"სილიკონ ველიზე" უდიდესი ყურადღება ექცევა ადამიანურ ურთიერთობებს Cardeal-ის დამფუძნებელი, ზურა ბაკურიძე "სილიკონ ველიზე" გამგზავრების მიზეზებზე საუბრობს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჩვენი მკითხველისთვის სიახლე არაა, რომ 3 აგვისტოს, 500 Georgia-ს გამარჯვებული 4 სტარტაპი, "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით "სილიკონ ველის" ეწვია. აქ სტარტაპერები აქსელერაციის შემჭიდროვებულ პროცესს გადიან და აქტიურად ემზადებიან "სილიკონ ველის" წამყვან ინვესტორებთან Demo Day Showcase-ის გასამართად, სადაც იცინი თავიანთი კომპანიებისთვის ინვესტიციის მოზიდვას ეცდებიან.
Entrepreneur "სილიკონ ველიზე" ქართველთა ვიზიტის შესახებ დეტალებს უზიარებს საკუთარ მკითხველს და ამჯერად გთავაზობთ სტარტაპ - Cardeal-ის დამფუძნებლის, ზურა ბაკურიძის კომენტარს "სილიკონ ველისა" და მათი ვიზიტის მიზეზებთან დაკავშირებით.
"გვქონდა შეხვედრა მენტორებთან, სადაც გავიარეთ და დავაზუსტეთ ყველა ის საკითხი, რასაც ითხოვენ ხოლმე "სილიკონ ველის" ინვესტორები. ზოგადი მიდგომა, შტატების მიხედვით ძალიან განსხვავდება, თუმცა "სილიკონ ველიზე" უდიდესი ყურადღება ექცევა ადამიანურ ურთიერთობებს. ჩვენს აქ ყოფნას, 2 ძირითადი მიზეზი აქვს:
პირველი, რა თქმა უნდა, ინვესტიციების მოზიდვა და "ნეთვორქინგია". ვინაიდან, ჩვენ ამ ეტაპზე აქტიურ "ფანდრაიზინგ"-ზე არ ვართ, წლის ბოლომდე გაურმაგებული "ვალუაციით" გვსურს თანხის აღება და ამისათვის, აქ ერთგვარად საფუძველს ვიმზადებთ. ჩამოსვლამდე, ჩვენ უკვე გავმართეთ, ე.წ. წარმდგენი კომუნიკაცია იმ ინვესტორებთან, რომლებიც 500 Startups-მა დაგვაკავშირა.
მეორე კი ის არის, რომ ჩვენთვის, Cardeal-სთვის, აქ ყოფნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ვინაიდან ჩვენი ავტომობილების 90%-ზე მეტი ამერიკაშია განთავსებული, ხოლო ჩვენ განვითარებაზე ვართ ორიენტირებული, მნიშვნელოვანია მომწოდებლების კუთხით სრულყოფაზე ვიფიქროთ, რასაც აქ ყოფნით ვაპირებთ", - აცხადებს სტარტაპ Cardeal-ის დამფუძნებელი, ზურა ბაკურიძე.
პროგრამაში გამარჯვებული 4 სტარტაპი (Payze, Cardeal, Cargon, Agrolabs) "სილიკონ ველის" სტუმრობს. მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს-აქსელერატორი 500 Startups, საქართველოში "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა" და "საქართველოს ბანკის" პარტნიორობით, შემოვიდა.
Entrepreneur აგრძელებს საინფორმაციო მასალებს "სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილებაზე აშშ-იდან.