ტეილორ სვიფტმა საკუთარ მუსიკაზე უფლებები სრულად დაიბრუნა - როგორ დაიწყო ყველაფერი?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პოპვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა, რომ მისი მუსიკალური ალბომების ყველა ჩანაწერი ახლა ოფიციალურად მის მფლობელობაშია. ეს ნიშნავს, რომ ყველა სიმღერა, რომელიც მას ოდესმე შეუქმნია - მათ შორის მისი ყველაზე წარმატებული ალბომები - ახლა მთლიანად თავად არტისტს ეკუთვნის.
სვიფტმა ეს უფლება დაიბრუნა მას შემდეგ, რაც თავისი ჩანაწერები შეიძინა კერძო საინვესტიციო ფირმა Shamrock Capital-ისგან, რომელმაც ადრე სვიფტის მუსიკა სკუტერ ბრაუნისგან (Scooter Braun) იყიდა.
მისი განცხადება სოციალურ ქსელებში ემოციური იყო:
"ყველა მუსიკა, რომელიც ოდესმე შემიქმნია, ახლა მე მეკუთვნის", - დაწერა პოპვარსკვლავმა.
ტეილორ სვიფტმა კარიერა ჯერ კიდევ თინეიჯერობისას დაიწყო, როცა კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Big Machine Records. სწორედ ამ კომპანიამ გამოუშვა მისი პირველი ექვსი ალბომი, მათ შორის Fearless, Speak Now, Red და "1989" - ყველა მათგანს უდიდესი კომერციული წარმატება ხვდა წილად და სვიფტი მსოფლიო სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად აქცია.
თუმცა, როდესაც სვიფტმა ლეიბლი დატოვა და ახალი კონტრაქტი გააფორმა Republic Records-თან, მან აღმოაჩინა, რომ თავისი მუსიკის ჩანაწერებზე (master recordings) უფლებები აღარ ეკუთვნოდა. ეს უფლებები მოგვიანებით შეიძინა სკუტერ ბრაუნმა - მუსიკალური ინდუსტრიის გავლენიანმა ფიგურამ, რომელთანაც სვიფტს მრავალი წელი დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
ბრაუნის მიერ მისი მუსიკის შეძენა ტეილორმა ღიად გააპროტესტა და საზოგადოებას მიანიშნა იმ უსამართლობაზე, რასაც ქალი არტისტები ხშირად აწყდებიან.
სვიფტმა გადაწყვიტა, რომ ამ ბრძოლას არ დათმობდა - მან დაიწყო თავისივე მუსიკის თავიდან ჩაწერა და გამოქვეყნება Taylor's Version-ის სახელით. ამ ინიციატივამ არტისტს არა მხოლოდ უფლებები დაუბრუნა, არამედ სრულიად ახალი კომერციული წარმატება მოუტანა.
ამ დროისთვის უკვე ხელახლა გამოქვეყნებულია ოთხი ალბომი: Fearless (Taylor's Version), Red (Taylor's Version), Speak Now (Taylor's Version) და "1989 (Taylor's Version)". თითოეულმა მათგანმა #1 ადგილი დაიკავა Billboard-ის ჩარტებში და ძველ მუსიკას ახალი სიცოცხლე შთაბერა.
ტეილორ სვიფტის ბოლო მიღწევა მხოლოდ მუსიკალური უფლებების დაბრუნებით არ შემოიფარგლება. ის შარშან გახდა პირველი ქალი არტისტი ისტორიაში, რომელმაც მილიარდერის სტატუსი მხოლოდ მუსიკით მოიპოვა.
მისი ბოლო ტურნე - Eras Tour - არა მარტო მუსიკალური მოვლენა, არამედ ეკონომიკური ფენომენია - სწორედ ასე აფასებენ მას ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალისტები. უფრო მეტიც, სხვადასხვა წყაროს ცნობით, სვიფტის ტურნე მრავალი ქვეყნის ბიუჯეტზე დადებითი გავლენითაც კი გამოირჩევა.