Get All Access for $5/mo

გლობალური ბრენდის ქართული ისტორია ინტერვიუ TAV GEORGIA-ს გენერალურ მენეჯერ თეა ზაქარაძესთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TAV Georgia, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. იგი ქართულ ბაზარზე 2005 წელს შემოვიდა, მოქმედი კონტრაქტით კი თანამშრომლობა 2027 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

TAV Airports ჰოლდინგი პარტნიორ კომპანიებთან ერთად მსოფლიოს 29 ქვეყნის 108 აეროპორტშია წარმოდგენილი. იგი აეროპორტების მართვის უმსხვილესი, გლობალური ბრენდია, რომელიც ADP (Aéroports de Paris) ჯგუფის წევრია. ADP ჯგუფი მართავს და ოპერირებას უწევს სხვადასხვა კონტინენტზე 20-ზე მეტ აეროპორტს და ცნობილია კვალიფიციური სერვისებითა და მდგრადი განვითარებით. 2012 წლის მაისში ADP ჯგუფი TAV Airports-ის ძირითადი აქციონერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო TAV Airports-ის პირველი უცხოური ინვესტიციაა. საქართველოში შემოსვლიდან დღემდე, კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 220 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, თავად კომპანია კი 350 მილიონი ლარის აქტივს ფლობს ქვეყანაში – თბილისსა და ბათუმში.

TAV Georgia ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია სახელმწიფო ბიუჯეტში − კონტრიბუცია 400 მილიონ ლარს აღემატება. გარდა ამისა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში კომპანია მთლიანობაში 1500-მდე ადამიანს ასაქმებს, თითოეული მათგანი კი საავიაციო სფეროში ღირებული და კვალიფიციური კადრია.

"ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ამავდროულად, ერთ-ერთი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოში, რომელსაც პანდემიისას არცერთი თანამშრომელი არ გაუთავისუფლებია. ჩვენ შევინარჩუნეთ უკლებლივ ყველა კადრი იმ ფონზე, როდესაც სწორედ ავიაცია იყო ის სექტორი, რომელსაც COVID-19-მა უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ასევე, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ იმ მცირერიცხოვანი დამსაქმებლების რიცხვში ვართ, რომლებიც დასაქმებულებს ხელფასებს ყოველწლიურად, სტაბილურად უზრდიან", − აღნიშნავს თეა ზაქარაძე, TAV Georgia- გენერალური მენეჯერი.

უფრო ვრცლად TAV Georgia-ს საქმიანობისა და საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ, Entrepreneur კომპანიის გენერალურ მენეჯერს, თეა ზაქარაძეს ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ თეა TAV-ის პირველი ქართველი და ამავდროულად ქალი მენეჯერია. 18 წლის განმავლობაში იგი TAV Georgia-ში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, 2021 წლიდან კი კომპანიას უმაღლესი პოზიციიდან მართავს.

ცოტა რამ TAV Airports Holding-ის შესახებ

საქართველოს გარდა, TAV Airports Holding-ი 29 ქვეყნის 108 აეროპორტს მართავს, მათ შორის თურქეთში, ტუნისში, მაკედონიაში, ხორვატიაში, საფრანგეთში, საუდის არაბეთსა და ყაზახეთში. მსოფლიოში აეროპორტების მართვის ინდუსტრიაში TAV Airports-თან ერთად სულ რამდენიმე მსხვილი კომპანიაა, მათ შორის: ფრანგული − ADP ჯგუფი და VINCI ჯგუფი, გერმანული − Fraport, ჰოლანდიური − Royal Schiphol ჯგუფი და ინდური − GMR-ჯგუფი. TAV Airports პირდაპირ თუ ADP ჯგუფის გავლით აქტიურად თანამშრომლობს თითოეულ კომპანიასთან, რაც საბოლოოდ ბრენდის გლობალურობას უზრუნველყოფს და ამა თუ იმ ბაზარზე ოპერირებას აადვილებს.

