სტარტაპ დეკრეტი თიბისისგან ინოვატორი თანამშრომლებისთვის სტარტაპი ახალშობილ ბავშვზე არანაკლებ ყურადღებასა და ენერგიას მოითხოვს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დეკრეტში გასვლა რამდენიმე შემთხვევაშია შესაძლებელი: 1.გახდით დედა; 2. გახდით მამა; 3. წამოიწყეთ საკუთარი სტარტაპი. "სტარტაპ დეკრეტი" − ასეთი სახელწოდება შეურჩია თიბისიმ პროექტს, რომელიც ინოვაციურ, გამბედავ და რისკიან თანამშრომლებს იდეების განხორციელებაში ეხმარება. რა არის "სტარტაპ დეკრეტი"? ნიკა ქურდიანი − თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და მარიამ კიკალეიშვილი − პროგრამა "სტარტაპერის" ხელმძღვანელი Entrepreneur-ს თიბისის ახალი პროექტის შესახებ ესაუბრნენ.
პროექტის შთაგონება მორიგი ბრეინშტორმინგის დროს მოვიდა. მსჯელობის მთავარი თემა საქართველოში სტარტაპეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა იყო. რაც მეტი მხარდაჭერა აქვს სტარტაპერს, მით მეტი შანსია, ანტრეპრენერობის გზაზე გადაღობილ წინააღმდეგობებს არ შეუშინდეს. ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, გუნდში "სტარტაპ დეკრეტის" სახელწოდების პროექტი დაიბადა, რომელსაც თითოეული თანამშრომელი აღფრთოვანებით შეხვდა.
მექანიზმი მარტივია: თიბისელს, რომელიც სტარტაპერობას გადაწყვეტს, შანსი აქვს 6 თვით დეკრეტში გავიდეს, შეინარჩუნოს ხელფასი და მაქსიმუმ 6 თვის შემდეგ სამსახურში დაბრუნებაც შეძლოს.
"ბევრი ისეთი თანამშრომელი გვყავს, რომელიც თიბისიში მუშაობის პარალელურად საკუთარ სტარტაპს მართავს. მაგალითად, თიბისიში მუშაობს Giovanni Morra-ს იდეის ავტორი და ხელმძღვანელი, სოციალური კაფე "ასკილის" იდეის ავტორი. ერთ-ერთმა თიბისელმა GITA-ს 100 ათასლარიანი გრანტიც კი მოიგო", − ამბობს ნიკა ქურდიანი. სტარტაპ დეკრეტის მთავარი მიზანი თანამშრომელთა შორის ახალი, ინოვაციური იდეების ხელშეწყობა და ახალი თაობის ანტრეპრენერების დაბადებაა.
რაც შეეხება ტერმინს "დეკრეტი"− ახალი სიცოცხლის მოვლენასთან დაკავშირებული ანაზღაურებადი შვებულება როგორც დედებს, ისე მამებს კანონმდებლობით ეკუთვნით. სტარტაპი კი ახალშობილ ბავშვზე არანაკლებ ყურადღებასა და ენერგიას მოითხოვს. "სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, პროექტისთვის "სტარტაპ დეკრეტი" დაგვერქმია და არა, მაგალითად, შვებულება. სტარტაპერები ხომ ხშირად თავადაც ამბობენ, რომ ახალშექმნილი კომპანია მათი შვილია".
პროექტის გამარჯვებულთა ვინაობა სექტემბერში გახდება ცნობილი. საწყის ეტაპზე თანამშრომლები ინფორმაციას ახალი პროექტის შესახებ მიიღებენ და შეძლებენ, რომ განაცხადით მიმართონ იდეის ავტორებს, შემდეგ კი მოწვეული ჟიური თითოეულის განაცხადს განიხილავს და გამარჯვებულ სტარტაპერებს გამოავლენს. ისინი ნებისმიერ დროს შეძლებენ "სტარტაპ დეკრეტის" გამოყენებას და მაქსიმუმ 6 თვის შემდეგ სამსახურში დაბრუნებას − თუკი მოისურვებენ.
თიბისის გენერალური დირექტორი თავად მოუწოდებს თანამშრომლებს, პროექტში ჩაერთონ. სწორედ ესაა ნიშანი, რომ მთელი გუნდი ერთ აზრზეა. თითოეული ჩვენგანის სურვილია, ახალი იდეები წავახალისოთ და ჩვენს თანამშრომლებს პირადი ინტერესების განვითარების საშუალება მივცეთ. მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში თითოეულ გამარჯვებულს ხელფასი შეუნარჩუნდება და თუკი 6 თვის თავზე თიბისიში დაბრუნებას აღარ მოისურვებს, რადგან მისი სტარტაპი წარმატების გზას დაადგა, მხოლოდ გაგვიხარდება", − ამბობს მარიამ კიკალეიშვილი, პროგრამა სტარტაპერის ხელმძღვანელი.
თავად მარიამი წარმატებული სტარტაპერია. ის მეგობრებთან ერთად რუსთავში სოციალურ კაფე "ასკილს" მართავს. გეგმაში კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რომლებიც დედაქალაქს გასართობი ლოკაციებითა და მრავალფეროვნებით ჩამორჩებიან, მსგავსი ტიპის ადგილების შექმნაა − შეკრებებისთვის, ფინჯანი ჩაისთვის თუ უბრალოდ, წიგნის წასაკითხად.
ყველა სტარტაპერი დაგვეთანხმება, რომ 6 თვე ბიზნესის ფეხზე დასაყენებლად წარმოუდგენლად მცირე ვადაა. არც პროექტის ავტორები მოიაზრებენ, რომ გამარჯვებულიდან რომელიღაც მათგანი 6 თვეში საკუთარ ბიზნესს სრულფასოვნად აამუშავებს და მართვის ავტომატურ რეჟიმზე გადაიყვანს. "სტარტაპ დეკრეტის" იდეა და მიზანი ისაა, რომ იდეებით დახუნძლულ ადამიანებს მისცეს დრო და სივრცე, მიიღონ გადაწყვეტილება და ბედი სტარტაპში მოსინჯონ, შემდეგ კი თავად გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა, მთელი ენერგია რისკიან, ახალ და რთულ პროექტს მოახმარონ.
"ეს დრო შემდეგი ნაბიჯის განსასაზღვრად სრულიად საკმარისია. ახალი პროექტის წამოწყების პარალელურად, სამსახურში სიარული რთულია − მიუხედავად იმისა, რომ თიბისიში სტანდარტული გრაფიკი არ გვაქვს და თანამშრომლებს დიდ თავისუფლებას ვაძლევთ. თუმცა, როცა გაქვს ფუფუნება, 6 თვე საკუთარ საქმეს მოახმარო, თანაც კომპანია გაზღვევს იმით, რომ უკან დაბრუნებას შეძლებ, და ამ ხნის განმავლობაში ხელფასი შეგინარჩუნდება, ბევრს ნიშნავს".
რა სიხშირით გამოვლინდებიან თიბისიში "სტარტაპ დეკრეტის" გამარჯვებულები, ამას განცხადების რაოდენობა და იდეების პერსპექტიულობა ცხადყოფს. პრიორიტეტი ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებს მიენიჭებათ.
თიბისის მთავარი მიზანი სტარტაპეკოსისტემის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანაა. "სწორედ ამ მიზნით ვმართავთ ბიზნესდაჯილდოებას, ვახორციელებთ პროგრამა "სტარტაპერს" და სხვადასხვა პროექტს. გვსურს, ახალი ბიზნესების წამოწყებასა და განვითარებას შევუწყოთ ხელი", − ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი.