Get All Access for $5/mo

Sight Georgia - ინფორმაცია მოგზაურობასა და ტურიზმის შესახებ "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" – USAID YES-Georgia-ს ინიციატივა ქალ მეწარმეთა მხარდასაჭერად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" შესაძლებლობაა დამწყები ანტრეპრენერებისთვის, რათა თავიანთი ჩანაფიქრი რეალობად აქციონ და ფართო ასპარეზზე გასვლის შანსი მიიღონ. ამ პროექტის ეფექტურობასა და მნიშვნელობაზე, საქართველოს სამეწარმეო გარემოს ფორმირების საქმეში, მის ბენეფიციარს "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" ერთ-ერთი კურსდამთავრებულს, სტარტაპ Sight Georgia-ს დამფუძნებელს, საკო ტვილდიანს ვესაუბრეთ. საკომ და მისმა პარტნიორმა − ნინო ჩხაბერიძემ, დამოუკიდებელი საქმის იდეაზე მუშაობა გასული წლის გაზაფხულზე დაიწყეს და დეტალური მომზადებისა და დაშვებული შეცდომებით მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შექმნეს ონლაინმედია Sightgeorgia.ge.

"ჩვენი მედია საქართველოში მოგზაურობასა და ტურიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზეა ფოკუსირებული. ჩვენს მკითხველს ვუზიარებთ საინტერესო ისტორიებსა და ადგილებს, საინტერესო ადამიანების ბლოგებს, საერთაშორისო სამოგზაურო ტრენდებს, ტურიზმისა და მდგრადი ტურიზმის მნიშვნელოვან კვლევებს და ა.შ.", - გვიამბობს საკო ტვილდიანი, - "ჩვენი მიზანია, მომხმარებელს გავუმარტივოთ ძიების პროცესი და შევთავაზოთ მუდამ განახლებადი ინფორმაცია, საინტერესო და ხშირ შემთხვევაში, უცნობი ადგილების, ე.წ. Hidden gems-ის შესახებ. სამომავლოდ კი, გვსურს საქართველოში ნებისმიერი მოგზაური ადამიანისთვის ყველაზე სანდო და ამომწურავი ინფორმაციის წყარო-გზამკვლევი გავხდეთ".

როგორც საკო გვიყვება, "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" შესახებ Facebook-ის მეშვეობით შეიტყო და შევსებულ სააპლიკაციო ფორმაზეც მალევე მიიღო გამოხმაურება. მისი თქმით, სწავლის პროცესი საკმაოდ დატვირთული, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა. "გარდა მნიშვნელოვანი და ამომწურავი სასწავლო მასალისა, უპირველესი, მაინც ამ სკოლის ფარგლებში გაცნობილი ადამიანები არიან − როგორც მენტორ-მასწავლებლები და კომიტეტის წევრები, ისე ჩვენი თანაკურსელები", − აღნიშნავს საკო ტვილდიანი, − "სწავლის პროცესში ხალხთან ურთიერთობის, პრობლემაზე კონცენტრირებისა და გადაჭრის პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ, რამაც საბოლოო ბიძგი მისცა ჩვენს ბიზნესს, უკეთესი გამხდარიყო".

მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" ტრენინგკურსებზე "მეწარმეობა ახალგაზრდებისათვის" აცხადებს მიღებას, სადაც მონაწილეობას შეძლებენ მეწარმეობისა და ბიზნესსაქმიანობის დაწყების მსურველი 16-დან 29 წლამდე ასაკის ქალები და უკვე შემდგარი ახალგაზრდა მეწარმეები.

პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ტრენინგკურსი ონლაინფორმატში ჩატარდება, რაც საქართველოს ნებისმიერი ქალაქსა თუ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალებს დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

მონაწილეები ისწავლიან: მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარებასა და ინსტრუმენტებს, ბიზნესიდეის ბიზნესმოდელად ქცევას, "ბიზნესმოდელის ტილოს" შექმნას, ბიზნესპროექტის წერას და ფინანსურ დაგეგმარებას.

ტრენინგკურსი "მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის" ორ დონეს მოიცავს. პირველი დონე 4 ტრენინგ-სემინარს აერთიანებს, რომელზეც მონაწილეები მეწარმეობის ზოგად კურსს გაივლიან და "ბიზნეს ტილოს" პრინციპებს გაეცნობიან. რაც შეეხება მეორე დონეს, ესაა 6 ტრენინგსემინარი, სადაც დამწყები მეწარმეები დაეუფლებიან ბიზნესიდეების ბიზნესპროექტებად გარდაქმნას, მიიღებენ მათთვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს და დახვეწენ პრეზენტაციის უნარებს. მეორე დონე მხოლოდ იმ მონაწილეებისთვისაა გათვლილი, ვისაც ზუსტად აქვს გადაწყვეტილი ბიზნესის პრაქტიკაში განხორციელება. კურსდამთავრებულები საკუთარ ბიზნესგეგმებს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" საინვესტიციო კომისიასთან წარადგენენ და თანადაფინანსების მოპოვებას ეცდებიან.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი