სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით სოციალური მეწარმეობის მე-11 ფორუმი გაიმართა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერითა და სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით, სოციალური მეწარმეობის რიგით მე-11 ფორუმი ჩატარდა, რომელსაც სასტუმრო Pullman Axis Towers-მა უმასპინძლა.
2012 წლიდან მოყოლებული, CSRDG-ის მუდმივი მხარდაჭერით, ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც უშუალოდ სოციალური საწარმოები, ისე დარგის მხარდამჭერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციები. ფორუმი ხელს უწყობს სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციას, სოციალურ საწარმოთა მიღწეული სოციალური და ეკონომიკური შედეგების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას და სხვადასხვა სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებას.
მიმდინარე წლის ფორუმის დასკვნითი ნაწილი, ტრადიციულად "წლის სოციალური საწარმოს" გამოვლენას დაეთმო, რომელიც ამჯერად საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ქართული ბრენდი, კაბელებისა და აქსესუარების მწარმოებელი "მწვანე" საწარმო − "ტენე" გახდა. "ტენეს" "წლის სოციალური საწარმოს" სტატუსთან ერთად, ფულადი ჯილდოც გადაეცა საწარმოს განვითარებისათვის, რომლის ოდენობამ 4000 ლარი შეადგინა.
"მოხარულები ვართ, რომ წელს მოგვეცა შესაძლებლობა სოციალური მეწარმეობის მე-11 ფორუმი ტრადიციულად ფიზიკურ სივრცეში ჩაგვეტარებინა. წლევანდელი ღონისძიების მთავარ თემად სოციალური მეწარმეების წარმატებისა და მარცხის ისტორიები შევარჩიეთ, რადგან გამოცდილებაზე დაკვირვებამ დაგვანახა, რომ ფართო აუდიტორიისათვის და განსაკუთრებით დამწყები სოციალური მეწარმეებისთვის, საინტერესოა ამბების მოსმენა იმ იმედგაცრუებებსა თუ გადალახულ გამოწვევებზე, რასაც ქართველი სოციალური მეწარმეები აწყდებიან ყოველდღიურობაში. გარდა ამისა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შევაჯამეთ გასული წლის შედეგები და სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის გაუმჯობესებისკენ მიმართული საქმიანობები. მართალია, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ეკოსისტემის ჩამოსაყალიბებლად, თუმცა წლევანდელ ფორუმზე წარმოდგენილი საჯარო და კერძო ინსტიტუციები და მათი მზადყოფნა გრძელვადიან თანამშრომლობებზე, გვაფიქრებინებს, რომ სფეროთი დაინტერესება მზარდია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიმართულია დადებითი სოციალური შედეგებისკენ", − ამბობს სალომე კუსიანი, სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი.
ღონისძიების ერთ-ერთ ძირითად მიზანს სექტორთა შორის მდგრადი და გამჭვირვალე ურთიერთობის ჩამოყალიბება წარმოადგენს. სოციალურ საწარმოთა ალიანსმა, წლების განმავლობაში უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოპოვება შეძლო როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მხრიდან და მრავალი თანამოაზრის შემოკრებაც მოახერხა ამ იდეის გარშემო. ფორუმს დაესწრო თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურიც, რომელმაც სოციალური მეწარმეობის გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეაჯამა ამ მიმართულებით უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობები (აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა პირველი სოციალური კონცეფციის მაღაზია "ესკი").
