Social Impact Award-ის მენტორები, რომლებიც სოციალურ საწარმოებს აძლიერებენ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Social Impact Award მასშტაბური საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა. მისი მიზანი ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და ინოვაციების მხარდაჭერაა. პროექტი, რომელიც 15-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად მიმდინარეობს, საქართველოში უკვე მეხუთე წელია, იმართება. წელს პროექტი თიბისის სტარტაპერის მხარდაჭერით ხორციელდება.
წელს Social Impact Award-ს თერთმეტი ფინალისტი ჰყავს — საწარმოები ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო თუ გარემოსდაცვითი დარგებიდან პროექტის მთავარ ეტაპზე ორთვიან საინკუბაციო ეტაპს გადიან. თითოეულ გუნდს ინდივიდუალური მენტორი საწარმოს განვითარებაში, ბიზნესმოდელის გამართვაში, კონტაქტების დამყარებასა თუ სხვა საკითხებში ეხმარება.
ამ სტატიაში ახლოს გაგაცნობთ 2021 წლის Social Impact Award-ის მენტორებს, რომლებიც სოციალურ საწარმოებს უკეთესობისკენ ცვლიან.
გიორგი ხაჩიძე (GreetNative-ის მენტორი)
გიორგი ხაჩიძის საქმიანობა ბოლო 6 წლის განმავლობაში სტარტაპების და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას უკავშირდება. მრავალ მიღწევასთან ერთად აღსანიშნავია ის, რომ გიორგიმ დააფუძნა სტარტაპი ედუფეი, რომელიც აქტიურად ავითარებს სწავლის გადასახადის ავტომატიზაციის ვებპლატფორმას ნებისმიერი ტიპის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.
საგანმანათლებლო სფეროს და, ზოგადად, ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებაში დაგროვებულ მრავალწლიან გამოცდილებას ახლა გიორგი სოციალურ საწარმო GreetNative-ს უზიარებს. GreetNative ონლაინ პლატფორმას ქმნის და უცხოეთში მუშაობითა თუ ცხოვრებით დაინტერესებულ ადამიანებს ენობრივი ბარიერის გადალახვასა და ადგილობრივ კულტურასთან ადაპტაციაში უწყობს ხელს.
"მსგავსი შინაარსის სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული პროექტების წახალისება და განხორციელება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, Social Impact Award-ის წყალობით უფრო მეტი ისეთი კომპანია გაჩნდება, რომელიც არაერთ ადამიანს გაუუმჯობესებს ყოველდღიურობას. მოხარული ვარ, რომ ამ კონკურსის მენტორი გავხდი, საინტერესო გუნდი აღმოვაჩინე — სტუდენტები, რომლებიც პირველი კურსიდანვე ფიქრობენ ცვლილებებზე და საზოგადოებაზე სასიკეთო გავლენის მოხდენაზე", — აღნიშნავს გიორგი და ამატებს, რომ Social Impact Award-ს დიდი ხანია თვალს ადევნებს და ყოველთვის მოსწონდა მისი შინაარსი.
თენგო ლომიტაშვილი (EV For Green Future-ის მენტორი)
თენგო ლომიტაშვილი TBSC Consulting-ის მმართველი პარტნიორი და დამოუკიდებელი კონსულტანტია. ის უკვე წლებია მენტორია Social Impact Award-ში და როგორც ამბობს, პროექტმა მისი უნარები დახვეწა, რაც სხვა ჯგუფებთან წარმატებულ ქოუჩინგში ეხმარება. თენგო წელს მენტორობას უწევს საწარმო EV For Green Future-ს, რომელიც ელექტრომობილების მფლობელებს დამტენი მოწყობილობებისა და საჭირო ინფრასტრუქტურის გაქირავების სერვისს სთავაზობს.
თენგო გვიყვება, რომ გუნდმა მენტორობის ეტაპზე უკეთ ჩამოაყალიბა საკუთარი ბიზნესმოდელი და შემოსავლების გენერირების წყარო, ამასთან, ცხადად დაინახა კონკურენტული უპირატესობები და ბიზნესიდეა გლობალურ კონტექსტში.
"ამ იდეის უკან ძალიან მიზანდასახული ახალგაზრდა მეწარმეები დგანან და იმედია, რომ იდეაც და გუნდიც წარმატებას მიაღწევს. ზოგადად, მეწარმეების წარმატების საიდუმლო სტარტაპ ეკოსისტემის ყველა ელემენტის განვითარებაშია. საჭიროა, როგორც განათლება და უნარები, ისე სამეწარმეო კულტურა, სამართლებრივი ჩარჩო, მხარდამჭერი პროგრამები, წვდომა ფინანსებზე და სხვა. საქართველოში სოციალურ მეწარმეობას აკლია როგორც საზოგადოებრივი და პოლიტიკური აღიარება, ასევე ინტერესი ახალგაზრდების მხრიდან."
ნანა გამყრელიძე (თერაპიის ცენტრ "გრადაციის" მენტორი)
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტს, ნანა გამყრელიძეს სოციალური მეწარმეობის კუთხით დიდი გამოცდილება აქვს. ის ევროპის ფონდში ოთხი წლის განმავლობაში სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი იყო.
ნანა Social Impact Award-ში რამდენიმე წელია ჩართულია — თავდაპირველად თანაორგანიზატორი იყო, შემდეგ ჟიურის წევრი, ახლა კი მენტორია და თერაპიის ცენტრ გრადაციას განვითარებაში ეხმარება.
"გუნდს აქვს ძალიან დიდი პოტენციალის მქონე იდეა, ლანჩხუთში პირველმა დააფუძნოს სოციალური თერაპიის ცენტრი. გუნდთან მუშაობის რამდენიმე თვე ძალიან საინტერესო იყო და შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესიდეამ და ბიზნესმოდელმა ინკუბაციის პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. გუნდის წევრები მოტივირებული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდები არიან. ჩვენს ქვეყანაში უამრავი სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემა დგას, რომელთა გადაჭრასაც ინოვაციური მიდგომა სჭირდება. ბიზნესის, მათ შორის სოციალური ბიზნესის დასაწყებად, უმნიშვნელოვანესია სამეწარმეო უნარ-ჩვევების ქონა, კომერციულად ეფექტიანი ბიზნესმოდელის შემუშავება, და, რა თქმა უნდა, საწყისი კაპიტალი".
თორნიკე ცირამუა (CatchupBox-ის მენტორი)
თორნიკე ცირამუა ტურისტული სტარტაპ ბილიკის თანადამფუძნებელია. მას 10-წლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის მიმართულებით. ახლა ის Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდის, CatchupBox-ის მენტორია. საწარმო მომხმარებლებს ეკომეგობრული პროდუქტების ყოველთვიური გამოწერის სერვისს სთავაზობს და ჭკვიანი ტექნოლოგიების დახმარებით გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. როგორც მენტორი გვიამბობს, CatchupBox-მა დიდი პროგრესი განიცადა მენტორობის დაწყებიდან დასრულებამდე.
"მათ კარგად ესმით პროექტის მნიშვნელობა, არიან სწავლაზე ორიენტირებულები და აქვთ კონკრეტული მიზანი, აქციონ გარემო ეკომეგობრული. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ CatchupBox-ს შეუძლია ქართულ და მსოფლიო რეალობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ცნობიერების ამაღლებაში და ეკომეგობრული გარემოს შექმნაში. ბიზნესის წამატებისთვის მნიშვნელოვანია, დიდ დროს ვუთმობდეთ არა მხოლოდ ბიზნესლიტერატურის კითხვას, არამედ კარგად შევისწავლოთ თითოეული დეტალი — როგორ ბაზარზე შევდივართ, რამდენად მოთხოვნადია ჩვენი პროდუქტი. ნომერ პირველ მიზეზი, რატომაც ბიზნესი და სტარტაპი შეიძლება ჩავარდეს, არის ბაზარზე მოთხოვნის არარსებობა. ამავდროულად, აუცილებელია კაპიტალი, და, რა თქმა უნდა, თანამოაზრეების ყოლა", - ამბობს თორნიკე.
ვასკა ჩუბინიძე (ნიკოს ეზოს მენტორი)
"ჟუჟუნა ღვინოს" თანადამფუძნებელი, ბრენდინგის და მარკეტინგის მიმართულებით ლექტორი და კონსულტანტი ვასკა ჩუბინიძე ახლა Social Impact Award-ის ფინალისტი "ნიკოს ეზოს" მენტორია. ნიკოს ეზო სამეგრელოში დაარსებული სოციალური საწარმოა, რომელიც ადგილობრივ ბიზნესებს მარკეტინგული კომუნიკაციების კუთხით ახალ შესაძლებლობებს უჩენს.
"მე ნიკოს ეზოს სარეკლამო სააგენტოებში მუშაობისას საკომუნიკაციო და მარკეტინგული კუთხით დაგროვებულ გამოცდილებას ვუზიარებ. ჩემი მიზანი იყო, დამენახებინა ახალბედა საწარმოსთვის, როგორაა პროცესები აწყობილი საქართველოსა და საზღვარგარეთ მსგავს კომპანიებში, ზუსტად განესაზღვრათ, რას ემსახურებიან და ახლოს გაეცნოთ სფერო, რომელშიც საქმიანობენ", — ამბობს ვასკა.
მენტორი აღნიშნავს, რომ ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია, გყავდეს თანამოაზრეები, გაინტერესებდეს საქმე, რასაც აკეთებ და გამოძრავებდეს დიადი მიზანი, რომლისაც გულწრფელად გჯერა და რომელიც საზოგადოებას ცხოვრებას გაუმარტივებს.
"ბრენდები ცდილობენ, ბიზნესის კეთების მიღმა კარგ საქმესაც ემსახურებოდნენ და ეს, თითქოს, მათი გარდაუვალი მისიაცაა. ამიტომაც ჩემთვის სოციალური მეწარმეობასა თანამედროვე ბიზნესს შორის საზღვრები ნელ-ნელა ქრება. Social Impact Award საზოგადოებას ბიზნესის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში ეხმარება, განსაკუთრებით მხარს უჭერს ახალგაზრდებს, რომლებსაც კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ და სურვილი აქვთ, სასარგებლო საქმე აკეთონ."