"სპეცელი": თანამედროვე ვიზუალური რეკლამის ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ვიზუალური რეკლამა ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სწორად შერჩეული სარეკლამო გადაწყვეტილებები ბიზნესს ეხმარება, გამოირჩეოდეს კონკურენტულ გარემოში, გაზარდოს ცნობადობა და მომხმარებელზე დასამახსოვრებელი შთაბეჭდილება მოახდინოს. ამ პროცესში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს LED მონიტორები და თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც კომპანიებს საკუთარი პროდუქტისა თუ მომსახურების წარმოჩენის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

როგორ ვითარდება ვიზუალური რეკლამის ინდუსტრია საქართველოში, რა უპირატესობები აქვს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს და რატომ ინარჩუნებს ფიზიკური რეკლამა აქტუალობას ციფრული მარკეტინგის ეპოქაში? ამ და სხვა საკითხებზე კომპანია "სპეცელის" დირექტორი, ამირან ბერიაშვილი გვესაუბრება. ის კომპანიის განვითარების ისტორიას, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებს გვიზიარებს.

ყველა წარმატებული ბიზნესის უკან საინტერესო ისტორია დგას. როგორ გაჩნდა "სპეცელის" შექმნის იდეა, რა საჭიროება დაინახეთ ბაზარზე და რატომ გადაწყვიტეთ საქმიანობის სწორედ ამ მიმართულებით დაწყება?

თავისუფალი ბაზრის პირობებში სარეკლამო ტექნოლოგიების განვითარება აუცილებლობად იქცა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო "სპეცელმა", როგორც კომპანიამ, საქმიანობა. ჩვენი პირველი ნაბიჯი სხვა სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობით სავალუტო ტაბლოების დამზადება იყო.

საქმიანობის საწყის ეტაპზევე დავინახეთ ბაზარზე არსებული შესაძლებლობები და განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი. იმ პერიოდში სარეკლამო სფერო პროფესიონალიზმისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობით გამოირჩეოდა, რაც, ერთი მხრივ, გარკვეულ გამოწვევებს ქმნიდა, მეორე მხრივ კი, ახალი შესაძლებლობების ათვისების პერსპექტივას გვაძლევდა.

სწორედ ამ გარემოებებმა განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება, აქტიურად ჩავრთულიყავით სარეკლამო ბიზნესში და ამ მიმართულებით განვვითარებულიყავით. დროთა განმავლობაში ჩვენი გუნდი გაიზარდა, დაგროვდა გამოცდილება, ეტაპობრივად გავაფართოეთ საქმიანობის სფეროები და ავითვისეთ ახალი მიმართულებები. საბოლოოდ, განვითარების ამ პროცესმა LED ტექნოლოგიებამდე მიგვიყვანა, რაც დღეს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

თქვენი საქმიანობა აერთიანებს ვიზუალური რეკლამისა და კომერციული სივრცეების გაფორმების სხვადასხვა მიმართულებას. კონკრეტულად რა პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს და რა ტიპის ბიზნესებისთვის არის თქვენი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით საინტერესო?

ჩვენ ვამზადებთ და ვამონტაჟებთ პრაქტიკულად ყველა სახის ფიზიკურ რეკლამას, როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებისთვის. ჩვენი მომსახურება მოიცავს ფასადის რეკლამის, LED ეკრანების, ბეჭდური სარეკლამო მასალების, ლაითბოქსებისა და მოცულობითი ასოების დამზადებასა და მონტაჟს.

ჩვენი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით საინტერესოა იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც ფიზიკური ლოკაცია აქვთ და სურთ, ქალაქის მრავალფეროვან, ხშირად გადატვირთულ სარეკლამო გარემოში გამოირჩეოდნენ.

თანამედროვე ქალაქში მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა სულ უფრო რთულდება. შესაბამისად, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტისა თუ მომსახურების შეთავაზება, არამედ საკუთარი სივრცის ისე წარმოჩენაც, რომ პოტენციურმა მომხმარებელმა ის მარტივად შეამჩნიოს და დაიმახსოვროს.

სწორედ ამ მიმართულებით ვეხმარებით კომპანიებს. ჩვენი მიზანია, მათი ობიექტები უფრო შესამჩნევი და მიმზიდველი გახდეს, მომხმარებელს გაუჩნდეს მათთან ვიზიტის სურვილი და, ამავდროულად, ბიზნესმა სათანადო იმიჯი ჩამოიყალიბოს. სწორად შერჩეული ვიზუალური რეკლამა მხოლოდ ყურადღების მიპყრობას არ ემსახურება, ის ბრენდის აღქმასა და მის მიმართ დამოკიდებულებაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

თანამედროვე კომერციულ სივრცეებში სულ უფრო აქტიურად გამოიყენება LED ეკრანები და ციფრული ვიზუალური გადაწყვეტილებები. რა უპირატესობა აქვს მათ ტრადიციულ რეკლამასთან შედარებით და როგორ შეუძლია ბიზნესს ამ ტექნოლოგიების გამოყენება არა მხოლოდ ყურადღების მისაქცევად, არამედ გაყიდვებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად?