"წლის მთავარი ღონისძიებისთვის მზადებას 17 ნოემბრამდე გაცილებით ადრე ვიწყებთ და ყოველთვის ვცდილობთ, ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე შემოვიერთოთ. ჩვენდა სასიხარულოდ, ყოველთვის ვახერხებთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებთან დამეგობრებასა და საერთო ინტერესების აღმოჩენას. უფრო სასიხარულო კი ის ფაქტია, რომ ტრადიციულ ბიზნესებთან თანამშრომლობა მუდმივობით ხასიათდება და წლიდან წლამდე ზოგიერთი მათგანისთვის სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა პრიორიტეტად რჩება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ BDO საქართველო, "ბოდი შოპი" და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია "HSE ჯგუფი" ზედიზედ მეორე წელია, რაც სოციალურ საწარმოთა ალიანსთან თანამშრომლობს. ამასთან, წელს კიდევ უფრო გავაღრმავეთ თანამშრომლობა და ღონისძიების ნაყოფიერად ჩატარებაში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: Majorel საქართველომ, "ტოიოტა თეგეტამ", "აჭარა ჯგუფმა" და ბიზნეს-აქსელერატორმა "სპარკმა". ღონისძიების დასასრულ, სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც სოციალურმა საწარმომ ,,კოდალა" გადაწყვიტა ერთ-ერთი ნომინანტისთვის − "დედიკოსთვის" 500-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა დასაქმებული დედების შვილებისთვის", − ამბობს მარიამ დევრისაშვილი, სოციალურ საწარმოთა ალიანსის კომუნიკაციების მენეჯერი.
სოციალური მეწარმეობის სექტორის განვითარების გზაზე დარგობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის გარდა, მნიშვნელოვანი მისია აკისრია ბიზნესკომპანიებთან ჩამოყალიბებულ მდგრად თანამშრომლობას. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი მიუძღვის საერთო მიზნების გამონახვასა და მათ მისაღწევად გაერთიანებას. სოციალური მეწარმეობის ფორუმი ამ მიმართულებითაც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ტრადიციულ ბიზნესებსა და სოციალურ საწარმოებს. სოციალური მეწარმეობის ფორუმის ვერცხლის სპონსორმა − კომპანია "ბოდი შოპმა" 2000-ლარიანი ფულადი ჯილდო დააწესა ნომინანტი სოციალური საწარმოსთვის "დედიკო", რადგან, ერთი მხრივ, "ბოდი შოპის" CSR-მიმართულებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ქალების გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ, "დედიკო" სწორედ რომ მარტოხელა დედების გასაძლიერებლად დაფუძნდა. საერთო მიზნების გარშემო გაერთიანდნენ ფორუმის ვერცხლის სპონსორი "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" და მეორე ნომინანტი − სოციალური საწარმო "ლიდერი". ნომინანტს ვერცხლის სპონსორისგან 2000-ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცა, რათა ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული საქმიანობები კიდევ უფრო მეტი დადებითი შედეგის მომტანი იყოს ("ლიდერი" გორში დაფუძნებული სოციალური საწარმოა, რომლის სოციალური მისია მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ადგილობრივი ქალების გაძლიერებისკენაა მიმართული).
აღსანიშნავია, რომ წლის სოციალური საწარმოს ნომინაციის გამარჯვებულს ფულადი ჯილდო ორმა კომპანიამ − BDO საქართველომ და Majorel-მა გადასცეს, რომელიც წელს პირველად იყო წარმოდგენილი ვერცხლის სპონსორის ამპლუაში. რაც შეეხება BDO-ს, იგი ვერცხლის სპონსორის სტატუსით ზედიზედ მეორედ წარდგა სოციალური მეწარმეობის ფორუმზე. ასევე, ფორუმის სტუმრებს სიტყვით მიმართეს ორივე კომპანიის წარმომადგენელმა, რომლებმაც ისაუბრეს სოციალური მეწარმეობისა და მისი პოპულარიზაციის, ასევე, თემის ადვოკატირების მნიშვნელობაზე.
როგორც ფორუმის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ღონისძიებას განსაკუთრებული მუხტი შესძინა "ნეთვორქინგის" აქტივობამ, რომელსაც გაუძღვა კომპანია "თიმბოუთი", პაატა პაპავას ხელმძღვანელობით. ღონისძიების მონაწილეებმა, ერთი მხრივ მათთვის უცნობი ადამიანები გაიცნეს, ხოლო მეორე მხრივ, ნაცნობი კოლეგები ხელახლა აღმოაჩინეს, რითაც ფორუმი უფრო დასამახსოვრებელი და სასიამოვნო ემოციებით სავსე გახდა.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი იმართება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანთროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.