სიკეთე, რომელიც სისტემად იქცა საქველმოქმედო ფონდი "ერთად შევცვალოთ სამყარო"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.


დღეს ქველმოქმედება მხოლოდ ერთჯერადი დახმარება აღარ არის. ის სულ უფრო მეტად ეფუძნება სისტემურ, გამჭვირვალე და გრძელვადიან ჩართულობას. სწორედ ამ იდეაზეა დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი "ერთად შევცვალოთ სამყარო", რომლის მთავარი მისია ჯანმრთელობის სირთულის მქონე ბავშვების მხარდაჭერაა.

ფონდის საქმიანობის მოდელი ერთი მთავარი პრინციპით გამოირჩევა - მიღებული თანხების 100% სრულად ბენეფიციარ ბავშვებს ხმარდება. ფონდი მთლიანად მოხალისეობრივია, არ აქვს სახელფასო ფონდი, ხოლო საოპერაციო ხარჯებს დონაციები არ ფარავს - საჭირო მომსახურებებს პარტნიორი კომპანიები უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ, დანარჩენ აუცილებელ ხარჯებს კი თავად მოხალისეები იღებენ საკუთარ თავზე.

გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ფონდი თანხას პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებსა და მომსახურების მიმწოდებლებს ურიცხავს, რაც რესურსების მიზნობრივ გამოყენებას უზრუნველყოფს. ამ მიდგომას ყოველწლიური დამოუკიდებელი აუდიტიც ადასტურებს.

2025 წლიდან ფონდს ოფიციალური საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი აქვს, რაც მის საქმიანობას კანონმდებლობასთან შესაბამისობასა და სანდოობას უსვამს ხაზს. ამასთან, ბიზნესისთვის ეს სტატუსი საგადასახადო შეღავათსაც ითვალისწინებს - კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ფონდში განხორციელებული დონაცია მოგების გადასახადით არ იბეგრება.

ფონდი უკვე ორ წელზე მეტია ამ პრინციპებით საქმიანობს. ამ პერიოდში 78 944 ლარი შეგროვდა და 27 ბავშვის სხვადასხვა სამედიცინო საჭიროება დაფინანსდა. თუმცა, ფონდის მთავარი შედეგი მხოლოდ ეს არ არის - მის ირგვლივ ჩამოყალიბდა მოხალისეების, პარტნიორი კომპანიებისა და მხარდამჭერების ძლიერი ქსელი. დღეს ფონდს სხვადასხვა სფეროს 43 პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს, რომლებიც სიკეთის კულტურის გაძლიერებასა და საერთო ღირებულების ირგვლივ ადამიანების გაერთიანებას უწყობენ ხელს.

დღეს ქველმოქმედების მთავარი გამოწვევა მხოლოდ თანხების მოძიება აღარ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია ისეთი მდგრადი მოდელის შექმნა, რომელიც ადამიანებისა და ბიზნესებისთვის სიკეთის კეთებას ყოველდღიურ პრაქტიკად აქცევს.

სისტემატიური მხარდაჭერა - ,,მცირე ნაბიჯი, დიდი შედეგი"

ბევრი ფიქრობს, რომ ქველმოქმედება მხოლოდ დიდი თანხების გაღებას უკავშირდება, თუმცა ყველაზე მდგრადი მოდელი სწორედ რეგულარული, მცირე შენატანებია. ინტერნეტბანკში ავტომატური ყოველთვიური გადარიცხვის დაყენებით, თუნდაც რამდენიმე ლარის ოდენობით, ერთჯერადი დონორი გრძელვადიან მხარდამჭერად იქცევა. ერთი შეხედვით მცირე კონტრიბუციები დროთა განმავლობაში ბავშვების დასახმარებლად მნიშვნელოვან რესურსად გროვდება.

იგივე პრინციპი ბიზნესმაც შეიძლება გამოიყენოს. თანამედროვე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) მხოლოდ ერთჯერადი საქველმოქმედო აქციებით აღარ განისაზღვრება - გაცილებით ეფექტურია ისეთი მოდელები, რომლებიც კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში ბუნებრივად ინტეგრირდება, მაგალითად, შემოსავლების ნაწილის რეგულარული გადარიცხვა ან მომხმარებლის თანხმობით ანგარიშსწორების თანხის დამრგვალება.

ამ მიდგომის მაგალითია ფონდის ახალი პარტნიორი - კორპორაციული სამკერვალო საწარმო KERE, რომელმაც საქმიანობის დაწყებიდანვე გადაწყვიტა, ყოველთვიური შემოსავლის ნაწილი ჯანმრთელობის სირთულის მქონე ბავშვების დახმარებას მოახმაროს. შედეგად, კომპანიის თითოეული დამკვეთი ამ კეთილი საქმის თანამონაწილეც ხდება.

