Get All Access for $5/mo

ტექნოლოგიები ტურიზმის სამსახურში - ქართული სტარტაპების თანამედროვე გამოცდილება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წარმოგიდგენიათ მოგზაურობის დაგეგმვა, დანიშნულების ადგილას ჩასვლა და იქ გადაადგილება, სასტუმროში დარჩენა ტექნოლოგიების გარეშე? მაგალითად, თვითმფრინავის ბილეთის საყიდლად უზარმაზარ რიგში დგომა, ხოლო მოსანახულებელი ობიექტების ენციკლოპედიაში მოძებნა, ან თუნდაც დასარჩენის საპოვნელად არა ვებგვერდის, არამედ ცნობარის გამოყენება − ეს ალბათ ყველაზე მარტივი მაგალითია, როგორ გაამარტივა მოგზაურობა ტექნოლოგიებმა.

ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება, ხელოვნური ინტელექტის თამაშში შემოსვლამ ტემპი და მასშტაბები წარმოუდგენელიც კი გახადა. ტურიზმის სექტორში ახალი ტერმინიც კი გაჩნდა − ტექტურიზმი. როგორ უწყობს ფეხს ეს მსოფლიო ინდუსტრია წინსვლას და როგორია ტექნოლოგიების გამოყენების დონე ქართულ ტურიზმში?

e-Consul-ის თანადამფუძნებელი რეზი ყუფარაძე გვიყვება, რომ ბიზნესი და კერძო სექტორი უფრო სწრაფად ითვისებს სიახლეებს, ვიდრე სახელმწიფო. ეს კი ფაქტობრივად მთელი მსოფლიოსთვის უნივერსალურია − კერძო სექტორი ინოვაციებზე უფრო მალე ადაპტირდება, ვიდრე საჯარო სტრუქტურები.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება და კერძო სექტორიც სიახლეების მიმართ ღია დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ეს გამოიხატება ყველაფერში − ChatGPT-ის გამოყენების სიხშირით დაწყებული, სოციალური ქსელებითა და კრიპტოვალუტით დამთავრებული.

რეზი ყუფარაძე ამბობს, რომ ქართული საზოგადოება ტურიზმის სფეროში გაჩენილი ტექსტარტაპების მიმართაც ადრეულ ეტაპზე მიმღებლობით გამოირჩევა. ამის მაგალითად მისივე სერვისი მოჰყავს. e-Consul ადამიანებს ვიზის მიღებას უმარტივებს იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ აქვს. როგორც სტარტაპერი ამბობს, მათ სერვისზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

"ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ სავიზო მომსახურებას − ვეხმარებით აპლიკაციის სწორად შევსებაში, ვთავაზობთ საკონსულოში ვიზიტის დაჯავშნას, ვიზის შესაბამისი ფოტოს გადაღებას და ა.შ. გარდა ამისა, რაც ჩვენს მომხმარებელს განსაკუთრებულად მოსწონს, არის შემდეგი ინოვაცია − თუკი ისინი ერთხელ ისარგებლებენ ჩვენი მომსახურებით, მომდევნო ვიზისთვის პროცედურები ბევრად მარტივდება, რადგან ინფორმაცია ენახებათ. ანუ ერთი და იგივე ფორმის რამდენიმეჯერ შევსება არ სჭირდებათ − ერთხელ შევსებული ბაზაში რჩება", − ამბობს რეზი ყუფარაძე.

სტარტაპერი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მსგავსი ბიზნესიდან შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს და აითვისოს. მაგალითად, e-Consul-ის მსგავს სტარტაპებს აქვთ ელექტრონული ბაზები ადამიანების მოგზაურობის ისტორიის შესახებ. რეზი ამბობს, რომ თანამშრომლობის შემთხვევაში მარტივი იქნებოდა სამოგზაურო ისტორიის აღდგენა, რაც, მაგალითად, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში რთულდება და წარმოუდგენელიც კი ხდება.

