Get All Access for $5/mo

ტაპი ზაქარიაძე - (CSR) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის და მდგრადი განვითარების ახალი ხედვა ახალი ''ლიბერთისგან''

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დაახლოებით ერთი წელია, რაც "ლიბერთი" ფუნდამენტური ტრანსფორმაციის გზას დაადგა და უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად პოზიციონირება, ხალხთან სიახლოვე, პროცესების გამარტივება და როგორც მომხმარებლებთან, ისე თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაციის დაწყება დაისახა მიზნად. მოგეხსენებათ, "ლიბერთი" ბანკი ყველა თაობის ადამიანს ემსახურება, თუმცა განსაკუთრებული მიდგომითა და პირობებით იგი წლების განმავლობაში უფროსი თაობის მომხმარებლებთან ურთიერთობდა, "ახალი ლიბერთი, ახალი ცხოვრებისთვის" სტრატეგია კი, ბანკს ყველა ასაკობრივ სეგმენტზე მორგებულ პლატფორმად აქცევს.

ცხადია, ეს პროცესი მნიშვნელოვან სტრატეგიულ გეგმარებას და მკაფიო პრიორიტეტების განსაზღვრას მოითხოვდა ბანკის მმართველი გუნდისგან, რა დროსაც, CSR, ანუ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ასე ჩაეყარა საფუძველი "ლიბერთის" სრულიად ახალ CSR-პოლიტიკას, სხვადასხვა სფეროში კვალიფიციური სპეციალისტებისაგან შემდგარ მრჩეველთა საბჭოს ფორმირებას და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რასაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი − ტაპი (თამარ) ზაქარიაძე ჩაუდგა სათავეში.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ტაპი "ლიბერთის" CSR-მიმართულების ხელმძღვანელია, თუმცა დროის სიმცირის მიუხედავად, მან მოახერხა არსებული პროექტების სიღრმისეულად შესწავლა და გუნდთან ერთად ახალი მიზნების დასახვა, რის შესახებაც Entrepreneur "ახალი ლიბერთის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ახალ ხელმძღვანელს ესაუბრა.

ტაპი, დასაწყისისთვის თქვენი პროფესიული გამოცდილებისა და CSR-სფეროსთან დაახლოების შესახებ ვისაუბროთ. როდის და რატომ დაინტერესდით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით?
პროფესიის არჩევის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში გასული საუკუნის 90-იან წლებს დაემთხვა. საბანკო სფერო, ასე რომ ვთქვათ შორიდან მომწონდა, ვინაიდან სოლიდურად გამოწყობილ ბანკის თანამშრომლებსა და საქმიან გარემოს იმდროინდელი საქართველოს პირობებში წარმატებისა და სტაბილურობის განმსაზღვრელ ინსტიტუტად აღვიქვამდი. 20 წლის ასაკში კომუნიკაციების მენეჯმენტის მიმართულებით სასწავლებლად გერმანიაში გავემგზავრე, რაც 1990-იანი წლების გაჩერებული საქართველოს ფონზე შესაძლებლობების მომცემი იყო ჩემთვის. პარალელურად კი ფოტოგრაფია მიტაცებდა და ჩემი პირველი პროფესიული გამოცდილებაც სწორედ ამ სფეროს უკავშირდება. როდესაც გერმანიიდან დავბრუნდი, "საქინფორმში" დავიწყე მუშაობა, ფოტოკორესპონდენტად. ვაგროვებდი საინტერესო ადამიანურ ისტორიებს, პორტრეტებს, და ამ ადამიანების ამბების თხრობით ვიყავი გატაცებული, თუმცა ამ საქმიანობით თავის რჩენა წარმოუდგენელი იყო, რამაც შემოქმედებითი პროფესიისთვის თავის დანებების და ბანკში მუშაობის დაწყებისკენ მიბიძგა.