LED ეკრანები ბიზნესს მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს, თუმცა, ჩემი აზრით, მათი მთავარი უპირატესობა ორი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში გამოიხატება.

პირველი მომხმარებლის ყურადღების მიპყრობას უკავშირდება. თანამედროვე გარემოში ადამიანის ყურადღების მოპოვება სულ უფრო რთულდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ტრადიციულ, სტატიკურ სარეკლამო საშუალებებს ეხება. ძველი ტიპის ფიზიკური სარეკლამო განთავსებებით მომხმარებლის დაინტერესება და მისი ყურადღების შენარჩუნება გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა გარემოს მუდმივი ცვალებადობაა. ბაზარი სწრაფად ვითარდება, იცვლება მომხმარებლის პრეფერენციები, მოთხოვნები და ქცევა. ტრადიციული სარეკლამო საშუალებებით კი ამ ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა ხშირად რთულია, რადგან სარეკლამო მასალის განახლება დამატებით დროსა და რესურსს მოითხოვს.

სწორედ ამ ორი მიმართულებით გვთავაზობს LED ტექნოლოგია მნიშვნელოვან უპირატესობებს.

მოძრავი ვიზუალური გამოსახულებები, როგორც წესი, გაცილებით ეფექტურად იპყრობს ყურადღებას, ვიდრე სტატიკური რეკლამა. შესაბამისად, LED ეკრანზე განთავსებული ვიდეორგოლები და დინამიკური ვიზუალური მასალები საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლის ყურადღება ჩვენი ბიზნესისკენ მივმართოთ.

ამასთანავე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა მოქნილობაა. LED ეკრანზე გამოსახულების შეცვლა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, სწრაფად მოერგოს ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებს, სიახლეებსა და მომხმარებლის ქცევას.

ეკრანებზე შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის, სპეციალური შეთავაზებების, ახალი პროდუქტების შესახებ ცნობებისა თუ, უბრალოდ, მიმზიდველი ვიზუალური კადრების განთავსება. ეს განსაკუთრებით ეფექტურია იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი რეკლამა გარკვეული დროის შემდეგ მომხმარებლისთვის ჩვეული ხდება და თავდაპირველ ეფექტს ნაწილობრივ კარგავს.

LED ეკრანის შემთხვევაში ამ პრობლემის გადაჭრა მარტივია, როგორც კი კონკრეტული სარეკლამო მასალა მომხმარებლის თვალში აქტუალობას ან სიახლეს დაკარგავს, მისი ახალი ვიზუალით ჩანაცვლება რამდენიმე წამშია შესაძლებელი.

შედეგად, ბიზნესი მუდმივად ინარჩუნებს კომუნიკაციის განახლების შესაძლებლობას, უკეთ ერგება მომხმარებლის ინტერესებს და უფრო ეფექტურად იყენებს საკუთარ სარეკლამო სივრცეს.

საბოლოო ჯამში, ამ ტექნოლოგიების სწორად გამოყენება ხელს უწყობს მომხმარებლის ყურადღების მიპყრობას, ობიექტზე ვიზიტების რაოდენობის ზრდასა და, შესაბამისად, გაყიდვების გაუმჯობესებას.

რომელ სექტორებთან თანამშრომლობთ ყველაზე აქტიურად, როგორია თქვენი თანამშრომლობის მოდელი და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ერთჯერადი შეკვეთის ნაცვლად გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება?

"სპეცელის" პორტფოლიოში თითქმის ყველა სექტორის წარმომადგენელ კომპანიას შეხვდებით. ფიზიკური რეკლამა არ არის პროდუქტი, რომელიც მხოლოდ ერთი კონკრეტული სფეროსთვის შეიძლება იყოს საჭირო. პირიქით, მისი გამოყენების შესაძლებლობები საკმაოდ მრავალფეროვანია და სხვადასხვა ტიპის ბიზნესის საჭიროებებს პასუხობს.

თუმცა, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ყველაზე აქტიურად საცალო ვაჭრობის ობიექტებთან, კვების დაწესებულებებთან და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ვთანამშრომლობთ.

