Get All Access for $5/mo

სტარტაპების ფინანსური მხარდაჭერისთვის BTU INVESTO-სთან ითანამშრომლებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობა, სტარტაპების მხარდაჭერა ბიზნესგეგმის და საგრანტო განაცხადების მომზადებაში ის მიმართულებებია, რომლის ფარგლებში BTU-ს მეწარმეობის ცენტრი INVESTO-სთან პარტნიორობას იწყებს.

სტარტაპებზე ორიენტირებული სიანვესტიციო საკონსულტაციო კომპანია INVESTO გახდა BTU-ს მეწარმეობის ცენტრისა და გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორი, რომელთა საერთო მიზანი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა. სწორედ ამ მიზნით მოხდა მათი თანამშრომლობის დაწყებაც.

როგორც INVESTO–ს ბიზნესის განვითარების მიმართულების დირექტორი გიორგი კეკელიძე გამარტავს, კომპანია უკვე დაეხმარა 75 სტარტაპს, რომ ინვესტორთან შესახვედრად მომზადებულიყვნენ.

"ინვესტოსა" და BTU-ს მეწარმეობის ცენტრის მიზნები იკვეთება სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში. "ინვესტო" უკვე დაეხმარა 75 სტარტაპს მომზადებულიყვნენ ინვესტორთან შესახვედრად. 30 სტარტაპი არის ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100,000 ლარიანი გრანტის გამარჯვებული, ხოლო 6 სტარტაპი 650,000 ლარიანი გრანტის გამარჯვებული. დამატებით, ინვესტო ერთადერთი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს სტარტაპების ფინანსურ შეფასებას. შესაბამისად, გვსურს, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ და დახმარება გავუწიოთ მეწარმეობის ცენტრში ჩამოყალიბებულ სტარტაპებს. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, "ინვესტო" ინფორმაციას მიაწვდის სტარტაპებს არსებულ საგრანტო თუ სხვა ფინანსურ რესურსებზე, დაეხმარება საგრანტო განაცხადის მომზადებაში, იდეების გაფილტვრასა და დახვეწაში," – აცხადებს გიორგი კეკელიძე.

მეწარმეობის ცენტრი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში მყოფი ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით, სილიკონ ველი თბილისის ბაზაზე 2019 წელს დაფუძნდა. ცენტრის მთავარი მიზანია, გაზარდოს მეწარმეთა განვითარების და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა. როგორც მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჯაფარიძე განმარტავს, "ინვესტოსთან" თანამშრომლობა მეწარმეობის ცენტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

"აღნიშული პარტნიორობის ფარგლებში საშუალება გვექნება ცენტრის ბენეფიციარებს შევთავაზოთ როგორც საინფორმაციო ვებინარები, ასევე ინდივიდუალური კონსულტაციები საგრანტო კონკურსებისთვის მომზადების, ბიზნეს მოდელის და ბიზნეს გეგმის დახვეწის თემებზე. ერთობლივად დაგეგმილი აქტივობები ხელმისაწვდომი იქნება როგორც BTU-ს სტუდენტებისთვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. სტარტაპ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის ეს განსაკუთრებული შესაძლებლობაა, რადგან მათ საშუალება ეძლევათ კვალიფიციურ მენტორებთან ერთად განიხილონ და ჩაუღრმავდნენ საკუთარი ბიზნეს იდეას, დახვეწონ სამოქმედო გეგმა და შეიტანონ განაცხადები საგრანტო კონკურსებზე. "ინვესტოსთან" თანამშრომლობა პირდაპირ ეხმიანება BTU-ს და მეწარმეობის ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მისიას, რაც სტარატპების მხარდაჭერას და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას გულისხმობს," – აცხადებს თამარ ჯაფარიძე.

INVESTO–სა და BTU-ს მეწარმეობის ცენტრის თანამშრომლობაში ჩართულია გლობალური სტარტაპ ფონდიც, რომელიც "სილიკონ ველი თბილისისა" და "ისრაელის სილიკონ ვადის" პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნდა და მისი მიზანი საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირების პროცესის მხარდაჭერა, მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური სტარტაპების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო ბაზარზე კომერციალიზაციის ხელშეწყობაა.