Stafika – ინოვაცია HORECA სექტორისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
HORECA სექტორი (სასტუმროები, რესტორნები და კაფეები) ყოველდღიურად დგას ოპერაციული სირთულეების წინაშე. დროებითი თანამშრომლების მოძიება, საჭირო პროდუქტების შეძენა და ხარჯების ეფექტიანი მართვა ხშირად დიდი გამოწვევაა.
სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად შექმნეს გრიგოლ ყველაიძემ, მიხეილ როხვაძემ, კარლო ბაკურიამ და კარლო ფირანიშვილმა Stafika - პლატფორმა, რომელიც ინოვაციურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს ბიზნესს.
"წარმოიდგინეთ, თქვენს რესტორანში დაგეგმილია ღონისძიება 300 პერსონაზე, მაგრამ არ გყავთ საკმარისი რაოდენობის თანამშრომელი ან მარაგებია ამოწურული. ეს სცენარი საქართველოში HORECA ბიზნესისთვის ყოველდღიური რეალობაა, - ამბობს გრიგოლი ყველაიძე, Stafika-ს დამფუძნებელი და მთავარი ოპერაციული ოფიცერი (COO), Stafika ამ პრობლემას მარტივად აგვარებს - დროებით თანამშრომლებს 2-3 დღის ნაცვლად 2 საათში გაწვდით, ხოლო პროდუქტებს სააქციო ფასად გთავაზობთ, რაც ხარჯებს 30-50%-ით ამცირებს".
Stafika-ს იდეა გრიგოლსა და თანადამფუძნებელს, მიხეილ როხვაძეს, რესტორან Pelagon-ში მუშაობის დროს გაუჩნდათ.
"ჩვენ პირადად დავინახეთ, როგორია სწრაფი და ხარისხიანი დასაქმების საჭიროება, როდესაც დიდი შეკვეთების დროს დროებითი კადრების პოვნა ნამდვილ პრობლემად იქცევა", - იხსენებს გრიგოლი. მათი მიზანი იყო პლატფორმის შექმნა, რომელიც ბიზნესებსა და დროებით თანამშრომლებს ერთმანეთს დააკავშირებდა და ამ პროცესს გაცილებით მარტივსა და გამჭვირვალეს გახდიდა.
"Stafika არ არის მხოლოდ დასაქმების პლატფორმა, - აღნიშნავს მიხეილი, ჩვენ ვამარტივებთ მენეჯერების ცხოვრებას, ვაძლევთ პერსონალიზებულ რეკომენდაციებს და ვეხმარებით ხარჯების შემცირებაში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს HORECA სექტორში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას".
Stafika-ს შექმნა გაბედული ნაბიჯი იყო, რომელიც გლობალურ ტენდენციას ეხმიანებოდა. COVID-19-ის შემდეგ დროებითი დასაქმებისა და მოქნილი სამუშაოს მოდელების პოპულარობა გაიზარდა.
"Stafika სწორედ ამ ცვლილებაზე რეაგირებს, თუმცა ამგვარი აპლიკაციის შექმნა, ასევე, მოითხოვდა ინოვაციურ ხედვას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და დიდ გამბედაობას".
გრიგოლის თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა ფინანსური რესურსების მოპოვება და დროის მართვა იყო. "ჩვენ GITA-ს ტექნოლოგიური სტარტაპების კონკურსის ფინალისტები ვიყავით, თუმცა დაფინანსება ვერ მოვიპოვეთ. ამის მიუხედავად, პირადი რესურსებითა და დაუღალავი შრომით შევძელით აპლიკაციის შექმნა და მისი ბაზარზე გაშვება", - იხსენებს გრიგოლი.
გარდა ფინანსური სირთულეებისა, გამოწვევა იყო სამუშაოს პარალელურად სტარტაპის განვითარება. "ეს იყო ყოველდღიური ბრძოლა, მაგრამ სწორი პრიორიტეტების განსაზღვრითა და გუნდური ძალისხმევით ყველაფერი შევძელით", - დასძენს ის.
Stafika-ს გუნდისთვის მთავარი მოტივაცია ის ადამიანები არიან, რომლებსაც პლატფორმა ყოველდღიურ სირთულეებს უმარტივებს. "ჩვენი ინსპირაცია მომხმარებლების დადებითი გამოხმაურებაა. როდესაც ვხედავთ, როგორ ეხმარება მათ ჩვენი პლატფორმა, ეს დამატებით ენერგიას გვაძლევს", - ამბობს კარლო ბაკურია.
წლის განმავლობაში Stafika-ს მიზანია, გააფართოოს მომხმარებლების ბაზა და HORECA სექტორს, რომელსაც 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია, დაუკავშიროს სამუშაოს მაძიებელი 9 000 პროფესიონალი.
"ჩვენ ვგეგმავთ აპლიკაციაში ხელოვნური ინტელექტის სრულ ინტეგრაციას, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო ეფექტური და პერსონალიზებული გამოცდილება შევთავაზოთ", - აღნიშნავს კარლო ფირანიშვილი.
Stafika ასევე გეგმავს რეგიონულ ბაზარზე გასვლასა და საერთაშორისო პილოტური პროექტების დაწყებას.
"ჩვენი მიზანია, Stafika იქცეს წამყვან პლატფორმად არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის HORECA სექტორისთვის, ამისთვის კი ვეძებთ სტრატეგიულ ინვესტორებს, რომლებიც გაიზიარებენ ჩვენს ხედვას და დაგვეხმარებიან მასშტაბირებაში. ჩვენი გუნდი ეძებს სტრატეგიულ ინვესტორებს, რომლებიც გაიზიარებენ ჩვენს ხედვას და დაგვეხმარებიან მასშტაბირებაში, გავხადოთ Stafika არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც წამყვანი პლატფორმა HORECA სექტორისთვის", - ამბობს მიხეილი .
Stafika ჰორეკა სექტორში არა მხოლოდ პრობლემების გადაჭრის გზაა, არამედ პლატფორმა, რომელიც ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. გუნდის ძალისხმევა ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ინოვაციურმა იდეამ გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ ინდუსტრიაზე, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
"ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ Stafika იქცეს საუკეთესო გადაწყვეტილებად ბიზნესებისა და დასაქმებულებისთვის", - აღნიშნავს გრიგოლი.