რაც შეეხება თანამშრომლობის მოდელს, ნებისმიერი B2B კომპანიისთვის გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მხრივ არც ჩვენ ვართ გამონაკლისი.

ჩვენი მთავარი ინტერესი თითოეული კლიენტისთვის რეალური ღირებულების შექმნა და პრაქტიკული, ხელშესახები შედეგის მიღწევაა. გვინდა, რომ ჩვენი მომსახურება მხოლოდ კონკრეტული შეკვეთის შესრულებით არ შემოიფარგლებოდეს და ბიზნესს გრძელვადიან პერსპექტივაშიც მოუტანოს სარგებელი.

სწორედ ამიტომ ვცდილობთ, თითოეულ ახალ პროექტს არა როგორც ერთჯერად თანამშრომლობას, არამედ ხანგრძლივი პარტნიორობის დასაწყისს შევხედოთ.

მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიცნოთ პარტნიორი კომპანიების საჭიროებები, უფრო ეფექტურად ვუპასუხოთ მათ მოთხოვნებს და თანამშრომლობა ურთიერთნდობასა და საერთო ინტერესებზე დავაფუძნოთ.

ნებისმიერი წარმატებული პროექტის მიღმა პროფესიონალთა გუნდი დგას. როგორია "სპეცელის" სამუშაო პროცესი, იდეიდან საბოლოო მონტაჟამდე? რა როლი აქვს გუნდის გამოცდილებას, ტექნიკურ ცოდნასა და დეტალებზე ორიენტირებულ მუშაობას საბოლოო შედეგის მიღწევაში?

გუნდის ცოდნასა და გამოცდილებას კომპანიის წარმატებაში უდიდესი როლი აქვს. ვფიქრობ, ამას ჩვენი თითოეული განხორციელებული პროექტით ვადასტურებთ.

თუმცა პროფესიონალიზმსა და ტექნიკურ ცოდნასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირებულობა. სწორედ დეტალებისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს ხშირად საბოლოო შედეგის ხარისხს.

მიხარია, რომ "სპეცელის" გუნდის წევრები ამ თვისებით განსაკუთრებით გამოირჩევიან.

ჩემი აზრით, სწორედ დეტალებია ის, რაც შედევრს ჩვეულებრივი ნამუშევრისგან განასხვავებს. შესაძლოა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ელემენტიც კი გადამწყვეტი აღმოჩნდეს იმისთვის, თუ რამდენად ხარისხიანი, გამართული და ეფექტური იქნება საბოლოო პროდუქტი.

ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ორიენტირებულია იმაზე, რომ საკუთარი საქმე მაქსიმალურად კარგად შეასრულოს და მომხმარებელს ისეთი შედეგი შესთავაზოს, როგორსაც ის იმსახურებს.

ამასთანავე, კომპანიაში საკმაოდ უშუალო, მეგობრული სამუშაო გარემო და ერთიანი სულისკვეთებაა. გუნდის წევრებს საერთო მიზნები აერთიანებთ, რაც ყოველდღიურ საქმიანობასა და პროექტების განხორციელების პროცესშიც ნათლად იგრძნობა.

ვფიქრობ, სწორედ პროფესიონალიზმის, დეტალებისადმი ყურადღებისა და გუნდური ერთიანობის ერთობლიობამ განაპირობა ჩვენი წარმატება.

ციფრული მარკეტინგის ეპოქაში შესაძლოა გაჩნდეს შთაბეჭდილება, რომ ფიზიკური რეკლამის მნიშვნელობა მცირდება. თქვენი გამოცდილებით, რეალურად როგორ იცვლება მოთხოვნა გარე რეკლამაზე, LED ტექნოლოგიებსა და კომერციული სივრცეების ვიზუალურ გაფორმებაზე? რა შესაძლებლობებს ხედავთ ქართულ ბაზარზე უახლოეს წლებში?

დიახ, დღეს მარკეტინგში ძირითადი აქცენტი მნიშვნელოვნად არის გადატანილი ციფრულ მიმართულებაზე. კომპანიების დიდი ნაწილი უპირატესობას სწორედ ციფრულ მარკეტინგს ანიჭებს და საკუთარი რესურსების მნიშვნელოვან ნაწილსაც ამ არხებისკენ მიმართავს.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფიზიკურმა რეკლამამ ეფექტიანობა დაკარგა. პირიქით, ჩემი აზრით, მისი როლი უფრო კონკრეტული და მიზანმიმართული გახდა.

ციფრულ მარკეტინგს მრავალი უპირატესობა აქვს, თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, ნდობის საკითხი.