დღეისათვის TAV-ი მხოლოდ აეროპორტის ოპერატორი კომპანია არ არის, მისი ქოლგის ქვეშ ავიაციის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი უამრავი შვილობილი კომპანია ერთიანდება. მათ შორისაა TAV Technologies, რომელიც პასუხისმგებელია აეროპორტების IT-სერვისებით უზრუნველყოფაზე და ცალკეა წარმოდგენილი 50 აეროპორტში.

გარდა ამისა, TAV Airports Holding-ის ტერმინალები მომხმარებლებს სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობს, როგორებიცაა კვების, სავაჭრო ობიექტები და Duty Free-ის მაღაზიები. კომპანიის შვილობილი ბრენდი ATU DUTY FREE არის Duty Free-მაღაზიების ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული ოპერატორის, გერმანული UNIFREE-ის პარტნიორი. TAV Operation Services კომპანიის კიდევ ერთი შვილობილი ბრენდია, რომელიც 90-მდე ლაუნჯსა და VIP-ტერმინალს მართავს მსოფლიოს 20 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონისა და ნიუ იორკის კენედის სახელობის აეროპორტებში. აღსანიშნავია, რომ ამჟამად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-ის დამატებით 15 აეროპორტში შესვლასთან დაკავშირებით.

რა სახის პროექტებს ახორციელებს TAV Georgia საქართველოში?

TAV Georgia-ს დაკვეთით, აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთმა წამყვანმა საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანია ADP Ingénierie-მა (ADPI) მოამზადა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გრძელვადიანი განვითარების გეგმები.

მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ამჟამად TAV Georgia აქტიურად მუშაობს ISAGO-ს პროგრამის დანერგვაზე. ISAGO საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) საერთაშორისო სისტემაა, რომელიც საავიაციო სფეროში აღიარებულ ხარისხის აუდიტის პრინციპებს ეფუძნება და მიზნად ისახავს, აეროპორტებში საჰაერო ხომალდების სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების გაუმჯობესებას. შესაბამისი მართვის სისტემებისა და ოპერატიული პროცედურების დანერგვის შედეგად, TAV Georgia-ს ISAGO-სერტიფიკატი მიენიჭება, რაც ხაზს გაუსვამს აეროპორტში არსებული სახმელეთო მომსახურების უმაღლეს დონეს და შემდგომში, ავიაკომპანიების უპირობო ნდობას განაპირობებს.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ TAV Georgia- შექმნა უახლესი ისტორია საქართველოს ავიაციის განვითარებაში, სააეროპორტო მომსახურების სფეროში შემოიტანა საერთაშორისო გამოცდილება და გაზარდა მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რაც არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი აქტივია. 2025 წელს ჩვენ საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და გვეამაყება, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი, საიმედო ინვესტორი და მსხვილი დამსაქმებელი. დღეს ამ გლობალური ბრენდის უკან დგას ქართველ პროფესიონალთა გუნდი. გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად მეამაყება", − აღნიშნავს თეა ზაქარაძე.

TAV Georgia-მ 2005 წლიდან მგზავრებისა და ავიაკომპანიებისთვის კომფორტისა და გაუმჯობესებული სერვისების უზრუნველსაყოფად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

TAV Airports-ის მიერ საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი.

გარდა ამისა, მგზავრთნაკადის გამტარობის გაუმჯობესებისა და რიგების შემცირების მიზნით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების სივრცეში სასაზღვრო ჯიხურები გადაადგილდა და ასევე, გაიზარდა მათი რაოდენობა, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა საპასპორტო კონტროლის სივრცე. აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფილი ინვესტიცია 350 ათას ლარს აღემატება. პლუს ამას, განახლდა მგზავრებისთვის განკუთვნილი სავარძლები, ასევე მთლიანად გამოიცვალა სამგზავრო ხიდებში არსებული ხალიჩები.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დაინერგა მგზავრთა რეგისტრაციის გლობალური სისტემა − CUPPS-ის უახლესი ვერსია, რომელიც სხვადასხვა სერვისის ერთობლიობას წარმოადგენს და უზრუნველყოფს როგორც მგზავრთა, ასევე ავიაკომპანიების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

დღემდე არაერთი მსხვილი ინვესტიცია განხორციელდა ისეთი ტექნიკის განახლებაში, როგორებიცაა მგზავრთა გადასაყვანი ავტობუსი, მგზავრთა ჩასასხდომი ახალი კიბეები, სპეციალური მანქანა თვითმფრინავის მოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავებისთვის, ე.წ. მაღალი ჩამტვირთავი (high loader), რომელიც 14 ტონამდე სიმძიმის ტვირთის მომსახურებას უზრუნველყოფს და ა.შ. აღსანიშნია ისიც, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარკირების ახალი, თანამედროვე, ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა.

"ჩვენი ძალისხმევის შედეგად, საკმაოდ მაღალ შეფასებებს ვიღებთ გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Skytrax-ისგან, რომელიც მრავალი წელია, მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax-ის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში მოხვდა, რაც აეროპორტის ხარისხისა და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას ასახავს და ხაზს უსვამს აეროპორტის განვითარებისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ასევე ჩვენს მართვაში არსებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში მოხვდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მეორედ, ხოლო თბილისისზედიზედ მეათედ მოხვდა აღნიშნულ კატეგორიაში", − აღნიშნავს თეა ზაქარაძე.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც TAV Georgia შემოვიდა, აეროპორტში კვირაში ერთი რეისი სრულდებოდა და მგზავრთა წლიური რაოდენობა 30 ათასს აღწევდა. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციით ბათუმში სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა აშენდა, მათ შორის სამგზავრო ტერმინალი, სამიმოსვლო ბილიკები და ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ორ ქვეყანას ემსახურებოდა. თუმცა თურქეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს − რიზეს აეროპორტის ამოქმედების შემდეგ, მსგავსი საჭიროება დღის წესრიგში აღარ დგას. დღეს ბათუმის აეროპორტი მთლიანად საქართველოზეა ორიენტირებული და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს აჭარისთვის, არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საქმიანი ვიზიტების თვალსაზრისითაც.

"თუ წლების განმავლობაში ბათუმი ზაფხულის, სეზონურ აეროპორტად მიიჩნეოდა, უკვე ზამთრის სეზონიც საკმაოდ დატვირთული გვაქვს. წლების წინ ფაქტობრივად უმოქმედო აეროპორტში დღეს ყოველკვირეულად საშუალოდ 70-მდე რეისი სრულდება. ჩვენ პანდემიის პერიოდშიც არ შეგვიწყვეტია ინვესტირება და 2021 წელს დავასრულეთ ბათუმის აეროპორტის ახალი ტერმინალი. გარდა ამისა, ამ წლების განმავლობაში დავნერგეთ არაერთი სხვა სიახლე, მათ შორის თანამედროვე IT-სერვისები, საჰაერო ხომალდების ბუქსირება.წ. ფუშბექ-ოპერირება და მრავალი სხვა", − აღნიშნავს თეა ზაქარაძე.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადზე ახლოს მდებარე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლო გავლენას, თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მართვის ქვეშაა და კონცეპტუალურად თავიდანვე ე.წ. Low-cost, ანუ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებზე იყო ორიენტირებული, ბათუმის აეროპორტს კონკურენტად არ განიხილავს.

"ბუნებრივია, ამ სეგმენტის აეროპორტის არსებობა საჭირო და მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ისე მოქალაქეებისთვის, თუმცა ბიზნესისთვის სოციალურ პროექტთან კონკურენციაში შესვლა რთულია, შესაბამისად, ქუთაისის აეროპორტს ჩვენ კონკურენტად არ განვიხილავთ. ზოგადად, ქვეყანაში ავიაციის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აეროპორტებისა და აეროდრომების არსებობა. რაც მეტი აეროდრომი და შიდა ფრენები იქნება, მით უფრო განვითარდება ავიაციაც, ტურიზმიც და გაიზრდება ეკონომიკაც. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით ქვეყანაში აეროდრომების განვითარების კუთხით მთავრობის სტრატეგიას და მზად ვართ მის მხარდასაჭერად", − აცხადებს თეა ზაქარაძე.

მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში TAV Georgia-მ აეროპორტებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 38 მილიონ ლარამდე მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

რა ვითარებაა დღეს აეროპორტებში?

საქართველოს აეროპორტებმა დიდწილად დაიბრუნეს პანდემიამდელი მგზავრთა ნაკადი. როგორც თეა ზაქარაძე Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს − თბილისში ზაფხულის პერიოდში (ივნისი-სექტემბერი) მგზავრთა ნაკადის 2%-იანი ზრდა, ხოლო ბათუმში 8%-იანი კლება გვაქვს 2019 წელთან შედარებით.

მისი შეფასებით, პანდემია იმდენად დიდი დარტყმა აღმოჩნდა საავიაციო სფეროსთვის, რომ მდგომარეობის აღდგენას ნავარაუდევზე მეტი დრო დასჭირდა. გარდა ამისა, ამ პროცესზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია მიმდინარე გეოპოლიტიკურმა ვითარებამ − როგორც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ, ასევე ისრაელში მიმდინარე მოვლენებმა. TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის თქმით, ისრაელი და უკრაინა საკმაოდ დატვირთული მიმართულება გახლდათ, როგორც თბილისიდან, ასევე ბათუმიდან.

თეა ზაქარაძე ამბობს, რომ ამჟამად, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ძალიან აქტიურად ვითარდება ავიამიმოსვლა ინდოეთსა და ჩინეთთან. ორივე მათგანი ძალიან საინტერესო და მზარდი ბაზარია და შესაბამისად, არსებობს პოზიტიური მოლოდინიც.

რაც შეეხება ზამთრის სანავიგაციო სეზონს, როგორც წესი, ამ პერიოდში ფრენების რაოდენობა და სიხშირე შედარებით მცირდება, თუმცა მიუხედავად ამისა, TAV Georgia განაგრძობს მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან და შესაბამისად მომდევნო სეზონზეც უნდა ველოდოთ სიახლეებს დამატებითი ავიაკომპანიების ბაზარზე შემოსვლის შესახებ.

როგორც თეა ზაქარაძე აღნიშნავს, იმისათვის, რომ აეროპორტი იყოს წარმატებული და კომფორტული, აუცილებელია მეტი პირდაპირი ფრენის არსებობა. ამის უზრუნველყოფა კი მხოლოდ ძლიერ ადგილობრივ ავიაკომპანიებს შეუძლიათ, რომლებიც ბაზირებულნი არიან საქართველოში.

"მე არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ მზად ვართ, ჩვენ ხელთ არსებული სხვადასხვა რესურსით ყველანაირად შევუწყოთ ხელი ადგილობრივ გადამზიდავებს, რათა მათ შეასრულონ რაც შეიძლება მეტი ფრენა, რაც შეიძლება მეტი პირდაპირი მიმართულებით. ბუნებრივია, მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს შევთავაზებთ ნებისმიერ ახალ ადგილობრივ მოთამაშეს, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ავიაციის ზრდასა და განვითარებას", − აღნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელი.

ახალი აეროპორტი თბილისშიროგორია მოლოდინი?

საქართველოს მთავრობამ წელს დედაქალაქში ახალი აეროპორტის მშენებლობა დააანონსა. ცნობილია, რომ ამ მიზნით ვაზიანის ტერიტორია განიხილება, სადაც ამჟამად კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის მაქსიმალური დატვირთვის ზღვარზე მუშაობს და ახალი აეროპორტის მშენებლობა სწორი გადაწყვეტილებაა. როგორც თეა ზაქარაძე აცხადებს, ADPI-ის მიერ მომზადებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანი გულისხმობს აეროპორტის გაფართოებას იმ ადგილზე, სადაც ის დღეს მდებარეობს და ასევე − დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. ვაზიანის ტერიტორიის კვლევების დასრულების შემდეგ კი, სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა, გააკეთოს თითოეული პროექტის სარგებლიანობისა და ნაკლოვანებების შედარება და საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოს.

