თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი 30-31 მაისს გაიმართება თიბისი - ფესტივალის მხარდამჭერი!
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს პირველად თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საშემოდგომოდ გადადება განაპირობა. თუმცა, ფესტივალის ტრადიციულ თარიღებში ქართველი თუ უცხოელი მწერლები, გამომცემლები და მკითხველები ამჯერად ონლაინ სივრცეში შეიკრიბებიან.
თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი ოფიციალურად 30 მაისს, 11:00-ზე გაიხსნება და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 30 და 31 მაისს 11-დან 20 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე (Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი - https://cutt.ly/yynpPSx) პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.
ვირტუალური ფესტივალი ინარჩუნებს ტრადიციული ფესტივალის შინაარსს და ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამა და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა.
წიგნის ვირტუალურ ფესტივალზე შენარჩუნდება ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამის ტრადიციული კონცეფციაც, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: ახალი წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები ქართველ მწერლებთან; საბავშვო პროგრამა; პროგრამა ფესტივალის ფოკუს-ქვეყნისა და სხვა უცხოელი მწერლების ჩართულობით; საგამომცემლო- პროფესიული პროგრამა და პროექტი "მსახიობები ლიტერატურისთვის".
წიგნის ვირტუალური ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა.
2020 წლის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა თურქეთია, შესაბამისად, წიგნის ვირტუალურ ფესტივალზეც ამ სტატუსით თურქეთი ისარგებლებს და ქართველ მკითხველს თურქი გამომცემლებისა თუ მწერლების მონაწილეობით, რამდენიმე ღონისძიების ფარგლებში წარუდგენს იმ პროგრამას, რომლის მასშტაბურად განხორციელებასაც ისინი შემოდგომაზე თბილისში გეგმავენ.
31 მაისს, ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალის საგამომცემლო-პროფესიული პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო საგამომცემლო პროგრამის (International Publishing Fellowship) ონლაინ სესია ბრიტანელი, ქართველი, თურქი და უკრაინელი გამომცემლების მონაწილეობით. აღნიშნული პროექტის მიზანია დააკავშიროს ბრიტანეთისა და მზარდი საგამომცემლო სექტორის მქონე ქვეყნების პროფესიონალი გამომცემლები.
ფესტივალის უკვე ტრადიციული პროექტის - "მსახიობები ლიტერატურისთვის" ფარგლებში, კინოსა და თეატრის მსახიობები წიგნის მოყვარულებს წიგნებს ონლაინ წარუდგენენ.
თბილისის წიგნის ვირტუალურ ფესტივალში 30-მდე გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მონაწილე სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა ასოციაციის ვებ-გვერდზე, საგანგებოდ ბაზრობისთვის შექმნილ ონლაინ სივრცეში იქნება შესაძლებელი - http://www.gpba.ge
თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციული ფორმატით, 2020 წლის 24-27 სექტემბერს ჩატარდება.