე ერთი ახალი ცენტრის შექმნა. ეს იმ მიზანთან მიახლოების გზაა, რომელმაც ონკოლოგიურ პაციენტებს საჭირო სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობა სრულყოფილად და ქვეყნიდან გაუსვლელად უნდა მისცეს.

"საბედნიეროდ დღეს ჩვენს ქვეყანაში ონკოლოგიური მკურნალობა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ფინანსური და ლოგისტიკური საკითხების გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობა თითოეული პაციენტისთვის აქვს გარემოს. უკვე არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ნაცნობ გარემოში მკურნალობის ეფექტურობა გაცილებით მაღალია. ემოციურად და ფიზიკურად საკმაოდ რთული მკურნალობის პროცესის წარმატებაში სახლს, შინაურ გარემოს, მშობლიურ ენაზე მიღებულ ინფორმაციას დიდი ძალა აქვს. სამწუხაროდ, პაციენტები, რომლებიც უცხოეთში მიდიან ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდებიან იმაზე უკეთეს კლინიკებში, ვიდრე საქართველოშია. ხვდებიან კლინიკებში, სადაც იმასთან მიახლოებულ ზრუნვასაც ვერ იღებენ, რასაც საკუთარ ქვეყანაში მიიღებდნენ და აქ მხოლოდ ჩვენ თავს არ ვგულისხმობ. გულწრფელად ვურჩევ ყველას, ვიდრე სამკურნალოდ უცხოეთში წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ ყურადღებით მოისმინოს რისი რესურსი აქვთ ჩვენს ადგილობრივ კლინიკებს. ჩემი დიდი სურვილია, პაციენტის პირველი აზრი აღარ იყოს უცხოეთში წასვლა, გვესმის რომ ამას დრო სჭირდება და ვცდილობთ ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერებაც ავამაღლოთ".

ჩვენი სტატიის კულმინაცია 2026 წლის მთავარი ამბავია, ანუ ის რასაც გიორგი დიასამიძე მიღწეულ მიზანს უწოდებს, ამისთვის კი გუნდთან ერთად 8 წელი თავდაუზოგავად იშრომა. სულ მალე თოდუას კლინიკის ბაზაზე ახალი, სრულიად უნიკალური და საქართველოსთვის უპრეცედენტო კონცეფციის 9 სართულიანი შენობა გაიხსნება. ახალი კორპუსის არქიტექტორული და ტექნოლოგიური გარემო ქართულ მედიცინაში უპრეცედენტო სიტყვას ამბობს, პრინციპში აქ ახალი არაფერია, ვინაიდან ვიცით, რომ 35 წელია საქართველოში პრეცედენტებს სწორედ თოდუას კლინიკაში ქმნიან.

"ახალ შენობაში პაციენტებისთვის თითოეული დეტალია გათვალისწინებული, იქნება ეს ტემპერატურა, ინფექციის კონტროლი, ჰაერის ხარისხი , პაციენტის მოძრაობა თუ განათების რეჟიმი. ყველაფერი ეს კი ტექნოლოგიურად გარემოში ინტეგრირებული პაციენტისგან შეუმჩნევლად იქნება".

თოდუას კლინიკა საქართველოში პირველია, რომელმაც შეძლო და საოპერაციო დარბაზები მინუს ერთ სართულზე განათავსა, ამისთვის კი საქართველოში დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი იმყოფებოდა. ამ უპრეცედენტო გზაზე კლინიკის პარტნიორი იტალიური OperaMed-ია, რომელიც მოდულარულ საოპერაციო ბლოკებს სწორედ ახლა აწყობს. ეს ნიშნავს იმას, რომ საოპერაციო დარბაზი იტალიიდან ჩამოვა - კედელი, ჭერი, იატაკი, განათება, ანუ ყველაფერი!

"8 წლის წინ, რომ ვინმეს ეკითხა ეს ყველაფერი როგორ გამოგვივიდოდა, არ ვიცი პასუხი როგორი იქნებოდა. თუმცა, ზუსტად ვიცი და მჯერა, რომ უნდა შევქმნათ პრეცედენტი, ვინაიდან პრეცედენტები ქმნის პრეცედენტებს და ეს საერთო დიდი საქმის მნიშვნელოვანი საძირკველია - ის, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, ხვალ სხვებიც შეძლებენ".

OperaMed-ის მიერ აწყობილი თოდუას კლინიკის მიწისქვეშა საოპერაციო დარბაზის კედლებიც კი შუშით იწყობა, რომელიც არათუ არ ტყდება, არც კი იბზარება.

ეს ყველაფერი არ არის, თოდუას კლინიკის ახალ შენობას ექნება ისეთი ინტენსიური თერაპიის განყოფილება, როგორიც არავის სხვას. ეს ინდივიდუალური, ყველა სიმძიმისა და საჭიროების მქონე პაციენტზე მორგებული რვა იზოლირებული, ერთმანეთისგან განსხვავებული ვიზუალური ეფექტის მქონე სივრცეა.

თოდუას კლინიკის ახალ შენობაში, ასევე პირველად რეგიონში, რობოტული საოპერაციო მაგიდები და საოპერაციო განათებები განთავსდება. საერთაშორისო კომპანია Getinge-თან თანამშრომლობაც კლინიკის მენეჯმენტმა პაციენტებისთვის საჭირო კომფორტის შექმნისა და ოპერაციების მაღალი ხარისხით ჩატარების მიზნით გადაწყვიტა.

"ამ დონის, ხარისხისა და მასშტაბის მოდულარული, ინტეგრირებული საოპერაციო და ინტენსიური თერაპიის დარბაზების ქონა დღეს მსოფლიოს ბევრი წამყვანი კლინიკისთვისაც კი მიუღწეველი ოცნებაა. მოხარულები ვართ, რომ 2026 წლიდან პაციენტებს ჩვენი გუნდი სამედიცინო სერვისს სწორედ ასეთ სივრცეებში მიაწვდის".

თოდუას კლინიკას შენობის პალატებისთვის სამედიცინო ავეჯს იტალიური Malvestio აწვდის, რაც პაციენტის მდგომარების სიმძიმის გათვალისწინებით კომფორტისა და უმაღლესი დონის მოვლის შესაძლებლობას ქმნის.

ახალი შენობის ყველა დეტალი კლინიკის მენეჯმენტის საქმისადმი დამოკიდებულებასა და პაციენტებისადმი პასუხისმგებლობაზე გვიყვება. აქ ყველა დეტალზე ნაფიქრია მხოლოდ ერთი მიზნით - პაციენტმა მიიღოს ყველაფერი, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება და რაც გამოჯანმრთელების გზაზე მის სურვილებს დააკმაყოფილებს.

ვფიქრობ, ეს სტატია გიორგი დიასამიძის მენეჯერულ ფილოსოფიას სრულად ვერ იტევს, თუმცა ვეცადეთ გვეჩვენებინა როგორია საქართველოსთვის განსაკუთრებული ისტორიის მქონე კლინიკის გენერალური მენეჯერის ის ხედვა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით კლინიკის 8 წლიან შეუქცევად განვითარებას უზრუნველყოფს.

35 წელია თოდუას კლინიკის მენეჯმენტი ამტკიცებს, რომ საქმე, რომელსაც აქ ცხოვრებას უძღვნიან ერთი სამედიცინო დაწესებულების მიზნებს სცდება და პაციენტთა და ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება.