სწორი მენეჯმენტი კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვების ერთ-ერთი წინაპირობა ინტერვიუ ეკატერინე ტიკარაძესთან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როგორი იყო ჯანდაცვის სისტემის მზაობა COVID-19-თან საბრძოლველად და რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით თავდაპირველად?
2019 წლის დეკემბრის შემდეგ, მსოფლიოში გავრცელდა პირველი ცნობები ახალი ვირუსის – COVID-19-ის შესახებ, რომელიც ძალიან სწრაფად პროგრესირებდა ჩინეთში. მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო საკმაოდ შორს იყო ამ დაავადების ეპიცენტრიდან, ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ მხოლოდ დროის ფაქტორი გვაშორებდა იმ მომენტიდან, როდესაც ის უხილავი მტერი საქართველოშიც დაფიქსირდებოდა და გავრცელდებოდა.
2020 წლის იანვრის დასაწყისშივე, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები შესაძლო ეპიდემიის შეჩერებისა და მართვის მიზნით.
იმ ფაქტმა, რომ 2019 წლის ზაფხულში ჯანდაცვის სისტემის ძირეული რეფორმის დაგეგმარების პროცესი დაიწყო და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მხრიდან ეტაპობრივად ხორციელდებოდა სამედიცინო დაწესებულებების შესწავლა, მოგვცა ის, რომ 2020 წლის დასაწყისში ჩვენ გვქონდა სისტემის სრული აუდიტი და შეგვეძლო პროცესები უფრო დროულად და თანმიმდევრულად გვემართა. ახალი ვირუსის COVID-19-ის გამოჩენამ შესწავლის პროცესი კიდევ უფრო გააქტიურა, გაამკაცრა და გახადა მეტად მიზნობრივი.
ვინაიდან საქმე გვქონდა ინფექციურ დაავადებასთან, უკვე დავიწყეთ სამედიცინო დაწესებულებებში ამ კონკრეტული მიმართულებების დეტალური შესწავლა და შესაბამისად, როცა უკვე პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, რეალურად ჩვენ ვიცოდით სისტემაში არსებული პრობლემები, გამოსწორების გზები და შესაძლებლობები, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით.
მთავარ გამოწვევად რჩებოდა ქვეყანაში შესაბამისი სპეციალისტების, ინფექციონისტებისა და რეანიმატოლოგების მცირე რაოდენობა, ამასთან გამოცდილი საშუალო და დაბალი რგოლის მედპერსონალის არსებობა, რომელსაც ეპიდემიის პირობებში მუშაობის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება აქვს, იმ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსისა, რომლის გარეშეც გამართული და ტექნიკის საუკეთესო ერთეულების მქონე სამედიცინო სტაციონარების არსებობაც კი არ არის შესაძლებელი.
დღეისათვის ქვეყანაში არსებული საწოლ ფონდი და სასუნთქი აპარატების რაოდენობა, დაავადების არსებული გავრცელების პირობებში, სავსებით საკმარისია. მოხდა სამედიცინო დაწესებულებების მართვის ერთიან სისტემაზე გადასვლა, კონკრეტული საავადმყოფოების გადაკეთება და აღჭურვა ინფექციური სტაციონარების მოთხოვნების შესაბამისად, რაც წარმატებით განხორციელდა ქ. ზუგდიდში რუხის კლინიკის მაგალითზე. მე რამდენჯერმე პირადად გახლდით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებებში მდგომარეობის ადგილზე გასაცნობად.
თქვენ ისაუბეთ ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე, კიდევ რა ნაბიჯების გადადგმა იყო მნიშვნელოვანი და აუცილებელი იმ პერიოდში?
COVID-19-თან საბრძოლო პირველი ნაბიჯების გადადგმა ჩვენ დავიწყეთ 2020 წლის 24 იანვრიდან, კერძოდ, 24 იანვარს აეროპორტებში და სახმელეთო საზღვრებზე დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია, განვათავსეთ საინფორმაციო ბანერები მოგზაურთათვის, სადაც ასახული იყო ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ახალი კორონავირუსის შესახებ. ასევე მგზავრებს ურიგდებოდათ საინფორმაციო ფლაერები რეკომენდაციების შესახებ. ხოლო 25 იანვრიდან, საზღვრებზე ექიმი კლინიცისტების მიერ მგზავრების თერმული სკრინინგის ჩატარება დაიწყო. გარდა ამისა, რისკის ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები, დაკვირვების მიზნით, პირდაპირ საკარანტინე ზონებში გადაგვყავდა.
ასევე, 25 იანვარს ჩინეთიდან თბილისში დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა და შეჩერდა საქართველოდან ამ მიმართულებით ფრენები.
ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერა. ჯანდაცვის სამინისტროში რეგულარულად იმართებოდა შეხვედრები სხვადასხვა ქყვეყნების ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მქონდა მუდმივი კოორდინაცია კოლეგებთან გერმანიიდან და ასევე სხვა ქვეყნებიდან, რათა გაგვეზიარებინა მოსაზრებები ახალ გაიდლაინებთან და ალგორითმებთან დაკავშირებით.
უშუალოდ ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს ავსტრიულ მხარესთან, რის შემდეგაც საქართველოს მოსახლეობას დღეს უკვე აქვს წვდომა სპეციალურ აპლიკაციაზე – STOP COVID, რომელიც ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია. მსგავსი სახის აპლიკაციები, ეპიდემიის კონტროლის მიზნით, აქტიურად იქნა გამოყენებული: იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და სხვა ქვეყნებში. ამ სახელმწიფოებში მიღწეული შედეგი და წარმატება უკვე სახეზეა.
COVID-19-თან საბრძოლველად შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც #StopCoV ფონდი დაარსდა. სადაც ყველა კომპანიას, ასევე მოქალაქეს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში. აქვე გეტყვით, რომ ფონდმა "ქართუმ", შექმნილ ფონდში 100 მილიონი ლარი უკვე გადარიცხა.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველი 4 მლნ სამედიცინო პირბადე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდმა "ქართუმ" შეიძინა და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.
თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი?
COVID-19-ის ირგვლივ მსოფლიოში არსებული ვითარების, საქართველოში ეპიდემიის შესაძლო გავრცელებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით, ყოველდღიურად მუშაობს საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წინადადებები და სრული ინფორმაცია ქვეყანაში სიტუაციის მართვის შესახებ საბჭოს ყოველდღიურად მიეწოდება.
მინდა განვმარტო, რომ მოცემულ სიტუაციაში პანდემიასთან ბრძოლა საზოგადოების მხრიდან რამდენიმე კრიტერიუმით ფასდება. ესენია დაინფიცირების, გამოჯანმრთელებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია პროცესის დინამიკაში შეფასება და რეალურ დროში ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი – Rt. ანუ, მარტივად რომ ვთქვა, კონკრეტულ დროს, ერთი ადამიანისგან საშუალოდ რამდენ ადამიანს გადაეცემა ინფექცია. პანდემიის ჩახშობის და განეიტრალების სტრატეგიის ძირითადი საფუძვლის განსაზღვრისას სწორედ ამ მაჩვენებელს ენიჭება უმთავრესი მნიშვნელობა.
ანუ, საზოგადოების მთავარი კითხვა, როდის მოიხსნება შეზღუდვები და როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული?
ამ კითხვებზე პასუხი თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. სწორედ ეს განსაზღვრავს Rt-საც და სხვა იმ მაჩვენებლებსაც, რომელიც საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს გვაინტერესებს.
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, დღევანდელი მოცემულობით ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა არის არაფარმაცევტული ინსტრუმენტები, რაც ნიშნავს სოციალურ დისტანცირებას, სტანდარტული ჰიგიენური წესების დაცვას, რომლებიც პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული Rt-ს მაჩვენებელთან. მხოლოდ ამით შეგვიძლია დინამიკაში ვმართოთ პროცესები და არ დავარღვიოთ ის კრიტიკული ზღვარი, რა შესაძლებლობებიც დღეს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას გააჩნია. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, დიახ, ამ მაჩვენებელზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ჩვენ თუ გვექნება Rt 1-ზე ნაკლები, რა თქმა უნდა, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, მაგრამ თუ ეს მაჩვენებელი გაიზრდება, ასევე მყისიერად მოგვიწევს ზომების გამკაცრება.
დღეისათვის ჯანდაცვის სამინისტროს ზემოხსენებული მოქმედებების, ჩვენი ექიმების, სამარათლადამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და სამხედრო პირების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ვახერხებთ ეფექტურად გაუმკლავდეთ ამ პანდემიას.
მჯერა, რომ ინფექციური ნორმების სრული წესით დაცვა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არსებული საერთაშორისო გაიდლაინების გათვალისწინება, სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებში ჩატარებული კვლევების და მათი შედეგების მართებულად გაზიარება, მკაცრი და დროული მენეჯმენტის მიერ ყველა ინსტრუმენტის სწორი გამოყენება არის ამ უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვების გარანტია.
ისევ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა. ჩვენი ძალა დღეს სწორედ ერთიანობაშია – დავამარცხოთ უხილავი მტერი – COVID-19.