"გაციფრულება იმ დოკუმენტების, რომლებიც ყოველდღიურად გვჭირდება − პირადობა, პასპორტი. ეს ყველაფერი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე შორი პერსპექტივაა, თუმცა ეს არის მომავალი. ციფრული პასპორტი არცთუ შორია და ნელ-ნელა სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ".

ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა რომ თანამედროვე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამაზე კიდევ ერთი სტარტაპერი გვესაუბრა. Biliki-ს თანადამფუძნებელი თორნიკე ცირამუა ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ თამაშის წესები სრულად შეცვალა და ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ამას კი ქართულმა ტურისტულმა სექტორმაც ფეხი უნდა აუწყოს.

თორნიკე და გიორგი ცირამუებმა "ტურისტერი 2023-ის" ფარგლებში წარადგინეს კიდეც პლატფორმა მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში გამოვიყენოთ. Biliki AI-ის ბეტა-ვერსია უკვე ჩაეშვა მოხმარებაში და მოგზაურებს მთელ მარშრუტს უგეგმავს ბიუჯეტისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

თორნიკე ცირამუა ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად ზრდის მომსახურების ხარისხს და ამცირებს დროს, რაც მომგებიანია ყველასთვის − კლიენტისთვისაც და სერვისის მიმწოდებლისთვისაც.

"ტურიზმში უკვე აქტიურად შემოდის ხელოვნური ინტელექტი. ეს ბაზარი $750-მილიარდიანია და ვარაუდობენ, რომ რიცხვი $2 ტრილიონამდე გაიზრდება. ისეთი დიდი პლატფორმები, როგორებიცაა TripAdvisor, Booking, AirBnb და სხვები, უკვე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის აქტიურ გამოყენებაზე. ეს ეხმარება მომხმარებელს, უფრო სწრაფად მოახერხოს პლატფორმებზე ნავიგაცია და სასურველი სერვისის მიღება, ბიზნესს კი დამატებით კლიენტებს მოუზიდავს", − ამბობს სტარტაპერი.

რეზი ყუფარაძის მსგავსად, თორნიკეც ფიქრობს, რომ ქართული საზოგადოება და ტურისტული სექტორი ტექნოლოგიურად კარგად ვითარდებიან. შეკითხვაზე, სად არის, მისი აზრით, ქართული ტურიზმი ტექნოლოგიური თვალსაზრისით, თორნიკე ასე გვპასუხობს:

"როცა ვსაუბრობთ, სად არის ქართული ტურისტული სექტორი ტექნოლოგიების მხრივ, უნდა შევადაროთ არა მხოლოდ მსოფლიო გამოცდილებას, არამედ იმასაც, თუ როგორ განვითარდა წლების განმავლობაში სექტორი ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, 3-4 წლის წინ, როცა თავადაც ვესაუბრებოდი ბიზნესის წარმომადგენლებს, ძალიან არამეგობრული გარემო იყო ტექნოლოგიისთვის. ბიზნესმენებს სჯეროდათ, რომ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდები იქნებოდა საკმარისი მათი საქმიანობისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიები ბევრად მეტია და ეს შეხედულება უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტრადიციულ ბიზნესწრეებშიც".

კიდევ ერთი ქართული სტარტაპის დამფუძნებელი, დაჯი ლიპარტელიანი, ამბობს, რომ ტრადიციულ ბიზნესში ტექნოლოგიების შეღწევადობა უნდა გაიზარდოს. მისი პლატფორმა eHotelspace სასტუმროებს ვებგვერდების აწყობაში ეხმარება ისე, რომ პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და ბიზნესს თვეობით ლოდინი არ უწევს. დაჯი იხსენებს, რომ კარგა ხანს სასტუმროების მფლობელებს Booking, Airbnb, Facebook ან Instagram-გვერდები ეგონათ მათთვის მთავარი სამუშაო პლატფორმები. თუმცა მალევე დაინახეს საჭიროება, ჰქონოდათ საკუთარი ვებგვერდი, რაშიც სწორედ eHotels დაეხმარებოდათ. სტარტაპერი ფიქრობს, რომ თანამედროვე პლატფორმების გამოყენება დაზოგავს როგორც ბიზნესის დროს, ისე გაზრდის მომხმარებლის კმაყოფილების დონესაც.