ბანკში ჩემი პირველი პოზიცია მდივან-ოპერატორი იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, იურიდიული ანგარიშების მომსახურებაში უნდა გადავსულიყავი, თუმცა ჩემდა სასიხარულოდ, მალევე ბანკში ივენთმენეჯერის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა. მახსოვს ის ემოცია და სიხარული, როდესაც დამირეკეს და მითხრეს: "თქვენ მიღებული ხართ". ხშირად ვუყვები ამ ისტორიას დეტალურად ჩემს სტუდენტებს, მათთვის ეს ამბავი მოტივაციის მიმცემია. ამის შემდეგ გერმანიაში კვლავ გავემგზავრე სასწავლებლად. მივხვდი, რომ კომუნიკაციის მიმართულება ჩემთვის ყველაზე საინტერესო პროფესია იქნებოდა. ამგვარად, ამ სფეროში 15 წელი ვიმუშავე და ძალიან ბევრ საინტერესო პროექტში მივიღე მონაწილეობა.

რაც შეეხება, ჩემს დაინტერესებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, ამაზე ბევრი მიფიქრია და კონკრეტულ ბმებს ვპოულობ წარსულ გამოცდილებებთან. გერმანიაში გატარებულმა საკმაოდ ხანგრძლივმა პერიოდმა, პროფესიული კუთხით განვითარების გარდა, ზოგადად პასუხისმგებლობის მნიშვნელობა სულ სხვა რაკურსით დამანახა.

როგორ აღმოჩნდით "ლიბერთიში"? რა იყო ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივატორი და როგორი გარემო დაგხვდათ?
ალბათ ბევრი ადამიანისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა, რომ "ლიბერთიმ" ბოლო ორი წელია დაიწყო ადამიანებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი მოსმენა და მათთან ლაპარაკი. ამჟამად ბანკი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციის პერიოდს გადის − წლების განმავლობაში "ლიბერთი" მხოლოდ უფროსი თაობის ბანკთან ასოცირდებოდა და მისი უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად აღქმა ადამიანების თვალში ნაკლებად ხდებოდა.

ბანკისგან მივიღე შემოთავაზება, გავიარე გასაუბრებები და დამავალეს CSR-ხედვასთან დაკავშირებით პრეზენტაციის გაკეთება. პრეზენტაცია და ჩემი ხედვა მოეწონა "ლიბერთის" მმართველ გუნდს და უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბანკის CSR-მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას ვიკავებ.

პირველი, რაც გავაკეთე, არსებული პროექტების ძირეულად შესწავლა იყო, რასაც გასული წლის კვლევების ანალიზი, ბიზნესსტრატეგიასთან გაცნობა და CSR-ხედვის შემუშავება მოჰყვა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის შემუშავებამდე, მნიშვნელოვანი იყო ფოკუსჯგუფების კვლევის ჩატარებაც, რამაც დაგვანახა, რომ განათლების სფერო იყო მიმართულება, სადაც "ლიბერთის" აქტიური ჩართულობა დიდ ღირებულებას შექმნიდა ჩვენი საზოგადოებისთვის.

რამდენად მნიშვნელოვანია ბანკისთვის, როგორც ფინანსური ინსტიტუტისთვის, CSR-ხედვა? რას აკეთებს "ლიბერთი" ამ მიმართულებით და რატომ იქცა განათლება პრიორიტეტულ სფეროდ თქვენთვის?
როდესაც პასუხისმგებლობას ვეხებით, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს როგორც პირადი, ისე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, თუმცა ჩვენ იმდენად დიდი მასშტაბის მოცვა არ შეგვიძლია, რამდენიც კორპორაციებს. დღეს თითოეულ ორგანიზაციას შეუძლია იყოს სასარგებლო საზოგადოებისთვის და "ლიბერთიმ" ეს კარგად გაიაზრა. ჩვენ გავმიჯნეთ ერთმანეთისგან პასუხისმგებლობა და ქველმოქმედება. ქველმოქმედება ერთჯერადად გაწეული დახმარებაა, რაც ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია. არის მომენტები, როცა კონკრეტული ფორმით უნდა დავეხმაროთ ადამიანს მყისიერად, თუმცა ეს ერთჯერადია და საერთო პრობლემას ვერ აგვარებს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კი მდგრადი პროექტების განხორციელებისკენაა მიმართული, რომელსაც სწორედ გრძელ ვადაში ექნება ეფექტი.

რატომ ავირჩიეთ განათლება? − აქტიური კომუნიკაციის პროცესში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, მომხმარებლებთან, საზოგადოების სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებთან, მივედით დასკვნამდე, რომ უზრუნველყოფილი მომავლის შექმნა ყველაზე მეტად განათლების ხელშეწყობაზეა დამოკიდებული. პარალელურად, ჩვენი მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ადამიანებისთვის შესაძლებლობების შექმნა. შესაბამისად, ავიღეთ ფოკუსი გრძელვადიან პროექტებზე და ვთქვით, რომ "ლიბერთი" CSR-ის მთავარ მიმართულებად ირჩევს განათლებას, კერძოდ: განათლების ხელშეწყობას, ცოდნის გაზიარებას და ცნობიერების ამაღლებას.

ჩვენ საკუთარი საკომუნიკაციო რესურსით, ფილიალებით, თანამშრომლებით გვსურს აქტიურად ჩავერთოთ სტერეოტიპების მსხვრევის საქმეში, რომლებიც ხელს უშლიან საზოგადოების განვითარებას. ამის ნათელი მაგალითია ქალთა გაძლიერების პროექტები, შშმ-პირთათვის მარტივად მისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც სერვისების სრულად ადაპტირებას მოიაზრებს და ზოგადად თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და წახალისების იდეები, რის გარშემოც ვერთიანდებით.

აღსანიშნავია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა "ათასწლეულის გამოწვევების ფონდთან", რომელიც აქტიურად ზრუნავს მომავალი თაობის განათლებასა და განვითარებაზე მომავლის პროფესიების პოპულარიზაციით. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ჩართულობა სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების საგანმანათლებლო პროექტებში და ცნობიერების ამაღლების აქტივობებში.

ხაზგასმით გამოვყოფდი CSR-მრჩეველთა საბჭოს მნიშვნელობას, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა დარგის ექსპერტების ჩართულობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების შემუშავებასა და აღსრულებაში აუცილებელი კომპონენტია. ეს საბჭო, უბრალოდ მრჩევლებით დაკომპლექტებული გუნდი არაა, იგი გადაწყვეტილებებში აქტიურად მონაწილეობს, კონკრეტულ მიმართულებებს კურირებს და ბევრი კარგი პროექტის ინიციატორიც გახლავთ.

როგორც "ლიბერთის" გუნდის შედარებით ახალმა წევრმა, გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა ტრანსფორმაციის პროცესის ფართო სურათის შესახებ.
ვფიქრობ, ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი გახლავთ ის, რომ ბანკმა დაიწყო ადამიანების მოსმენა და მათთან საუბარი, ბანკმა იკითხა და კითხულობს, რა აინტერესებთ და რა აწუხებთ ადამიანებს. "ლიბერთის" სურვილია გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, რომლის ყველა სერვისი და პროდუქტი ადამიანებზე და მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალა "ლიბერთის" დამოკიდებულება თანამშრომლებთან, მათი აზრის გათვალისწინება და მათთვის სამუშაო კომფორტის შექმნა იქცა ერთ-ერთ პრიორიტეტად. ჩემი აზრით, ამ ბანკს აქვს კონკრეტული მიზნები, შესაძლებლობები და იგი მონდომებულია. აქ უკვე არსებობს გუნდი, რომელიც ერთი მიზნისკენ მიდის.

როგორია ტაპი ზაქარიაძის და "ლიბერთის" უახლოესი სამომავლო გეგმები? რას ელოდოს საზოგადოება "ლიბერთისგან?

ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ "ლიბერთის" არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი CSR-პროექტები, რომლებიც არა ერთჯერადი, არამედ გრძელვადიანი შედეგის მომტანი იქნება. ვისურვებდი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადამიანებმა გაიხსენონ, როგორ შეუწყო მათ ხელი "ლიბერთიმ" განათლების მიღებაში, ბიზნესის დაწყებაში, ცნობიერების ამაღლებაში და ბევრ სხვა მიმართულებაში.

"ლიბერთი" აუცილებლად გახდება ადამიანებისთვის პოზიტიური ცვლილებების მომტანი და გარდაიქმნება უნივერსალურ, მარტივ და ხელმისაწვდომ ფინანსურ ინსტიტუტად.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი