სტრატეგიული პერსონალური ბრენდინგი როგორც ტრანსფორმაციის გზა: ქაოსიდან სისტემამდე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს, როდესაც სოციალური მედია სავსეა ინფორმაციით და კონტენტის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, აქტიურობა აღარ ნიშნავს გავლენას. ინფორმირებულობა არ უდრის რეპუტაციას, ხოლო ხშირი პოსტვა – სტრატეგიულ პოზიციონირებას. სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ შეიქმნა კურსი, რომელიც ექსპერტებს, მეწარმეებსა და ლიდერებს ეხმარება ქაოსური მუშაობიდან, განსაკუთრებით ონლაინსივრცეში, გადავიდნენ სტრატეგიულ და გააზრებულ პოზიციონირებაზე.

"ბოლო წლებში აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, ბევრი პროფესიონალი აქტიურია, აზიარებს გამოცდილებას, ქმნის კონტენტს, თუმცა შედეგი არ აქვს. მიზეზი მარტივია: არ არსებობს სტრატეგია. ქაოსური კონტენტი ნიშნავს, რომ არ არის მკაფიო მესიჯი, არ არის განსაზღვრული სამიზნე აუდიტორია და, შესაბამისად, ვერ ხერხდება მიზნობრივი პოზიციონირება.

ასეთ შემთხვევაში არ იკვეთება ღირებულებები და ავთენტიკურობა, მონეტიზაცია კი ან საერთოდ არ ხდება, ან მხოლოდ ერთი ძირითადი წყაროდან მოდის. შედეგად, დროისა და ენერგიის გადინება გაცილებით მეტია, ვიდრე მიღებული ეფექტი.

პერსონალური ბრენდინგი გაძლევს შესაძლებლობას, შექმნა სტრატეგია, რომელიც გამოგიყვანს იმ მოჯადოებული სივრციდან, რასაც წლიდან წლამდე ერთ წრეზე ბრუნვა ჰქვია", – თამთა ბაინდურაშვილი, პერსონალური ბრენდის ექსპერტი, ქსელური მარკეტინგის სტრატეგი.

თამთა იხსენებს, რომ იდეა პერსონალური ბრენდინგის მიმართულებით მუშაობის შესახებ მაშინ გაჩნდა, როდესაც თავად დაიწყო პირად ბრენდზე მუშაობა და საკუთარი გამოცდილებით ნახა შედეგები. მისთვის ეს პროცესი მხოლოდ ბიზნესის ინსტრუმენტი არ არის, ეს ტრანსფორმაციის გზაა.

"ეს არის გზა, რა რესურსებით ქმნი საკუთარი თავისგან საუკეთესო "მე"-ს და როგორ აშენებ მის რეპუტაციასა და გავლენას, რაც თავისთავად აისახება ბიზნესისა თუ საქმიანობის წარმატებაზე.

ჩემი მიზანი იყო სტრატეგიული აზროვნების შემოტანა იმ სივრცეში, სადაც სპონტანური მოქმედება ხშირად წინ უსწრებს გააზრებას. იქ, სადაც პროდუქტის მახასიათებლები ფარავს ადამიანის კომპეტენციებსა და უნიკალურობას, ხოლო რეალური ადამიანური ღირებულებები იკარგება".

მისთვის მნიშვნელოვანი გახდა, რომ ბრენდსა და აუდიტორიას შორის ურთიერთობა სანდოობაზე დაფუძნებულიყო. მიაჩნია, რომ პერსონალური ბრენდი ხედვით არ ნიშნავს მხოლოდ კონტენტის შექმნასა და პოსტების წერას, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ტრენდული "აჟიოტაჟის" ფონზე, რომელსაც ხშირად საპნის ბუშტის ეფექტი აქვს, თამთამ არჩევანი გრძელვადიან ხედვაზე გააკეთა.

"ჩემთვის პრიორიტეტულია გრძელვადიანი ხედვა, იმუშაო რეპუტაციაზე და არა ვირუსულობაზე".

ბიზნესის დაწყება მისთვის მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხარ ქალი და თან მარტოხელა დედა. ინტელექტუალური ბიზნესის დაწყება მისგან მოითხოვდა სიმტკიცესა და მედეგობას, რადგან ეს მხოლოდ ფინანსური ნაბიჯი არ იყო, ეს საკუთარი შესაძლებლობების მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობის აღება გახლდათ.

"მეშინოდა. არ ვიცოდი, რამდენად შევძლებდი, მეყოფოდა თუ არა რესურსები დროის, ენერგიისა და ფინანსური თვალსაზრისით. თუმცა ვგრძნობდი, რომ ეს იყო ის მისია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი".

