თეონა ჯგერენაია – ლიდერი ქალი, რომელმაც ოჯახური გამოწვევები წარმატებულ ბიზნესშესაძლებლობად გადააქცია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მე ჩამოვედი დიდ ბრიტანეთში 15 წლის წინ, არავის ვიცნობდი, სრულიად მარტო, უცხო ქვეყანაში, სადაც ყველაფერი საკუთარი ძალით უნდა შემექმნა. 23 წლის გავხდი დედა, და მაშინ გავაცნობიერე, რომ სტაბილურობა აღარ იყო არჩევანი, ეს იყო აუცილებლობა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის", – სწორედ ეს დაედო საფუძვლად GT Floors-ის შექმნის იდეას. როდესაც თეონა ჯგერენაიას მეუღლემ, რომელიც სამშენებლო სფეროში 15 წელზე მეტია საქმიანობს, სამსახური დაკარგა, წყვილმა გაბედული ნაბიჯი გადადგა – გადაწყვიტეს, საკუთარი გზა გაეკვალათ ფინანსური უსაფრთხოებისკენ. ამ პროცესში მათ ნათლად დაინახეს ბაზრის საჭიროება: ადამიანებს ძალიან უჭირთ ისეთი კონტრაქტორის პოვნა, რომელიც არა მხოლოდ სპეციალიზებული იქნება მაღალი ხარისხის იატაკის დაგებასა და მონტაჟში, არამედ იქნება მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს კლიენტის დროს, უზრუნველყოფს სამუშაოს შესრულების გარანტიას და ამყარებს ნდობაზე დაფუძნებულ გრძელვადიან კომუნიკაციას.
სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა GT Floors, რომელიც ლონდონში მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის იატაკის საფრების დაგებასა და მონტაჟს სთავაზობს. კომპანიის მიზანია სწრაფი, პიროვნული და გამჭვირვალე მომსახურების გაწევა, სადაც კლიენტმა ყოველთვის იცის, რა ხდება პროექტის ყველა ეტაპზე.
"ბიზნესის დაწყება მოითხოვდა დიდ სიმამაცეს. როდესაც მეუღლე სამსახურს კარგავს, უკანდასახევი გზა, უბრალოდ, არ არსებობდა, პასუხისმგებლობა უნდა აგვეღო და ნაბიჯები გადაგვედგა სრულიად უცნობ გზაზე. ეს იყო მომენტი, როცა შიშმა და დაურწმუნებლობამ გამაძლიერა. ყოველი გადაწყვეტილება ბავშვზე, ფინანსებსა და მომავალზე ზრუნვის პერსპექტივით იყო გადამწყვეტი. მიუხედავად შიშისა, რწმენა, რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა, გახდა ჩემი მოქმედების მთავარი მოტივი", – Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს თეონა ჯგერენაია.
GT Floors-ის დამფუძნებლის განმარტებით, კომპანიის განვითარების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა სწრაფი გაფართოება და პარალელურად ხარისხის უცვლელად შენარჩუნება აღმოჩნდა. საქმიანობა დაიწყო ერთი სამუშაო გუნდით, თუმცა ბაზრის მოთხოვნა მოლოდინზე სწრაფად გაიზარდა. ეს ნიშნავდა არა მხოლოდ შეკვეთების რაოდენობრივ მატებას, არამედ ორგანიზაციული სტრუქტურის გადახედვის აუცილებლობას.
გაფართოების პროცესში მნიშვნელოვანი ამოცანა გახდა ახალი თანამშრომლების შერჩევა და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მათი ინტეგრირება სამუშაო პროცესში. საჭირო იყო პასუხისმგებლობების მკაფიო გადანაწილება, სამუშაოების ეტაპობრივი დაგეგმვა და შიდა პროცესების სისტემატიზება – დაწყებული ობიექტის პირველადი შეფასებიდან, დამთავრებული საბოლოო მონტაჟისა და ხარისხის კონტროლით. კომპანიის თანადამფუძნებელი პირადად ზედამხედველობდა ინსტალაციებს, რათა თითოეულ პროექტზე დაცული ყოფილიყო ტექნიკური სიზუსტე და კლიენტს არ შეექმნა გაურკვევლობის განცდა.
განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა ზაფხულის სეზონი, როდესაც მოთხოვნა პიკს აღწევდა. თუმცა სწორედ ამ პერიოდში გამოიკვეთა კომპანიის მართვის მოდელის ეფექტიანობა. ინტენსიურმა სამუშაო რეჟიმმა აჩვენა, რომ ორგანიზებულობა, პროცესების გამჭვირვალე მართვა და მუდმივი ყურადღება დეტალების მიმართ იძლევა შესაძლებლობას, სწრაფი ზრდა არ გადაიზარდოს ხარისხის შემცირებაში. პირიქით – ეს გახდა სტიმული, რომ მომსახურება უფრო სტრუქტურირებული, პროგნოზირებადი და მომხმარებელზე მორგებული გამხდარიყო.
გარდა ტექნიკური და საოპერაციო სირთულეებისა, ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიკური გამოწვევა გენდერული სტერეოტიპები აღმოჩნდა. საყოველთაოდ დამკვიდრებული აზრით, სამშენებლო ინდუსტრია და, კერძოდ, იატაკის საფრის დაგების სექტორი, ტრადიციულად "მასკულინურ" სფეროდ აღიქმება.
"თავიდან ჩემი იდეები და ცოდნა ხშირად არასერიოზულად მიიჩნეოდა. თუმცა პროფესიონალიზმმა, პასუხისმგებლობამ და შედეგებმა სტერეოტიპები დაძლიეს. საბოლოო ჯამში ჩემი სქესი არ აღმოჩნდა დაბრკოლება. ნამუშევარმა და კლიენტების ნდობამ დაამტკიცა ჩემი შესაძლებლობები.
ამ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ მასწავლა, რომ წინსვლა ყოველთვის შიშსა და შეცდომებს უკავშირდება, და იმარჯვებს მხოლოდ ის, ვინც გამუდმებით სწავლობს, ადაპტირდება და პასუხისმგებლობას იღებს.
დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევ: არ გეშინოდეთ წარუმატებლობის, იყავით გამძლეები, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წაწიეთ საქმე, დაიცავით ხარისხი და ნდობა. ანტრეპრენერი სწორედ ის ადამიანია, ვინც ხედავს შესაძლებლობას იქ, სადაც სხვები პრობლემებს ხედავენ, იღებს პასუხისმგებლობას, არ ეშინია შეცდომების და ბოლომდე მიჰყვება საკუთარ ხედვას.
ქალებს კი ვურჩევ: დაიწყეთ ახლა, ნუ ელით იდეალურ მომენტს. თქვენი სქესი და გარემო არასოდეს იქნება დაბრკოლება, თუ რჩებით მიზანდასახულები და თავდაჯერებულები", – აღნიშნავს რესპონდენტი.
გამოწვევებმა კომპანიისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. გაფართოებამ ხელი შეუწყო შიდა სტანდარტების ფორმალიზებას, სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებასა და მომსახურების ხარისხის მკაფიო პოზიციონირებას ბაზარზე. შედეგად, მიღწევებმაც არ დააყოვნა: GT Floors Ltd დასახელდა Construction Magazine-ში, გახდა "Flooring Contractors of the Year London" ჯილდოს მფლობელი და მოხვდა National Flooring Awards-ის ფინალისტებს შორის.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში კომპანიის მიზანია, მიაღწიოს ერთ მილიონ ფუნტამდე წლიურ ბრუნვას, გახსნას საკუთარი შოურუმი და შექმნას უნიკალური პროდუქციის ხაზი.
,,გრძელვადიან პერსპექტივაში ერთ-ერთი მიზანია ბრენდის გაფართოება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის შოურუმის გახსნა საქართველოში, როგორც სიმბოლური დაბრუნება ქვეყანაში, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, – განმარტავს თეონა, – ამ გეგმების აღსრულებაში კი დამეხმარება ჩემი ინსპირაცია, რომელიც მოდის ჩემი ფესვებიდან, ცხოვრებიდან და გამოწვევებიდან. მე ვიცოდი, რომ სირთულეების მიუხედავად, შეიძლება ყველაფერი შეცვალო, როცა საკუთარი შესაძლებლობების რწმენა გაქვს. ყოველი მიღწევა ახალი ნაბიჯია, რომელიც ნდობისა და შრომის კულტურას ქმნის".