მომხმარებლისთვის ის, რასაც საკუთარი თვალით ხედავს და რეალურ გარემოში აღიქვამს, ხშირად გაცილებით უფრო სანდოა, ვიდრე მხოლოდ ციფრულ სივრცეში ნანახი ინფორმაცია.

როდესაც ადამიანი უშუალოდ ხედავს პროდუქტს, კომპანიის ფიზიკურ სივრცეს, ბრენდის ფასადს ან მის გარე რეკლამას, მიღებული შთაბეჭდილება ხშირად უფრო ძლიერი და დამაჯერებელია.

ეს გარკვეულწილად ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა. რეალურ გარემოში დანახული და აღქმული ინფორმაცია მომხმარებლის მეხსიერებაში განსხვავებულ კვალს ტოვებს.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ სწორად დაგეგმილ ფიზიკურ რეკლამას დღემდე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ხარისხიანი და დამამახსოვრებელი ვიზუალური გადაწყვეტა მომხმარებლის ყურადღებას იპყრობს და ბრენდის ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს.

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ცნობადობის ამაღლებაზე ორიენტირებულ კამპანიებზე, ფიზიკური რეკლამა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და, გარკვეულ შემთხვევებში, შეუცვლელ ინსტრუმენტად რჩება.

შესაძლოა, საშუალო მასშტაბის ბიზნესების ნაწილმა ფიზიკური რეკლამის გარკვეული ფუნქციები ციფრული არხებით ჩაანაცვლა, თუმცა უფრო მაღალ დონეზე, როდესაც კომპანია საკუთარი ბრენდის განვითარებასა და გრძელვადიან პოზიციონირებაზე ფიქრობს, ეს ორი მიმართულება ერთმანეთს კი არ უნდა უპირისპირდებოდეს, არამედ ავსებდეს.

ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტური მიდგომა სწორედ ფიზიკური და ციფრული რეკლამის ურთიერთშეთავსებაა. თითოეულ მათგანს საკუთარი ძლიერი მხარე აქვს და მათი სწორად გამოყენება ბიზნესს უფრო მრავალფეროვანი და შედეგიანი მარკეტინგული კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები: ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მომსახურების გაფართოება თუ ახალი ბაზრების ათვისება? დაბოლოს, რას ეტყოდით იმ ბიზნესებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რამდენად ღირს ხარისხიან ვიზუალურ რეკლამასა და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებში ინვესტირება?

ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ქართულ ბაზარზე LED მონიტორების დანერგვასა და მათი გამოყენების შესაძლებლობების განვითარებაზე.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბიზნესსექტორში გაიზარდოს ცნობიერება LED ტექნოლოგიების შესაძლებლობებისა და იმ კონკრეტული სარგებლის შესახებ, რომლის მიღებაც კომპანიებს მათი საკუთარ საქმიანობაში გამოყენებით შეუძლიათ.

ვცდილობთ, ბიზნესის წარმომადგენლებს უკეთ დავანახოთ, რომ LED მონიტორები მხოლოდ თანამედროვე ვიზუალური ელემენტი არ არის. ეს არის ინსტრუმენტი, რომლის სწორად გამოყენებაც შესაძლებელია კონკრეტული კომერციული მიზნების მისაღწევად.

შესაბამისად, ჩვენი ამჟამინდელი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ამ ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ქართულ ბაზარზე მათი დანერგვის ხელშეწყობა და ბიზნესებისთვის მათი პრაქტიკული ღირებულების წარმოჩენაა. ეს მიმართულება ჩვენს სამომავლო გეგმებშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

რაც შეეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, ღირს თუ არა ხარისხიან ვიზუალურ რეკლამასა და თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირება, მათ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებინებდი ყურადღებას.

შესაძლოა, გქონდეთ უნიკალური პროდუქტი, მაგრამ მომხმარებელმა, უბრალოდ, ვერ შეგამჩნიოთ. შესაძლოა, სთავაზობდეთ საუკეთესო მომსახურებას, თუმცა თანამედროვე ტენდენციებს ფეხს ვერ უწყობდეთ და საკუთარი შესაძლებლობების სათანადოდ წარმოჩენას ვერ ახერხებდეთ.

თუ სათანადო ყურადღებას არ დაუთმობთ იმას, თუ როგორ გამოიყურება თქვენი ბიზნესი, რამდენად შესამჩნევია ის და როგორ აღიქვამს მას მომხმარებელი, შესაძლოა, პოტენციური მომხმარებლები მანამდე დაკარგოთ, სანამ ისინი თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურების უშუალოდ გამოცდას მოასწრებენ.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ხარისხიანი ვიზუალური რეკლამა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის არა მხოლოდ დამატებითი ხარჯი, არამედ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა და განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.