KERE მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. ფონდის საქმიანობას უკვე ორი წელზე მეტია უსასყიდლოდ უჭერენ მხარს ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან სტამბა ფავორიტი, Grant Thornton Georgia, Nexia TA და სხვა პარტნიორები, რომელთა მხარდაჭერაც უზრუნველყოფს, რომ შემოწირულობის ყოველი თეთრი სრულად ბენეფიციარ ბავშვებს მოხმარდეს. ასეთი პარტნიორობა ადასტურებს, რომ სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესისთვის დამატებითი ტვირთი კი არა, თანამედროვე განვითარების სტანდარტია.

,,წიგნი, რომელიც სიკეთეს ავრცელებს"

ფონდს კიდევ ერთი გამორჩეული სავიზიტო ბარათი აქვს - წიგნი "ერთად შევცვალოთ სამყარო", რომლის ავტორია ფონდის დამფუძნებელი შალვა ახრახაძე.

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ეს გამოცემა ფონდის ისტორიასთან ერთად მკითხველს სიკეთის, თანაგრძნობისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას უზიარებს. როგორც თავად წიგნშია აღნიშნული, ის "10-დან 110 წლამდე" მკითხველისთვისაა განკუთვნილი - შეხსენება იმისა, რომ სიკეთეს ასაკი არ აქვს.

წიგნი ფრანგულ ენაზეც ითარგმნა და 2026 წელს პარიზის წიგნის გამოფენაზე წარდგა, რითაც ქართული საქველმოქმედო ინიციატივა საერთაშორისო აუდიტორიასაც გააცნო.

მის საფუძველზე შეიქმნა სოციალური პროექტიც - "წიგნი სიცოცხლისთვის", რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის, ფონდის, "ბიბლუსისა" და თბილისის საჯარო სკოლების პარტნიორობით განხორციელდა. პროექტში 43 მოხალისე მოსწავლე ჩაერთო, გაიყიდა 124 წიგნი, მობილიზდა 2 612.60 ლარი, ხოლო ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია 371-ზე მეტ ადამიანს მიეწოდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ წიგნის შეძენით მკითხველი მხოლოდ გამოცემას არ იღებს - ის ჯანმრთელობის სირთულის მქონე ბავშვების დახმარების თანამონაწილეც ხდება, რადგან გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად მათ მხარდაჭერას ხმარდება.

მოხალისეობა - ,,ცვლილებებს ადამიანები ქმნიან"

ფონდის სახელწოდება - "ერთად შევცვალოთ სამყარო" - მის მთავარ იდეას გამოხატავს: ცვლილებები მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა: "ერთად" ნიშნავს, რომ ცვლილებები მხოლოდ საერთო ძალისხმევით მიიღწევა; "შევცვალოთ" - რწმენას, რომ უკეთესი მომავალი ჩვენი დღევანდელი მოქმედებებით იქმნება; "სამყარო" კი გვახსენებს, რომ სიკეთეს საზღვრები არ აქვს.

სწორედ ამიტომ, ფონდის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი მოხალისეებს უკავიათ. ისინი სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი დროისა და ცოდნის ნაწილს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს უთმობენ. მოხალისეობა ყოველდღიურ დატვირთვას არ ნიშნავს - ხშირად კვირაში მცირე დროის გამოყოფაც საკმარისია საერთო საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად.

ფონდის განვითარებასთან ერთად იზრდება მოხალისეების, მხარდამჭერებისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესების ჩართულობის მნიშვნელობაც. რაც უფრო მეტი ადამიანი გახდება ამ პროცესის ნაწილი, მით მეტი ბავშვის დახმარება იქნება შესაძლებელი.

ჩვენი მიზანი მხოლოდ მხარდაჭერის მიღება არ არის. შევქმენით მარტივი, სანდო და გამჭვირვალე მოდელი, რომელიც ადამიანებსა და ბიზნესებს საშუალებას აძლევს, სიკეთის კეთება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციონ. ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ პროცესებს ფონდი საკუთარ თავზე იღებს, რათა დონაციის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და შედეგზე ორიენტირებული იყოს.

დიდი ცვლილებები ხშირად მცირე, მაგრამ მუდმივი ნაბიჯებით იწყება. სწორედ ასე იქცევა სიკეთე ერთჯერადი ემოციიდან საერთო კულტურად. და სწორედ ასე შეიძლება - ერთად შევცვალოთ სამყარო.