თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა ფორუმს 60-მდე ქვეყნისა და ბიზნესსექტორის 2000-მდე წარმომადგენელი ესწრება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს მთავრობისა და პრემიერმინისტრის პატრონაჟით რიგით მე-3 "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნა.
წლევანდელ ფორუმს 60-მდე ქვეყნისა და ბიზნესსექტორის 2000-მდე წარმომადგენელი ესწრება.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი წარმოადგენს სადისკუსიო პლატფორმას სახელმწიფოს, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში.
გახსნით პანელს − "მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები", მოდერაცია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნოურიელ რუბინმა გაუწია. აღნიშნული პანელური დისკუსიის ფარგლებში, რეგიონული ეკონომიკის თანამშრომლობის საკითხები, მცირე ეკონომიკების საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვში ინტეგრირების შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილეს. აღინიშნა საქართველოს მზარდი როლი საერთაშორისო ეკონომიკაში.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ასევე პანელურ დისკუსიას − "მომგებიანი ვაჭრობა" უმასპინძლა, რომლის მოდერატორიც BBC-ის მსოფლიოს ახალი ამბების ცნობილი წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი იყო. დიკუსია მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის საკითხებს, ვაჭრობისა და ინვესტირების ტენდენციებს, ციფრულ ეკონომიკასა და მსოფლიო ეკონომიკაში მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციის როლს შეეხო. დისკუსიაზე ერთხმად აღინიშნა ციფრული ტენდენციებისთვის ფეხის აწყობისა და მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობა. გამოიკვეთა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსური მხარდაჭერის კროსსექტორული პასუხისმგებლობის საკითხი.
აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსია − "ენერგეტიკის ხვალინდელი დღე − განვითარების ტენდენციები, აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის უსაფრთხოება და მდგრადობა", სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა. მისი მოდერატორი "ბლუმბერგ ევროპას" დირექტორი, კონსტანტინ კოტზიასი გახლდათ. მან ყურადღება ენერგეტიკის სფეროს ყველაზე აქტუალურ საკითხებზე − ენერგეტიკის სფეროს დიჯიტალიზაციაზე, განახლებად ენერგიებსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე გაამახვილა. აღსანიშნავია, რომ ამ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ევრაზიის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების ჯგუფის დირექტორმა, აიდა სიტდიკოვამ. ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ვიცეპრეზიდენტმა იაშარ ლატიფოვმა.
აღნიშნულის პარალელურად, ასევე სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა პანელი − "ინოვაციებით გამოწვეული ზრდა − აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად", რომელსაც ტექნოლოგიური ინოვაციების მსოფლიოში ცნობილი ექსპერტი, რობ მაკარგოუ ხელმძღვანელობდა.
22 ოქტომბრის ბოლო პანელურმა დისკუსიამ კი, სახელწოდებით "სატრანსპორტო კავშირები − ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მიღმა", აბრეშუმის გზის გასწვრივ სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების შესაძლებლობები, ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო საკითხები მოიცვა. პანელურ დისკუსიას კომპანია Magnus Communications-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯულიეტ ფოსტერი ხელმძღვანელობდა.
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 23 ოქტომბერს გაგრძელდება და ამავე დღეს, სხვადასხვა თემატური პანელური დისკუსიებისა და B2B შეხვედრების გამართვის შემდეგ დასრულდება.