Solana საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენლობას ხსნის როგორ გეგმავს Superteam Georgia საქართველოს Web3 ცენტრად ქცევას?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ტექნოლოგიურ რუკაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გლობალური მოთამაშე ჩნდება – ბლოკჩეინ-ინდუსტრიის გიგანტი, Solana, ქვეყანაში ოფიციალურ წარმომადგენლობას, Superteam Georgia-ს ხსნის. ეს არ არის უბრალოდ საგანმანათლებლო ინიციატივა, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ეკოსისტემის სრულფასოვანი შემოსვლაა, რაც ქართულ ინოვაციურ სექტორს პირდაპირ აკავშირებს გლობალურ კაპიტალთან და იმ მასშტაბურ რესურსებთან, რომლებიც აქამდე მხოლოდ მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური ცენტრებისთვის იყო ხელმისაწვდომი.
ამ ნაბიჯით საქართველო ხდება იმ ექსკლუზიური ქვეყნების სიის ნაწილი, სადაც Solana ოფიციალური ჰაბების მეშვეობით ოპერირებს, რაც თავისთავად ქვეყნის ტექნოლოგიური პოტენციალის უმაღლესი აღიარებაა. საუბარია $80 მილიარდზე მეტი კაპიტალიზაციის მქონე ბრენდზე, რომელსაც საქართველოში თავისი ინფრასტრუქტურა შემოაქვს – დაწყებული სტარტაპების პირდაპირი დაფინანსებითა და გრანტებით, დამთავრებული მაღალკვალიფიციური კადრების გადამზადებით. რეალურად, Solana-ს წარმომადგენლობის გახსნა ნიშნავს, რომ ადგილობრივი დეველოპერებისა და სტარტაპერებისთვის იხსნება გზა საერთაშორისო ბაზარზე, სადაც მათი შემოსავლები და შესაძლებლობები უკვე არა ლოკალური, არამედ გლობალური სტანდარტებით განისაზღვრება.
ამ ამბიციური გეგმის უკან მარიამ გოიშვილი დგას. ყველაფერი 9 თვის წინ, ბერლინის ქუჩებში დაიწყო, სადაც მარიამი შემთხვევით აღმოჩნდა Superteam Germany-ს ეპიცენტრში. იქ მან საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ შეუძლია ერთ ბრენდს, Solana-ს, მთელი ქალაქის სტარტაპ-რიტმი შეცვალოს, როგორ პოულობენ დეველოპერები დაფინანსებას რამდენიმე საათში და როგორ იქმნება გლობალური პროდუქტები იქვე, პატარა ჰაბებში.
,,სანამ გერმანია დავტოვე, მაშინვე გავაჟღერე ჩემი სურვილი – რომ მინდოდა ასეთი შესაძლებლობები საქართველოშიც გვქონოდა.
შემდგომ იყო ბევრი, რთული ნაბიჯი, რომლის გავლამაც მომიწია და საბოლოოდ შეიქმნა Superteam Georgia-ც.
საქართველოს აქვს საკმაოდ ძლიერი ტექნიკური ტალანტი და ადამიანური რესურსი, მაგრამ ნაკლებად გვაქვს გზები, რომლითაც ადგილობრივ ნიჭს გლობალურ მარკეტთან დავაკავშირებთ. სწორედ აქ შემოდის Superteam Georgia, როგორც ერთგვარი "ხიდი" Solana-სა და ქართულ ტალანტს შორის.
ჩვენი ინიციატივები აკავშირებს ქართველ დეველოპერებსა და დამფუძნებლებს ერთ-ერთი წამყვანი ბლოკჩეინის – Solana-ს ეკოსისტემასთან. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ ტალანტს აღარ დასჭირდება ქვეყნის დატოვება იმისათვის, რომ: მიიღოს დაფინანსება, მოიძიოს ინვესტორები, მიიღოს მონაწილეობა ჰაკათონებში და ააშენოს საერთაშორისო მასშტაბის პროექტი.
შედეგად იზრდება შანსი, რომ საქართველოში შექმნილმა სტარტაპებმა მოიპოვონ დაფინანსება საერთაშორისო კაპიტალიდან, ხოლო მათი ოპერაციული ბაზა დარჩეს საქართველოში. ეს პირდაპირ აძლიერებს ქვეყნის ციფრულ ექსპორტს და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.