გარდა ამისა, TAV Georgia აბსოლუტურ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ჩაერთოს შესწავლის პროცესშიც, სახელმწიფოს გარკვეული კონსულტაციები გაუწიოს და რაც მთავარია, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

"ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ შესწავლის პროცესშიც, ამ კუთხითაც დავუდგეთ გვერდში სახელმწიფოს, გავუწიოთ კონსულტაცია და გავუზიაროთ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართვის თითქმის 20 წლის განმავლობაში დაგვიგროვდა. აეროპორტი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია და მისი მართვა სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ინფრასტრუქტურა და უახლესი ტექნოლოგიები, თუმცა საბოლოო ჯამში, საერთო სურათს და შთაბეჭდილებას აეროპორტის შესახებ ქმნის გუნდიპროფესიონალი კადრი, რომელიც ფლობს შესაბამის ცოდნას, უნარებს და აქვს წლების გამოცდილება", − აღნიშნავს თეა ზაქარაძე.

როგორია TAV Georgia- სამომავლო გეგმები?

TAV Georgia-ის ხელშეკრულება 2027 წელს იწურება, თუმცა კომპანია მზად არის კონსულტაციებისთვის, მოლაპარაკებებისა და ინვესტიციებისთვის. აღსანიშნავია, რომ სწორედ TAV-ის საქართველოში შემოსვლისა და განხორციელებული ინვესტიციების შედეგად დაინერგა აეროპორტებში თანამედროვე ტექნოლოგიები და გაიზარდა მაღალკვალიფიციური კადრები, რაც არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ქვეყნის სიმდიდრეა.

როგორც თეა ზაქარაძე აღნიშნავს, ზოგჯერ საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენები არსებობს, თითქოს, რაკი TAV Georgia უცხოური კომპანიაა, დასაქმებულთა უმეტესობა უცხო ქვეყნების მოქალაქეები უნდა იყონ. თუმცა, ცხადია ეს რეალობას არ შეესაბამება − TAV-ის თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა და ექსპატების პროცენტული წილი 1%-მდეა, რომლებსაც მხოლოდ მაშინ იყენებენ, როდესაც მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დასაქმების თვალსაზრისით საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კომპანიაში გენდერულ ბალანსს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო იზრდება TAV-ის აეროპორტებში დასაქმებული ქალების ოდენობა.

ამჟამად TAV-ი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, აწარმოებს მოლაპარაკებებს აეროპორტებში ახალი სერვისების დანერგვის შესახებ და ორიენტირებულია მგზავრებისთვის მუდმივი სიახლეების შეთავაზებაზე.

"ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა აეროპორტებმა იმუშაო გამართულად, მგზავრებს კი მაღალი დონის და კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, ათა შევინარჩუნოთ სერვისის ხარისხი, მგზავრი იყოს კმაყოფილი და არ დარჩეს განცდა, რომ რაღაც ძალიან მოძველდა, ან აღარ ახლდება.

სულ სხვა არის მგზავრის თვალით დანახული აეროპორტი, ავიაციის სფერო და გაცილებით საინტერესო, მრავალმხრივი და კომპლექსური სურათია, როცა ამ ყველაფრის ნაწილი ხარ. ეს არის უაღრესად შთამბეჭდავი, მუდმივი სიახლეებით და ახალი აღმოჩენებით სავსე მოგზაურობა...", − აღნიშნავს თეა ზაქარაძე.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინდუსტრიული ტრენდები

COSMO-ს კოსმიური ამბავი: ბიზნესადქცეული ჰობი

ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო საქართველოს მასშტაბით