Get All Access for $5/mo

#თემოსხელით - 12 წლის თემო ხუჭუას მიერ შექმნილი ხელნაკეთი კალათები "რამდენიმეჯერ ღამეც გაუთენებია შეკვეთის მზადებაში. უხარია, რომ მისი კალათებით ინტერესდებიან და შეძენის სურვილი აქვთ"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

როდესაც ხელნაკეთი კალათების Facebook-გვერდზე შეხვალთ, აღმოაჩენთ ფოტოს, წარწერით: "გამარჯობა, მე ვარ თემო და ეს კალათები ჩემი ხელითაა გაკეთებული". ეს წამოწყება 12 წლის თემო ხუჭუას ეკუთვნის, რომელსაც თავდაპირველად ქსოვის სურვილი მაშინ გაუჩნდა, როდესაც მეზობელს საქსოვი ჩხირები დაუნახა. მეზობლის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა და გულმოდგინედ იმეორებდა. შემდეგ ბებიამ ასწავლა ქსოვის ტექნიკა, რომელიც მალევე აითვისა. როგორც მისი ოჯახის წევრები იხსენებენ, ზოგადად, ხელობისადმი ინტერესი პატარაობიდანვე ჰქონდა: მუყაოთი აწყობდა სახლებს, ნიჟარებით ცხოველებს და ცდილობდა, რაიმე ხელობას დაუფლებოდა. კალათების ქსოვა კი მისთვის თავდაპირველად ერთგვარი ჰობი იყო − თავისუფალ დროს ქსოვდა და საბოლოოდ უამრავი ნამუშევარი დაუგროვდა. სწორედ ამ დროს, თემომ და მისმა დამ გადაწყვიტეს, შეექმნათ გვერდი, სადაც მომხმარებლებს სხვადასხვა ფორმის, დანიშნულებისა და ფერის კალათებს შესთავაზებდნენ.

"რამდენიმეჯერ ღამეც გაუთენებია შეკვეთის მზადებაში. უხარია, რომ მისი კალათებით ინტერესდებიან და შეძენის სურვილი აქვთ", – Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს თემოს და − მარიამი. თემომ ქსოვა 11 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ მისთვის სასიამოვნო და საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდაც იქცა. მათი განმარტებით, მომხმარებლებისთვის შთამბეჭდავია ის, რომ ამ კალათებს 12 წლის ბიჭი ქსოვს. ბავშვების უმეტესობა ამ ასაკში ვიდეოთამაშებით არის დაკავებული და ქსოვამ, ამ მხრივ, საზოგადოებაში ფურორი მოახდინა. ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები კი ვარდისფერი და ყვითელი კალათებია, რომლის მიწოდება მსურველებისთვის საქართველოს ნებისმიერ ქალაქშია შესაძლებელი.

თემოსთვის ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელსაც ჩანაფიქრის განხორციელება უყვარს და ცდილობს, მომხმარებელს მიაწოდოს ხარისხიანი და გამორჩეული პროდუქტი. პატარა ანტრეპრენერს არ ეშინია გამოწვევების და სწორედ ამიტომ, დაბრკოლებებზე საკმაოდ იმედიანად საუბრობს: "ყველაზე დიდი გამოწვევა მომხმარებლის მოზიდვა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფასები დაბალია, მყიდველი მაინც ცოტაა. ვფიქრობთ, ეს დროის ამბავია. რაც მეტად ინფორმირებული იქნება მომხმარებელი, მით უფრო გაიზრდება ინტერესიც".

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპისთვის თემო აქტიურად მუშაობს გვერდის ცნობადობის ამაღლებაზე და ყველანაირად ცდილობს, განაგრძოს საკუთარი საქმიანობა. წამოწყებას კარგად უთავსებს სკოლის დავალებებს, სწორედ ამიტომ, მზად არის, საჭიროების შემთხვევაში მცირე ბიზნესი გააფართოოს. "თუ მოთხოვნა იქნება, დაუზარებლად და დიდი სიყვარულით მივიღებ მსურველებისგან შეკვეთებს", აღნიშნავს თემო ხუჭუა.
ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო ახლა უკვე ბათუმში!

Majorel-ს თბილისის ორ ოფისში და ქუთაისში 1500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული