''სტარტაპ-დეკრეტი'' თანამშრომლებს თიბისისგან ინოვაციური პროექტი ახალი ნოვატორული იდეებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"სტარტაპ-დეკრეტი" თიბისის ინოვაციური პროექტია, რომელიც ორგანიზაციაში თანამშრომლებს შორის ახალ ნოვატორულ იდეებსა და საკუთარი საქმის წამოწყებას ასტიმულირებს. ამასთანავე, ქვეყანაში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს. თუ რომელიღაც თიბისელს განსაკუთრებულად საინტერესო ტექნოლოგიური ან ინოვაციური იდეა აქვს და სურს საკუთარ საქმეს მეტი დრო და ძალისხმევა დაუთმოს, შესაბამისი ჟიურისგან იდეის მოწონების შემთხვევაში, 6-თვიანი ანაზღაურებადი "სტარტაპ-დეკრეტით" შეუძლია ისარგებლოს.
2019 წელს გამოცხადებისთანავე, პროექტმა თიბისის თანამშრომელთა დიდი ინტერესი დაიმსახურა. დეკრეტის მოპოვების მსურველთა რიცხვიც საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. წარდგენილი სტარტაპ-იდეებიდან გამარჯვება სამმა მოიპოვა. მათგან სტარტაპ-შვებულებით თორნიკე ყიფიანი უკვე სარგებლობს და საკუთარ წამოწყება Inventors-ს ავითარებს.
"მე პირადად, სამსახურსა და ჩემს სტარტაპს შორის ვიყავი გახლეჩილი. ამ პროექტმა უპირველესად მომცა დრო, რომელიც მჭირდებოდა. ასევე, თავდაჯერებულობა, რადგან სტარტაპმა, რომელიც წამოვიწყეთ, თიბისისგან ასეთი მხარდაჭერა დაიმსახურა. Inventors-ი უკვე წელიწადზე მეტია რაც ფუნქციონირებს. როდესაც "სტარტაპ დეკრეტის" პროექტში მონაწილეობა მივიღე, ის უკვე მუშაობის აქტიურ ფაზაში იყო გადასული. თუმცა, როგორც ვახსენე, ძირითადად სამსახურის შემდეგ მიწევდა მუშაობა და ხშირად სამსახურის შესვენებებსაც მას ვუთმობდი", − გვიყვება თორნიკე ყიფიანი.
Inventors-ი საავტომობილო სფეროს ის ინოვაციური პლატფორმაა, რომლის სერვისიც როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს ავტონაწილების მოძიებასა და დისტრიბუციაში ეხმარება. პლატფორმა 3000-მდე ავტონაწილით მოვაჭრეს ერთ სივრცეში აერთიანებს. მათ შორის შეხვდებით როგორც ახალი, ისე მეორადი ავტონაწილებით მოვაჭრეებსა და იმპორტიორებს.
"მომხმარებელი, იმის მაგივრად, რომ თვითონ მოიძიოს ავტომობილის ნაწილი, მოგვმართავს Facebook-ზე ან ავსებს განაცხადს ჩვენს ვებგვერდზე: inventors.ge ჩვენ კი ვიძიებთ მისთვის სასურველ ნაწილს, ვუთანხმებთ ფასს, უზრუნველვყოფთ გარანტიას, გადახდის სერვისსა და მიწოდებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა დისკომფორტს ვაცილებთ თავიდან, რაც ამ პროცესთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ვემსახურებით სადაზღვევო კომპანიებს და მოკლე დროში დაზიანებული ავტომობილების დისტანციურად შეფასებას ვახდენთ", − გვიხსნის თორნიკე.
სტარტაპის გუნდი უკვე 11 წევრისგან შედგება და შიდა პროგრამებთან ერთად თითოეული მოთხოვნის დამუშავებას ახდენს. როგორც თორნიკე გვიყვება, სერვისზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ხშირად 11-კაციანი გუნდის რესურსი ყველას დასაკმაყოფილებლად არასაკმარისია. თუმცა, სრულფასოვანი და ხარისხიანი სერვისის გასაწევად, გამოსავალი უკვე ნაპოვნი აქვთ. 2019 წელს "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" გრანტის მოპოვებამ საშუალება მისცა, ახალ აპლიკაციაზე დაეწყოთ მუშაობა. ის სამ თვეში გაეშვება და მომსახურების პროცესსა და ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ცოტა ხნის წინ კი "თიბისი სტარტაპერის" აპლიკაციების კონკურსშიც გაიმარჯვეს, რაც დამატებითი შესაძლებლობაა, რათა პროდუქტი სრულფასოვნად დახვეწონ. აპლიკაციის ვალიდაციის გავლის შემდეგ კი, მომსახურების შეტანას მეზობელ ქვეყნებში გეგმავენ. ვინაიდან პროცესი საკმაოდ რთულია და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მსხვილ ბიზნესებთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ და ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს აქტიურად ეძებენ.
