Cyber Week Sale! 50% Off All Access

TasteIt - პლატფორმა, რომელიც ადამიანებს საყვარელი კერძების გარშემო აერთიანებს 100 000 ლარი "შარქებისგან" 50%-იანი წილის სანაცვლოდ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ქართულ სატელევიზიო სივრცეში, საქართველოს პირველ არხზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ "შარქთენქ საქართველო" გამოჩნდა, რომელმაც უკვე საკმაოდ მაღალი რეიტინგი და საზოგადოების ინტერესი დაიმსახურა. ამ შოუს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, უკვე 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. 2001 წელს, იაპონიაში "ფულის ვეფხვების" სახელით დაარსებული პროექტის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ დამწყებ თუ უკვე აქტიურ სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა მიეცეთ ე.წ. "შარქებისგან", ანუ ერთგვარი ჟიურის წევრებისგან, რომლებიც ანტრეპრენერთა პრეზენტაციას ისმენენ, სვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხას სთავაზობენ კონკურსანტებს. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო 2021 წლიდან ამის შესაძლებლობა უკვე ქართველ ანტრეპრენერებსაც მიეცემათ.

აღსანიშნავია, რომ "შარქთენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa − ქსელი, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს, რომელიც პროექტში გამარჯვებულებს თავიანთი ბიზნესის ეფექტურად მართვისა და გამარტივების მიზნით, სთავაზობს Visa-ს ინოვაციური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას. Visa-ს სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს − როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესი, ეკონომიკის მამოძრავებელ ძალასა და მსოფლიო მასშტაბით დამსაქმებელთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გამოიხატება ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული არაერთი ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებასა და მათთვის პარტნიორობის ფორმატში განხორციელებული ინიციატივებით. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება "შარქთენქ საქართველო" − საქართველოს პირველი არხის გადაცემა, რომელიც ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შორის ღია კომუნიკაციას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობის გაზრდა და მათი პროდუქტის პოპულარიზაცია.

"შარქთენქ საქართველოს" მეორე გადაცემის გამარჯვებული სტარტაპი TasteIt გახდა, რომელმაც პავლე მგელაძისგან და ქეთი ქვარცხავასგან, ბიზნესის 50%-იანი წილის სანაცვლოდ, 100 000 ლარის ინვესტიციის მოზიდვა შეძლო.

TasteIt არის ერთგვარი სოციალური ქსელის აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ადამიანები სხვადასხვა რესტორნისგან შეთავაზებული კრეატიული კონტენტის საფუძველზე ირჩევენ სასურველ კერძს. აპლიკაცია გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით ახდენს მათ დაკავშირებას და შედეგად, სრულიად უცხო ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთად დააგემოვნონ სასურველი კერძი და გაიცნონ ერთმანეთი. ეს პლატფორმა დამატებითი სტუმრის მოზიდვის რესურსი გახდება რესტორნებისთვის, ხოლო ახალი ურთიერთობის დაწყების მსურველთათვის − დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა.

TasteIt-ის დამფუძნებელი და იდეის ავტორი გიორგი ურუშაძეა, პროფესიით არტ-დირექტორი, რომელიც ამჟამად ბერლინში, Miami Ad School-ში სწავლობს. პლატფორმის შექმნის იდეა მას სწორედ ბერლინში გაუჩნდა, სადაც გააცნო ის ადგილობრივ ახალგაზრდებს და საკმაოდ დიდი ინტერესი აღძრა მათში. TasteIt-ის იდეის განხორციელებას გიორგი საკუთარ გუნდთან ერთად საქართველოში გეგმავს.

