თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს ღონისძიებები 22-23 ოქტომბერს გაიმართება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
22-23 ოქტომბერს თბილისი 2019 წლის აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს. მას მთელი მსოფლიოდან 60-მდე ქვეყნის სამთავრობო და ბიზნესსექტორის 2000-მდე წარმომადგენელი ესტუმრება. ასევე, საერთაშორისო ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
ფორუმი 22 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში აიღებს სტარტს. თემატური პანელები კი სასტუმროებში – "რადისონი", "ბილტმორი" და "მარიოტი" გაიმართება.
ფორუმი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა და ტურიზმი.
ფორუმს ოფიციალურად საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გახსნის. ქართულ მხარესთან ერთად სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ექსპერტები, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
გამომსვლელებს შორის იქნება აზიის განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტი შიხინ ჩინი. აღსანიშნავია, რომ ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო ეკონომიკისა და ფინანსური თანამშრომლობის დეპარტამენტს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ფორუმზე ასევე წარდგება BBC WORLD NEWS-ის ტელეწამყვანი აარონ ჰესლჰარსტი, რომელიც ტელეკომპანიის მაყურებლებს საერთაშორისო ბიზნეს და ეკონომიკურ სიახლეებს 2002 წლიდან აცნობს.
სავაჭრო საკითხებზე ისაუბრებს ეგვიპტის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი საჰარ ნასრი, რომელიც მინისტრობის პარალელურად აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა. ის კაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში ეკონომიკის პროფესორია. ასევე ასწავლის არაერთ ეგვიპტურ და საერთაშორისო უნივერსიტეტში. საჰარ ნასრი აქტიურადაა ჩართული ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ლოკალურ და საერთაშორისო პროექტებში.
ფორუმზე ვაჭრობის აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი არანჩა გონსალესი. საერთაშორისო სავაჭრო საკითხების ექსპერტს ამ სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ცნობილია, რომ არანჩა გონსალესი თავისუფლად ფლობს ესპანურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ენებს.
ფორუმზე სპიკერთა შორისაა ასევე საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გაერთიანების გენერალური მდივანი უმბერტო დე პრეტო. მას ამ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაციას უმბერტო დე პრეტო 1995 წელს შეუერთდა და ამ დრომდე აგრძელებს აქ საქმიანობას. ფორუმზე იგი სატრანსპორტო კავშირების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.
საინვესტიციო საკითხებთან დაკავშირებით, პანელურ დისკუსიაზე Bloomberg Europe-ის დირექტორი კონსტანტინე კოტზიასი წარდგება, რომელიც ორგანიზაციას 2001 წლიდან შეუერთდა. კონსტანტინე კოტზიასი ფლობს ბაკალავრის ხარისხს თანამედროვე ისტორიასა და პოლიტოლოგიაში. ის ასევე არის ლონდონის ეკონომიკის სკოლის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. გარდა ბლუმბერგში საქმიანობისა, კონსტანტინე კოტზიასი ატარებს ლონდონისა და უელსის უზენაესი სასამართლოს საპატიო იურისტის ტიტულს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სპიკერებისა, აბრეშუმის გზის ფორუმზე კიდევ 40-ზე მეტი სპიკერი წარდგება სიტყვით.
2019 წლის აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს მთავრობის ორგანიზებითა და საქართველოს პრემიერმინისტრის პატრონაჟით ტარდება. ფორუმის საორგანიზაციო შტაბი ოფიციალურად უკვე გაიხსნა სასტუმრო "ბილტმორში". როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, აბრეშუმის გზის ფორუმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.