Tbilisi AI Meetups: სადაც თბილისის AI საზოგადოება ერთიანდება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Tbilisi AI Meetups შეიქმნა მთავარი მიზნით: ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების სფეროში მომუშავე გამოცდილ და დამწყებ პროფესიონალებს ჰქონოდათ სივრცე, სადაც ერთმანეთს გაუზიარებდნენ ცოდნას და გამოცდილებას. დაარსებიდან დღემდე საზოგადოება 200-ზე მეტ წევრს აერთიანებს, 2025 წელს კი ამბიციურ მიზანს - 30-ზე მეტ ღრმა, ტექნიკური შეხვედრისა და სამუშაო სემინარის (ვორქშოპის) ჩატარებას ისახავს. ამგვარი შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოში AI თემატიკაზე ორიენტირებული, მეგობრული და პარტნიორობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.
პლატფორმა აერთიანებს როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ისე ინდუსტრიის პროფესიონალებს, რითაც ხელს უწყობს მეცნიერებასა და ბიზნესს შორის კავშირის გაღრმავებას. შეხვედრებზე განხილული თემები მოიცავს როგორც თეორიულ კვლევებს, ისე პრაქტიკულ AI გადაწყვეტილებებს, რაც ქმნის შესაძლებლობას, რომ აკადემიური ცოდნა რეალურ ბიზნესპროცესებში ინტეგრირდეს და ამით საქართველოს AI ეკოსისტემის განვითარებას შეუწყოს ხელი.
წარსულ შეხვედრებზე განხილული თემებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დიდი ენის მოდელების (LLM) და კომპიუტერული ხედვის ალგორითმების გამოყენების და მათი ბიზნესზე მორგების პრინციპები, Causal Inference როგორც მანქანური სწავლების ალტერნატივა ბიზნესპროცესებში ინტერვენციების ეფექტის სათანადოდ შესაფასებლად და პროგნოზირების ალგორითმების (Forecasting) შედარება და ანალიზი.
თითოეული ღონისძიება ცდილობს, რომ თემები ფართო აუდიტორიისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ამიტომ პრეზენტაციები იწყება დეტალური შესავლით, რაც საშუალებას აძლევს დამსწრეებს, თუნდაც საბაზისო ცოდნით, გაერკვნენ თემის არსში. დისკუსიების ღიაობა კი დამატებით აძლევს მონაწილეებს შესაძლებლობას, რთული საკითხები დეტალურად განიხილონ მომხსენებლებისა და აუდიტორიის დახმარებით.
ამგვარი შეხვედრები არა მხოლოდ ცოდნის გაზიარებას ემსახურება, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს AI ბიზნესების განვითარებასა და ინოვაციების მხარდაჭერაში. სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ახალ თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ, რაც ხელს უწყობს ტექნოლოგიური წინსვლის დაჩქარებას.
Tbilisi AI Meetups-ი სამომავლოდ გეგმავს საზოგადოების გაფართოებას და ახალი ღონისძიებების ორგანიზებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა დიდი მასშტაბის MLOps სისტემები, ტრანსფორმერების არქიტექტურის იმპლემენტაცია და AI აგენტების საფუძვლები. ინიციატივის მიზანი საქართველოს AI ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი ტალანტების განვითარება და ინოვაციური იდეების მხარდაჭერაა.
დამფუძნებლები:
ანდრო საბაშვილი, PhD
ანდროს აქვს მონაცემთა მეცნიერად და მანქანური სწავლების ინჟინრად მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება.
შოთა ნათენაძე
შოთას მონაცემთა მეცნიერად და ხელოვნური ინტელექტის ინჟინრად მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება გააჩნია.
ისტორია:
ანდრომ და შოთამ ერთმანეთი LinkedIn-ზე გაიცნეს და მალევე აღმოაჩინეს, რომ მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის კუთხით საერთო ინტერესები გააჩნდათ. მათი აზრით, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის სფეროს განვითარებისთვის აუცილებელი იყო ღრმა ტექნიკური შეხვედრებისა და სამუშაო სემინარების (ვორქშოპების) ორგანიზება. ამიტომ 2024 წლის აპრილში გადაწყვიტეს Tbilisi AI Meetups-ი დაეფუძნებინათ, რომელიც უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი საზოგადოება, რომლის ერთადერთ მიზანსაც წარმოადგენდა ადგილობრივი პროფესიონალი და დამწყები AI და ტექსაზოგადოებისთვის ცოდნის გაზიარება, კოლაბორაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ვებ-გვერდი: https://www.tbilisiaimeetups.com/
LinkedIn: https://www.linkedin.com/company/tbilisi-ai-meetups/