"ტურისტერი 2023-ის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში ამის მაგალითად დაჯი ლიპარტელიანს Microsoft Excel-ისა და Google-ის პლატფორმები მოჰყავს. სტარტაპერი ამბობს, რომ არცთუ შორეულ წარსულში, მაგალითად, ერთი წლის წინაც, სასტუმროების ნაწილში ჯავშნების აღრიცხვა Excel-ში ხდებოდა, ხოლო Google Map-ზე ლოკაცია არ იყო სწორად მონიშნული.

"შეიძლება ექსელში ერთ ან ორ პიროვნებას უმარტივდება მუშაობა, გადასარევია, შესაძლოა მარტივიცაა, მაგრამ ასე მუშაობა თავისთავად ნიშნავს, რომ ბიზნესი არ ფიქრობს ზრდაზე. როცა ბიზნესს სხვადასხვა არხზე განვათავსებთ, Excel უკვე მოუქნელი გახდება. ქართულმა ბიზნესმა ნელ-ნელა დაიწყო Channel Manager-ის გამოყენება, რაც მისასალმებელია. Channel Manager გვიმარტივებს ფუნციონირებას − გვიცავს ზედმეტი ჯავშნისგან, ყველაფერს ათავსებს ერთ სივრცეში. ეს აძლევს ბიზნესს საშუალებას, რაც შეიძლება ბევრ პლატფორმაზე იყოს წარმოდგენილი. მთავარი ისაა, რომ ვცადოთ გაციფრულება − დღეს ეს შეიძლება რთული ჩანდეს, მაგრამ ხვალ დაგვიზოგავს დროს, დაგვიზოგავს თანამშრომლის ენერგიას და ის, თავის მხრივ, უფრო მხიარული, ლოიალური იქნება მომხმარებელთან. ჩვენი მთავარი მიზანი ხომ საბოლოოდ მომხმარებლის კმაყოფილების ზრდაა", − ამბობს დაჯი ლიპარტელიანი.

სტარტაპერი საუბრობს თანამედროვე მოგზაურის ქცევის ცვლილებაზეც. როგორც დაჯი ლიპარტელიანი გვიყვება, შეიცვალა მომხმარებლების დამოკიდებულება, მაგალითად, Booking-ის მიმართ. თუკი ადრე ტურისტები ამ პლატფორმაზე ეძებდნენ და ჯავშნიდნენ დასარჩენად სასტუმროს, ახლა ისინი საიტს უფრო მეტად დასათვალიერებლად იყენებენ.

"ამას პანდემიის შემდეგ "ბილბორდის ეფექტსაც" უწოდებენ − ახლა მოგზაური შედის Booking-ზე, თუმცა მხოლოდ ათვალიერებს სასტუმროებს და შემდეგ ცდილობს, პირდაპირ კონტაქტზე გავიდეს. ასე მომხმარებელს მოლოდინი აქვს, რომ თუკი სასტუმროს პირადად ეკონტაქტება, მომსახურებას უკეთეს ფასად მიიღებს, ან რომელიღაც აქციაში მოყვება და საუზმე ექნება უფასოდ და ა.შ. ეს ტრენდი მსოფლიოში უკვე გავრცელებულია და საქართველოც მზად უნდა იყოს ამისთვის. სასტუმროს უნდა ჰქონდეს საკუთარი ვებგვერდი, სადაც სტუმარს მიიღებს", − აცხადებს ის.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".