საკუთარი მისიის გააზრებამ და საკუთარი თავის რწმენამ მისცა გამბედაობა, დაეწყო. დღეს კი, როგორც ამბობს, ყველაზე დიდი ჯილდო მისი მენტორობით ადამიანების მიღწევებია.

"პერსონალური ბრენდის შექმნის პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა ნდობის შენება იყო. როდესაც თავად ხარ პროდუქტი, კრიტიკაც პირადულია. ჩნდება კითხვები: მოგისმენენ? გენდობიან? აღიქვამენ შენს ღირებულებას ისე, როგორც შენ ხედავ?

ნდობა შენდება ყოველდღიური მოქმედებებითა და დაპირებების შესრულებით. სწრაფი პოპულარობა ვერ ქმნის ავტორიტეტს. აუცილებელია ხარისხის ყოველდღიური შენარჩუნება და ზრდა, გარემო პირობების მიუხედავად".

იყო პერიოდები, როდესაც გარედან ზეწოლა მაღალი იყო და ტრენდებზე მორგების ცდუნებაც არსებობდა, თუმცა თამთამ არჩევანი თანმიმდევრულობაზე გააკეთა.

"რეალურად, არა ტრენდებზე მორგება, არამედ თანმიმდევრულობა ზრდის სანდოობას აუდიტორიის თვალში, გონებასა და გულში".

დამოუკიდებელმა საქმიანობამ მას სამი მთავარი გაკვეთილი ასწავლა: საკუთარი ინტუიციის მოსმენა, დისციპლინა და არსებული რესურსებით მოქმედება. მისი გამოცდილებით, პერფექციონიზმი ხშირად ერთ ადგილას გაყინავს ადამიანს, ხოლო მოტივაცია იშვიათი სტუმარია. ამიტომ მთავარი არის მოქმედება.

დამწყებ მეწარმეებს ურჩევს, იმას კი არ ეცადონ, ყველას მოეწონება დაიმსახურონ, არამედ აირჩიონ მყარი პოზიცია და იყვნენ თანმიმდევრულები. განსაკუთრებით საინტერესოა მისი მიდგომა შინაგანი მოტივაციის მიმართ:

"აუცილებლად დაწერეთ, როგორია თქვენი ყველაზე წარმატებული ვერსია. როცა ენერგია აღარ გეყოფათ, გარეთ ნუ დაუწყებთ ძებნას მოტივაციას, თქვენი წარმატებული "მე" იყოს თქვენი საუკეთესო მოტივატორი.

არ დაელოდოთ, როდის იქნებით მზად. ჩემი წარმატებული ნაბიჯები გადავდგი მაშინ, როდესაც მეგონა, საერთოდ არ ვიყავი მზად.

ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც შესაძლებლობას ხედავს იქ, სადაც სხვები რისკს ამჩნევენ. თუმცა მხოლოდ იდეის ქონა საკმარისი არ არის. ვინც იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი იდეის განხორციელებაზე, არ ჩერდება ფიქრის ეტაპზე და იდეას ჰაერში არ ტოვებს, მას აქცევს ბაზრისთვის საჭირო პროდუქტად ან სერვისად".

თამთას საქმიანობაში ინსპირაციას ტრანსფორმაცია აძლევს, როდესაც ადამიანი აცნობიერებს საკუთარ ღირებულებებს, პოულობს რესურსებს წარსულში და იწყებს მოძრაობას გაცნობიერებული მასტერობისკენ. მისთვის ყველაზე ძლიერი მოტივაცია არის ადამიანების თვალებში დანახული შედეგი, შინაგანი ცვლილება და პროფესიული ზრდა.

უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მისი მიზანია მენტორული პროგრამების მასშტაბირება, თუმცა რაოდენობაზე მეტად მისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და შედეგები.

"ეს არ არის სწავლა სწავლისთვის, ეს არის სწავლა შედეგებისთვის".

თამთა ასევე გეგმავს წიგნის გამოცემას ქსელური მარკეტინგის თემაზე, რომელიც სრულად იქნება დაფუძნებული რეალურ გამოცდილებასა და სისტემურ ხედვაზე. მისთვის ეს მემკვიდრეობის შექმნას ჰგავს.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი სურს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების დაწყება და ისეთი ეკოსისტემის აშენება, სადაც ადამიანის უნიკალურობა, ცოდნა და ღირებულებები ერთიანდება და ქმნის ძლიერ, მდგრად და მონეტიზებად პერსონალურ ბრენდებს.

ქაოსიდან სისტემამდე – სწორედ ამ გზას სთავაზობს ის ექსპერტებსა და ლიდერებს, რომლებიც მზად არიან მხოლოდ აქტიურობიდან რეალურ გავლენაზე გადავიდნენ.