ახლა კი თიბისი თანამშრომლებს უკვე მეორედ აძლევს "სტარტაპ დეკრეტით" სარგებლობისა და 6-თვიანი სრულად ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობას. პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
ამასთანავე, გამარჯვებული თიბისელები ავტომატურად პროგრამა "სტარტაპერში" ერთვებიან და ფინანსური თუ არაფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ. გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური სექტემბერში გამოავლენს. როგორც თიბისის ადამიანური კაპიტალის განყოფილების ხელმძღვანელი, გვანცა მურღვლიანი გვეუბნება, ორგანიზაციაში უკვე დიდი მზადებაა და უამრავ საინტერესო იდეას ელოდებიან. ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტების ხელშეწყობა კი თიბისის სტრატეგიულ ხედვას წარმოადგენს.
"ჩვენ არა მხოლოდ ფინანსური სერვისების პროვაიდერი კომპანია, არამედ ამავდროულად ტექნოლოგიური ორგანიზაციაც ვართ. თიბისის კულტურა და ის პროცესები, რომელიც წინა წელს გავიარეთ, მაგალითად, ეჯაილ- ტრანსფორმაცია, გვიბიძგებს, რომ ბევრად მოქნილები და ინოვაციურები ვიყოთ. ტექნოლოგიური კომპანია ინოვაციების გარეშე ვერ განვითარდება. აქედან გამომდინარე, მუდამ ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა თანამშრომლებისთვის ისეთი, რაც მათში ინოვაციურ აზროვნებას წაახალისებდა. მივხვდით, რომ ამისათვის "სტარტაპ დეკრეტი" ყველაზე შესაფერისი იქნებოდა. 2019 წელს დავიწყეთ ეს პროექტი. შემოვიდა 24 ტექნოლოგიური და ინოვაციური განაცხადი, არატექნოლოგიური − უფრო მეტი. გამოვლინდა სამი გამარჯვებული. ამ სამიდან მხოლოდ ერთი, თორნიკე ყიფიანი სარგებლობს ამ ეტაპზე დამსახურებული დეკრეტული შვებულებით და მთელ დროს თავის სტარტაპს უძღვნის. ახლა კი უკვე მეორე ნაკადი დავიწყეთ. თანამშრომლები წინა წლიდან დიდი მონდომებით ემზადებიან, რადგან უკვე ნახეს, რომ "სტარტაპ- დეკრეტის" მოპოვება სრულიად შესაძლებელია. თუ არ გაუმართლებთ, შეუძლიათ დაბრუნდნენ კომპანიაში. ამის გამო არ უნდა იღელვონ. ცნობილი გამოთქმაა, რომ ან ვსწავლობთ შეცდომებზე, ან ვიმარჯვებთ მათზე. ასე რომ, თუ ვინმეს არ გამოუვა ბიზნესი, არა უშავს, შეცდომებზე სწავლისთვის ეს კარგი შესაძლებლობაა", − ამბობს გვანცა მურღვლიანი.
"სტარტაპ-დეკრეტის" მოპოვების მსურველები ჟიურის წინაშე ფიჩინგის ფორმატით უნდა წარდგნენ და 4 წუთში შეძლონ დამტკიცება, თუ რამდენად კარგად აქვთ მთლიანობაში საკუთარი საქმის წამოწყების არსი, ბიზნესმოდელი და მისი სხვადასხვა ასპექტი გააზრებული.
კომპანია კი ინტელექტუალური რესურსების გადინებას საფრთხედ არ აღიქვამს. პირიქით − მიაჩნიათ, რომ რაც უფრო მეტი ტექნოლოგიური პროდუქტი შეიქმნება ქვეყანაში, ეს მათთვის გაცილებით დიდი ჯილდო იქნება.
"თიბისი ამით არაფერს კარგავს. პირიქით − უამრავ პარტნიორს შეიძენს ჩვენი თანამშრომლების სახით, რომელთაც მომავალში შესაძლოა ძალიან წარმატებული ბიზნესები ჰქონდეთ. ჩვენ ამ შესაძლებლობას ბევრად სტრატეგიულად და სამომავლო პერსპექტივით ვუყურებთ", − ამბობს გვანცა მურღვლიანი.