Tegeta Motors-მა აჭარაში რეგიონული ცენტრი გახსნა და პირველი მასშტაბური საავტომობილო ექსპო გამართა პირველი მასშტაბური საავტომობილო ექსპო საქართველოში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთაზე, "თეგეტა მოტორსის" ახალი, რეგიონული ავტოსერვისის ცენტრი გაიხსნა და რეგიონში ყველაზე დიდი საავტომობილო ექსპო გამართა. ფილიალის სრული ფართობი მოიცავს 40 183 კვ.მ.-ს, ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით და მოემსახურება როგორც მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ასევე სპეცტექნიკას. აღნიშნული ფილიალი წარმოადგენს "თეგეტა მოტორსის" ყველაზე მსხვილ მომსახურების ცენტრს საქართველოში. კომპანიამ პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და დაასაქმა 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები. აღსანიშნავია ფილიალის სტრატეგიული მდებარეობა, საქართველოში ტრანზიტული მიმოსვლის განვითარების მიმართულებით.
"მაქვს პატივი მოგილოცოთ "თეგეტა მოტორსის" ახალი, რეგიონული ცენტრის გახსნა, რომელიც თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ნამდვილად რეგიონული მნიშვნელობის პროექტია. "თეგეტა მოტორსმა" ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განახორციელა. დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ამ მართლაც გრანდიოზულ რეგიონულ ცენტრს, თამამად შეიძლება ბათუმის ახალი "თეგეტა მოტორსი" ვუწოდოთ. პროექტის წარმატებით შესრულებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით ჩვენს პარტნიორებს − "თიბისი ბანკსა" და EBRD-ს", − განაცხადა "თეგეტა მოტორსის" გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.
კომპანიამ გადაწყვიტა ერთ სივრცეში გააერთიანოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო. "თეგეტა მოტორსი" კორპორაციულ და საცალო მომხმარებლებს ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო მანქანების და სპეცტექნიკის სრული მომსახურების ზონებს. ფილიალში განთავსებულია მომსახურების 45 უბანი და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, დღეში მოემსახურება 200-მდე ავტომობილს. აქვე წარმოდგენილია საავტომობილო შოურუმები და ავტოინდუსტრიის მიმართულებით პროფესიული სასწავლო ცენტრი − "თეგეტა აკადემია".
"თეგეტა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი კომპანია, საშუალებას მისცემს ადგილობრივ კადრებს მიიღონ სათანადო ცოდნა და დაიკავონ სხვადასხვა პოზიცია "თეგეტას" ბათუმის რეგიონულ ცენტრში. ამჟამად ფილიალში დასაქმებულია 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები, რომელთა რაოდენობა მომავალში გაიზრდება. განათლებაში ინვესტირება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით "თეგეტა აკადემია" ნამდვილად არის კომპანიის საამაყო და წარმატებული პროექტი. გარდა იმისა, რომ სასწავლო ცენტრი გვეხმარება მაღალკვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებაში და გუნდის შევსებაში, მას აგრეთვე აქვს ერთგვარი სოციალური დატვირთვაც. სასწავლო ცენტრი მზად არის მოამზადოს ან/და გადაამზადოს კადრები, რაც საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ და ავამაღლოთ მომსახურების ხარისხი რეგიონში. სწორედ "თეგეტა აკადემიის" საშუალებით, მომდევნო წლებში ჩვენს კომპანიას ექნება ბევრად მეტი ინტელექტუალური პოტენციალი აჭარაში კადრების მოძიებისა და დასაქმების მიზნით", − განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.
ღონისძიების ოფიციალური ცერემონიის ნაწილი იყო საავტომობილო ექსპო, რომელიც მსგავსი მასშტაბით პირველად გაიმართა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. აქ წარმოდგენილი იყვნენ მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდები: Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Bridgestone, Michelin, Shell, Mobil და სხვა.
ექსპო დაყოფილი იყო რამდენიმე მიმართულებად: მსუბუქი ავტომობილები; სპეცტექნიკა; საავტომობილო პროდუქტები, როგორებიცაა საბურავები, აკუმულატორები, ზეთები და ფილტრები; მსუბუქი ავტომობილების ნაწილები; სატვირთო ავტომობილების ნაწილები; სპეცტექნიკის ნაწილები და დანადგარები. ექსპოს დაესწრნენ ამ ბრენდების რეგიონული წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
"დღეს პირველად იმართება რეგიონში ამ მასშტაბის საავტომობილო ექსპო. მოხარულები ვართ, რომ დღეს აქ წარმოვადგენთ ჩვენს ბრენდებს − "მიშლენს" და "რაიკენს". ვულოცათ "თეგეტა მოტორსს" ამ მასშტაბის ფილიალის გახსნას. დარწმუნებულნი ვართ, რომ "თეგეტა მოტორსის" ბათუმის რეგიონული ცენტრი, მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში საავტომობილო სფეროს განვითარებაში", − განაცხადა "მიშლენის" ბრენდმენეჯერმა ოლეგ კოტოვმა.
"თეგეტა მოტორსმა" 24-წლიანი წარმატების გზა განვლო. კომპანია ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ ვითარდებოდა. უამრავი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, "თეგეტამ" შეძლო და დღეს საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სფეროში რეგიონში ლიდერ კომპანიად ჩამოყალიბდა.
ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას. "თეგეტა მოტორსი" წარმოადგენს უნივერსალურ კომპანიას, რომელიც საქმიანობს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების, სასოფლო, სამშენებლო და სამრეწველო დანიშნულების ტექნიკის, სათადარიგო ნაწილების, საპოხი მასალების, საბურავებით ვაჭრობისა და ტექნიკური მომსახურების სფეროებში. კომპანია ქვეყანაში წარმოდგენილია ახლა უკვე 26 ფილიალით. მისი პორტფელი მოიცავს 250 000 საცალო ლოიალურ მომხმარებელს, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორაციულ მომხმარებელს. "თეგეტა მოტორსის" სერვისცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებითა და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.
"თეგეტა მოტორსი" არის Groupauto International-ის ოფიციალური წევრი კომპანია, ფლობს ISO-სერტიფიკატებს, წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან 300-მდე უმსხვილეს ბრენდს. კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით.