Black Friday Sale! 50% Off All Access

Start-up ზაფხული - ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ-გარაჟის ანტრეპრენერული ინიციატივა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტარტაპებისა და ინოვაციური ანტრეპრენერული იდეების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა ალტე უნივერსიტეტისთვის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. ზაფხულის თავისუფალი დრო საინტერესოდ გამოიყენეს და მნიშვნელოვან პროექტსაც ჩაუყარეს საფუძველი. მისი სახელწოდებაა "Start-up ზაფხული", რომლის ფარგლებშიც მთელი ზაფხულის განმავლობაში, სრულიად საქართველოს მასშტაბით არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა, მათ შორის:

  • საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში დაიწყო პროექტი "სკოლის ინოვატორთა კლუბები", რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან ერთად ხორციელდება. აღნიშნული კლუბების მიზანი ალტე უნივერსიტეტის ჩართულობით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, საინტერესო სამეწარმეო იდეების აღმოჩენა და მხარდაჭერაა.
  • ბათუმის ამერიკულ კუთხესთან და ბათუმის ტექნოპარკთან თანამშრომლობით, 27 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, ქ. ბათუმში, ერას მოედანზე, ჩატარდა ტრენინგ-სესიები, შეხვედრები მენტორებთან და მინიმარათონი.

პროექტ "Startup ზაფხულის" მიზნების, შედეგებისა და პერსპექტივის შესახებ, Entrepreneur ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ-გარაჟის ხელმძღვანელ თეონა დალაქიშვილს ესაუბრა:

"პროექტ "Startup ზაფხულის" მიზანია სამეწარმეო კომპეტენციების განვითარება ახალგაზრდებში. შესაბამისად, ეს პროექტი სწორედ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საკმაოდ ადრეულ ეტაპზე ვიწყებთ მუშაობას, რათა რაც შეიძლება მეტი საინტერესო ახალგაზრდა აღმოვაჩინოთ და მივცეთ მათ იდეებს განვითარების შესაძლებლობა. რაც შეეხება პროექტის მიზანს, ალტე უნივერსიტეტს სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებაში ცოდნისა და კომპეტენციების ამაღლების გზით. დღეის მდგომარეობით, "Startup ზაფხულის" ბოლოს გვყავს 500-ზე მეტი ახალგაზრდა, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ იდეებზე მუშაობის აქტიურ პროცესში", − აცხადებს თეონა დალაქიშვილი.

თეონას თქმით, "სკოლის ინოვატორთა კლუბები" ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან ერთად და UNDP-ის მხარდაჭერით, 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში, 20-ზე მეტ სკოლაში შეიქმნება. "Startup ზაფხულის" ფარგლებში უკვე ჩატარდა მასწავლებელთა ტრენინგი მეწარმეობაში, ასევე 8 ინოვაციის ბანაკი და დასკვნითი ღონისძიების სახით, 27 ივლისიდან 14 აგვისტომდე, ბათუმში ე.წ. "სტარტაპ ტენტი" მოეწყო, რამაც დამატებით 100-ზე მეტ ახალგაზრდას მისცა იდეებზე მუშაობის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა.

რაც შეეხება ბათუმში გამართულ ტრენინგების სერიას, მან სტარტი ივლისის თვეში აიღო და 14 აგვისტოს დასრულდა. ამ თვენახევრის განმავლობაში 20-მდე ღონისძიება გაიმართა, მათ შორის შეხვედრები სტარტაპერებთან ისეთ თემებზე, როგორებიცაა: NFT და ბლოკჩეინ-ტექნოლოგია, ქრაუდფანდინგი, 3D-მოდელირება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ პროექტში აქტიურად მონაწილეობდა ბათუმის ტექნოპარკი და ბათუმის ამერიკული კუთხე, ხოლო დასკვნითი შეხვედრა ალტე უნივერსიტეტმა სვანეთიდან ჩამოსულ 50 ახალგაზრდასთან გამართა. როგორც ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ-გარაჟის ხელმძღვანელი გვიამბობს, პროექტის ფარგლებში შეხვედრების მონაწილეები არაერთ იდეაზე მუშაობდნენ, მათ შორის უმთავრესი კი ციფრული ტექნოლოგიების გზით სოციალური პრობლემების გადაჭრის გზები გახლავთ.

Startup ზაფხული, 14 აგვისტოს, ბათუმში, ერას მოედანზე გამართული დასკვნითი ღონისძიებით (Care International-ბანაკით) დასრულდა, თუმცა ალტე უნივერსიტეტის მიერ მხარდაჭერილი პროექტები და ინიციატივები, ადგილობრივ ბაზარზე ანტრეპრენერული ცოდნის ამაღლების კუთხით, სრულიად საქართველოს მასშტაბით კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia