ტერაბანკის შიდა იდეათონის გამარჯვებული გუნდები ცნობილია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტერაბანკის იდეათონი წარმატებით დასრულდა — კონკურსის ფარგლებში შერჩეული საუკეთესო გუნდები და მათი ინოვაციური იდეები "ფაბრიკაში" გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე დასახელდნენ.
შეჯიბრის ფინალურ ეტაპზე შვიდმა გუნდმა საკუთარი იდეა ბანკის მენეჯმენტს წარუდგინა. იდეათონის გამარჯვებულად სამი გუნდი დასახელდა, მათ შორის Stipendia.ge, ARoom, SimbaCare, თითოეულს კი ბიზნესიდეის განვითარებისთვის 5 000-ლარიანი დაფინანსება გადაეცა.
Stipendia.ge საქართველოში პირველი საგანმანათლებლო-საძიებო პლატფორმაა საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის, რომელიც ფოკუსირებულია დაფინანსებულ პროგრამებზე და ერთ სივრცეში აერთიანებს უცხოეთში სწავლის ყველა შესაძლებლობას. ამ დროისთვის პლატფორმაზე მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს ინტეგრაციის პროცესი, რომელიც უახლოეს მომავალში რეპეტიტორებსა და აბიტურიენტებს დააკავშირებს სასწავლო მიზნების გათვალისწინებით. გამარჯვებულებს შორისაა აპლიკაცია ARoom, რომელიც მომხმარებლებს რემონტის პროცესს უმარტივებს და საშუალებას აძლევს, რეალურ დროში იხილონ, როგორ ერწყმის ერთმანეთს ინტერიერის სხვადასხვა დეტალი. ფუნქციონალი მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: ინტერიერის ვირტუალური ჩვენება, პროდუქციის კატალოგების ინტეგრაცია, რეალური მასალების კომბინაციის შეფასება და პარტნიორ მაღაზიებთან ციფრული კავშირის შექმნა. რაც შეეხება SimbaCare-ს, ის Super App-ის კონცეფციაზე დაფუძნებული აპლიკაციაა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ოთხფეხა მეგობრებისთვის საჭირო მომსახურებებს — დაზღვევას, სამედიცინო ისტორიასა და ექსკლუზიურ შეთავაზებებს. მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ინდივიდუალური რეკომენდაციები ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის ჩათბოტის დახმარებით და ჰქონდეთ წვდომა ვიზიტების, ვაქცინაციისა და მკურნალობის სრულ ისტორიაზე. ეგრეთ წოდებული Push შეტყობინებების საშუალებით კი ვეტერინართან ვიზიტის დაგეგმვა წინასწარ და მარტივად ხდება, რაც შინაური ცხოველის მოვლის პროცესს ორგანიზებულსა და ეფექტურს ხდის.
"სტარტაპების ხელშეწყობა ტერაბანკისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მოცემული პროექტი ემსახურება ბანკის თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებასა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობის შექმნას. გამარჯვებული გუნდების ინიციატივები საკმაოდ პერსპექტიულია და მათ აქვთ პოტენციალი, მომავალში წარმატებულ პროდუქტებად განვითარდნენ", აღნიშნა ტერაბანკის გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ.
იდეათონი წარმოადგენს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომელიც 2023 წლის დეკემბერში დაინერგა. მისი მიზანია ტერაბანკის თანამშრომლების ინოვაციური და ბაზარზე ორიენტირებული ბიზნესიდეების აღმოჩენა და მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა ინტენსიური სწავლებისა და მენტორინგის კურსი გაიარეს, მათ შორის იმუშავეს იდეების დახვეწაზე, პროტოტიპირებასა და ვალიდაციაზე, ასევე ბიზნესმოდელის გამართვასა და ფინანსებზე, შეისწავლეს საინვესტიციო შეთავაზების ფორმატის ფორმულირება, საგრანტო განაცხადების დაწერის ტექნიკა და საინვესტიციო პიჩის მომზადება. ტერაბანკი აღნიშნული პროექტის გაგრძელებას სამომავლოდაც გეგმავს.