"უპირველესად, აპლიკაციის დაწერა და იდეისთვის ხორცის შესხმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. ამჟამად, TasteIt-ის UI/UX დიზაინზე ვმუშაობთ და ამავდროულად, გუნდთან ერთად, კოდირების პროცესს ვიწყებთ", − აცხადებს გიორგი, − "რეალურად, იდეა ახალი დაბადებული იყო, როდესაც "შარქთენქ საქართველოს" შესახებ გავიგე. საქმეების გაჭიანურება არ მჩვევია, ამიტომ არც დავფიქრებულვარ, პირდაპირ შევავსე აპლიკაცია. მთავარი მიზანი სწორი პარტნიორების პოვნა და რა თქმა უნდა, დაფინანსების მიღება იყო. თავიდანვე არ მქონია მოლოდინი, რომ მხოლოდ იდეაში, იმ პირობებით გამომყვებოდნენ, რა პირობითაც პროექტში მივედი. საბოლოო ჯამში, იმაზე მეტი პროცენტის დათმობა მომიწია, ვიდრე მეგონა, თუმცა ვფიქრობ "შარქების" ინტელექტუალური რესურსი და გამოცდილება ამად ღირს".

გიორგი ურუშაძის თქმით, "შარქთენქის" არსებობა ქართულ რეალობაში უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან სტარტაპის განვითარებისთვის, დაფინანსებასთან ერთად, გადამწყვეტია სწორი პარტნიორების პოვნა, აღნიშნული სატელევიზიო პროექტი კი, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. "საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ წარმატებული სტარტაპ-პროექტისთვის მხოლოდ დაფინანსება და კარგი იდეაა საჭირო, სინამდვილეში კი, ბევრი დაფინანსებული, კარგი პროექტი გვინახავს, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში არ უმუშავია. არა იმიტომ, რომ იდეა არ ვარგოდა ან თანხა არ იყო საკმარისი, არამედ იმიტომ, რომ სწორი მენეჯმენტი არ არსებობდა. ეს უკანასკნელი კი, გუნდის წევრებსა და პარტნიორებზეა დამოკიდებული. სტარტაპისთვის მუდმივად საჭიროა სულის შთაბერვა, მთელი შემართებით მუშაობა, იმ რეალობის გათვალისწინება, სადაც კონკრეტულ პროექტს ახორციელებ. სწორედ ამიტომ მგონია, რომ "შარქთენქში", ფინანსურ ინვესტიციასთან ერთად, იღებ გამოცდილ პარტნიორებს, მათ ინტელექტუალურ რესურს, კონტაქტებს, და ამავდროულად, საზოგადოებაში იმ ინტერესს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი პროდუქტისათვის", − აღნიშნავს გიორგი.

რაც შეეხება სტარტაპის სამომავლო გეგმებს, TasteIt უპირველეს ყოვლისა ქართულ ბაზარზე აპირებს ოპერირების დაწყებას და სხვადასხვა ქართული რესტორნის, ბარისა თუ კაფეს მენიუებისა და კერძების აპლიკაციაში დამატებას. ტრადიციული მენიუსა და კერძების ფოტოებისაგან განსხვავებით, ამ აპლიკაციაში განთავსებული იქნება კრეატიული კონტენტი უშუალოდ შეფებისგან ან დაწესებულების სხვა წარმომადგენლისგან. გრძელვადიან პერსპექტივაში, TasteIt არ აპირებს საქართველოს ბაზრით დაკმაყოფილებას და სურთ საერთაშორისო მასშტაბზე გასვლაც.

"სამომავლო გეგმები საკმაოდ დიდია, თუმცა ამჯერად პატარა მიზნებზე ვკონცენტრირდებით, რათა საბოლოოდ, დიდი შედეგისთვის მოვემზადოთ და გავხდეთ ისეთი ქართული სტარტაპი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე საკუთარ ადგილს დაიკავებს. გარდა ამისა, ცხადია განვაგრძობთ ინვესტიციების მოძიებას. ეთერში გასვლის შემდეგ, ბევრი დაინტერესებული ინვესტორი დაგვიკავშირდა და ვფიქრობ, წინ საინტერესო პროცესი გველოდება", − გვიზიარებს გიორგი ურუშაძე, TasteIt-ის დამფუძნებელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