გარდა ამისა, Solana-ს რუკაზე უკვე საქართველოც ფიგურირებს. ჩვენი გახსნის შემდგომ, Solana-ს ეკოსისტემიდან საკმაოდ ბევრი უცხოელი დამფუძნებელი თუ ინვესტორი დამიკავშირდა საქართველოში ჩამოსვლისა და აქ ოპერირების შესაძლებლობების შესასწავლად.
ეს აჩვენებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი რეალურია და მზარდი. სწორედ ასეთი პირდაპირი კავშირები გლობალურ ეკოსისტემებთან ქმნიან საფუძველს, რომ საქართველო ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს რეგიონულ Web3 ჰაბად – ადგილად, სადაც იკვეთება ტალანტი, კაპიტალი და ინოვაცია", – Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს მარიამ გოიშვილი, Superteam Georgia-ს დირექტორი.
ჰაბის საქმიანობა ოთხ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებაზე გადის, რომლებიც ქართული ტექსექტორისთვის ხელშესახებ შესაძლებლობებს ქმნის.
დეველოპერების განვითარება და Rust-ზე გადამზადება
პირველი პრიორიტეტი დეველოპერების კარიერული ტრანსფორმაციაა. ჰაბმა უკვე აამოქმედა პროექტი, Solana Builders Bootcamp, რომელიც სრულად Solana-ს მიერ არის დაფინანსებული. პროგრამის ფარგლებში 60 დეველოპერი უსასყიდლოდ გაივლის ინტენსიურ მომზადებას, რათა აითვისონ Solana-ს პროგრამირების ენა – Rust. ეს არ არის მხოლოდ ახალი უნარის შეძენა, ეს არის გზა მაღალანაზღაურებადი პოზიციებისკენ. თუ ტრადიციული Backend სპეციალისტის საშუალო ანაზღაურება $2 000-ია, Rust-ის დეველოპერები გლობალურ ბაზარზე $7 000-ზე მეტს გამოიმუშავებენ. გადამზადებული კადრები ასევე მოემზადებიან Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონისთვის – Colosseum-ისთვის, სადაც მათ საკუთარი სტარტაპების საერთაშორისო ასპარეზზე გატანის შანსი ექნებათ.

სტარტაპებისა და პროექტების ინკუბაცია
Solana-ს ოფიციალური შემოსვლა საქართველოში ხსნის გზას ადრეული ეტაპის სტარტაპებისთვის, რომელთაც ხშირად იდეის ვალიდაციისთვის საწყისი კაპიტალი აკლიათ. ჰაბი ხდება ფინანსური და საკონსულტაციო რესურსების გამტარი, რაც ამცირებს რისკებს დამფუძნებლებისთვის.
ამ მიზნით უკვე ამოქმედდა გრანტების პორტალი, რომელიც სპეციალურად ქართული პროექტებისთვის შეიქმნა. ადრეული ეტაპის სტარტაპებს საშუალება აქვთ მოიპოვონ $10 000-მდე დაფინანსება, რაც მათ დაეხმარება, იდეა რეალურ პროდუქტად (MVP) აქციონ. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, ეს არის Solana Foundation-ის ნდობის მანდატი, რომელიც სტარტაპს მომავალში ინვესტიციების მოზიდვას უადვილებს.
ეკონომიკური ეფექტი და განათლება
ეკონომიკური ეფექტი, რომელსაც ასეთი მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნა იწვევს, ქვეყნისთვის გრძელვადიან სარგებელსა და ფუნდამენტურ სტრუქტურულ ცვლილებას ნიშნავს. დღეს, როდესაც გლობალური ეკონომიკა სულ უფრო მეტად ხდება დეცენტრალიზებული, Solana-ს მსგავსი პლატფორმების შემოსვლა საქართველოში აჩენს შანსს, ქვეყანამ დაძლიოს დამოკიდებულება ისეთ ტრადიციულ და ხშირად არასტაბილურ სექტორებზე, როგორიცაა ტურიზმი თუ უძრავი ქონება.
განსხვავებით ტრადიციული სფეროებისგან, Web3 ინდუსტრია არ საჭიროებს ფიზიკურ საზღვრებს ან რთულ ლოჯისტიკურ ჯაჭვებს – აქ მთავარი პროდუქტი ინტელექტუალური საკუთრება და კოდია. ციფრული ექსპორტის ზრდა ნიშნავს, რომ საქართველოში გამომუშავებული ღირებულება პირდაპირ გლობალურ ბაზარზე იყიდება, რაც ქვეყანაში მყარი ვალუტის შემოდინების სტაბილურ წყაროს აჩენს. ამასთან, მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარება იწვევს ე.წ. "ცოდნის გადადინების" ეფექტს – იზრდება მოთხოვნა მაღალი დონის იურიდიულ, ფინანსურ და საკონსულტაციო მომსახურებაზე, რაც ჯამში ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანს.
,"ეს ინიციატივა ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ,პირველ რიგში, ციფრული ექსპორტის ზრდით მოახდენს. როდესაც საქართველოში შექმნილი სტარტაპები გლობალურ ბაზარზე ოპერირებენ და უცხოურ კაპიტალს იზიდავენ, ქვეყანაში შემოდის ახალი შემოსავალი, რომელიც არ არის დამოკიდებული ტრადიციულ სექტორებზე, როგორიცაა ტურიზმი ან უძრავი ქონება. ეს ამყარებს და ადივერსიფიცირებს ეკონომიკას.
ასევე, იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოტენციალი, რადგან საქართველო პოზიციონირდება როგორც ტექნოლოგიური ოპერირების სივრცე და არამხოლოდ მომხმარებლური ბაზარი. პარალელურად იქმნება მაღალი ღირებულების, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, რაც ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.
ჰაბის სტრატეგია ასევე ითვალისწინებს საქართველოს, როგორც ტექნოლოგიური ჰაბის პოზიციონირებას საერთაშორისო მასშტაბით. საუბარია იმაზე, რომ ქვეყანამ შეძლოს არა მხოლოდ ადგილობრივი კადრების შენარჩუნება, არამედ გახდეს ერთგვარი თავშეყრის ცენტრი უცხოური სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის, რაც ავტომატურად ნიშნავს დამატებით ინვესტიციებსა და ახალ ცოდნას ადგილობრივ ბაზარზე. ამ მხრივ Superteam Georgia გეგმავს გამოიყენოს Solana-ს გლობალური გამოცდილება და დანერგოს მოდელები, რომელმაც უკვე გაამართლა სხვა ქვეყნებში.
,,გარდა ამისა, Solana-ს ჰაბს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (Superteam UAE) აქვს საკმაოდ კარგი ინიციატივა "Come to UAE", რომლის ფარგლებში ისინი Solana-ს ეკოსისტემიდან მაღალანაზღაურებად გუნდებსა და მაღალი რანგის ინვესტორებს სთავაზობენ სრულ საკონსულტაციო მხარდაჭერას, დაწყებული რელოკაციიდან, დამთავრებული ბიზნესის რეგისტრაციითა და ოპერირების გამართვით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მსგავსი ინიციატივის დანერგვას ჩვენც საკმაოდ მალე ვაპირებთ და ვფიქრობთ, ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის საკმაოდ მოგებიანიც იქნება", – აღნიშნავს Superteam Georgia-ს დირექტორი.
საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის ტრანსფორმაცია მხოლოდ ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციას არ გულისხმობს – ეს არის ფუნდამენტური ცვლილება საგანმანათლებლო და კარიერულ აზროვნებაში. იმისათვის, რომ ქვეყანამ სრულფასოვნად გამოიყენოს Solana-ს მასშტაბის პლატფორმა, საჭიროა კადრების მომზადება არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ სტრატეგიული თვალსაზრისითაც. სწორედ ამიტომ, Superteam Georgia-ს საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საყრდენი განათლების სექტორთან ინტეგრაციაა.
Web3 სამყარო დღეს იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ტრადიციული საგანმანათლებლო მოდელები ხშირად ვერ ეწევიან ინდუსტრიის მოთხოვნებს. Solana-ს შემოსვლა ამ ხარვეზს ავსებს: ჰაბი უკვე აქტიურად თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან, რათა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ბლოკჩეინტექნოლოგიების სპეციალიზებული კურსები დაინერგოს. ამას ემატება GITA-სთან (ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც ადასტურებს, რომ პროცესი სახელმწიფოებრივ დონეზეა მხარდაჭერილი და ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ნაწილად განიხილება.

"აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რათა სკოლებსა და უნივერსიტეტებში შევიტანოთ სოლანა/ბლოკჩეინკურსები. აგრეთვე, ნოემბერში გავაფორმეთ GITA-თან ურთიერთგაგების მემორანდუმიც. დღეს Web3 და Rust მიმართულება განსაკუთრებით პერსპექტიულია არა მხოლოდ ტექნოლოგიური მნიშვნელობით, არამედ ანაზღაურების კუთხითაც. Web3 სექტორი გლობალურად კონკურენტულია და კომპანიები ოპერირებენ საერთაშორისო ბაზარზე, ამიტომ ანაზღაურებაც ხშირად საერთაშორისო სტანდარტებით ყალიბდება და არა ლოკალური ეკონომიკის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ დეველოპერს, რომელიც საქართველოდან მუშაობს, შეუძლია მიიღოს შემოსავალი, რომელიც უფრო ახლოს არის ევროპულ ან ამერიკულ დონესთან, ვიდრე ადგილობრივ საშუალო ხელფასთან. Rust კი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ტექნიკურად რთული ენაა, განსაკუთრებით ბლოკჩეინინფრასტრუქტურის, უსაფრთხოებისა და მაღალი წარმადობის სისტემების მიმართულებით. ამ კომბინაციის (Web3+ Rust) მქონე სპეციალისტები შედარებით იშვიათნი არიან, ხოლო მოთხოვნა მათზე მაღალია", – განმარტავს მარიამ გოიშვილი.
ჰაბი, როგორც ქომიუნითი
Superteam Georgia-ში ღრმად სწამთ, რომ ნებისმიერი წარმატებული ტექნოლოგიური პროექტის უკან ძლიერი საზოგადოება დგას. Superteam Georgia არ არის მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი ან სასწავლო ცენტრი – ეს არის ქომიუნითი, სადაც იდეების გაზიარება და ურთიერთდახმარება მთავარი ღირებულებაა. ჰაბის მოდელი გულისხმობს, რომ ნებისმიერი ენთუზიასტი, რომელიც Solana-ს ეკოსისტემაში აშენებს, იღებს წვდომას ექსკლუზიურ "ნეთვორქზე", რაც ხშირად იმაზე ძვირადღირებულია, ვიდრე პირდაპირი დაფინანსება. საუბარია კავშირებზე გლობალურ ექსპერტებთან, კერძო ღონისძიებებზე დასწრებასა და იმგვარ მხარდაჭერაზე, რომელიც სტარტაპს იდეის ფაზიდან რეალურ პროდუქტამდე მისვლაში ეხმარება.

"ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ქომიუნითის მოდელი, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ საქართველოში დეველოპერი "სოლანაზე" აგებს, ან თუნდაც "სოლანას" მოყვარულია, მაქსიმალურად დავეხმარებით ნებისმიერი კუთხით: კავშირებით "სოლანას" ეკოსისტემაში, კერძო ღონისძიებების მოწყობით, გრანტებით, პრიზებითა და სხვადასხვა წამახალისებელი აქტივობებით, ყველა კუთხით მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ბლოკჩეინსაზოგადოებას საქართველოში", – აცხადებს მარიამი.
საბოლოო ჯამში, Superteam Georgia-ს შემოსვლა ქართველი დეველოპერებისა და სტარტაპებისთვის იმ ბარიერის მოხსნას ნიშნავს, რომელიც აქამდე ლოკალურ და გლობალურ ბაზრებს შორის არსებობდა. ქვეყანაში ჩნდება კონკრეტული წერტილი, სადაც Rust-ის ცოდნა და ბლოკჩეინზე აგებული პროდუქტი პირდაპირ კონვერტირდება საერთაშორისო კაპიტალსა და მაღალტექნოლოგიურ სამუშაო ადგილებში. ეს არის შანსი, რომ საქართველოდან შექმნილი ტექნოლოგია "სოლანას" ეკოსისტემის მეშვეობით მილიონობით მომხმარებელს მისწვდეს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ პროფილს მომსახურე სფეროდან მაღალტექნოლოგიური ექსპორტის მიმართულებით ცვლის.