Get All Access for $5/mo

თიბისი დაზღვევა - განვითარების 4 წელი დარწმუნებული ვარ, როგორც ბიზნესი, ისე ადამიანებიც უფრო გამობრძმედილი გამოვლენ ამ პანდემიიდან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თიბისი დაზღვევა 2016 წელს შეიქმნა და სადაზღვევო სექტორში გამოჩენისთანავე, როგორც საცალო გაყიდვების, ასევე ბიზნესმიმართულებით, ადამიანებისათვის ცხოვრების გამარტივება დაისახა მიზნად. კომპანია უკვე 4 წელია აქტიურად ისწრაფვის მიზნის სრულყოფისაკენ, რაც მომსახურების სფეროში დღევანდელობისათვის ყველაზე რელევანტური და საჭირო ნაბიჯების გადადგმით გამოიხატება.

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს მუდმივად განვითარებად და მათ საჭიროებებზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს, ონლაინ და ოფლაინ მომსახურებას, სწრაფ გაციფრულებულ სერვისებს, მინიმალურ ბიუროკრატიულ პროცესებსა და საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულ დახმარებას სთავაზობს. ამ საკითხების მთავარ პრიორიტეტად დასახვით კი, კომპანიამ უმოკლეს დროში შეძლო და ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა საქართველოს მრავალფეროვან სადაზღვევო სექტორში. თიბისი დაზღვევის ოთხწლიან საქმიანობას, მიმდინარე გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს, Entrepreneur- თან საუბრისას პაატა ღაძაძე − თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი აჯამებს:

"ჯამში, გასული 4 წელიც და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ეს − 2020 წელიც, წარმატებული იყო თიბისი დაზღვევისთვის. ჯერ ერთი, უკვე მყარად ვიკავებთ პირველ ადგილს საცალო დაზღვევის სფეროში, მათ შორის − ფიზიკური პირების ავტომობილების, ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტებში; მეორე − 2020 წელს ჩვენი კომპანიის მთლიან დაზღვევაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნესისა და განსაკუთრებით კი საშუალო ბიზნესის დაზღვევის წილი; მესამე − ჯერ მხოლოდ მეორე სრული წელია, რაც სამედიცინო დაზღვევას ვთავაზობთ კერძო კომპანიებსა და მათ თანამშრომლებს, სტაბილურად გვიჭირავს მომსახურების უმაღლესი ხარისხი 15 000-ზე მეტი დაზღვეულისთვის და ეს რიცხვი ყოველთვიურად ათასობით იზრდება; მეოთხე − სადაზღვევო პროდუქტების დივერსიფიკაციით და პორტფელის ზრდის კვალდაკვალ, გაიზარდა მოგების მაჩვენებლებიც და უკვე ზედიზედ 4 წელია, რაც ჩვენს კაპიტალზე ყველაზე მაღალი მოგებით გამოვირჩევით.

ასეთი ზრდის, რიცხვებისა და დინამიკის გარდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია სრულიად ახალი და რევოლუციური ტექნოლოგიური ცვლილებები, ინოვაციური პროდუქტები, ციფრული ეფექტური სისტემები, რაც პანდემიის პირობებში საკმარისად პოზიტიურად წაადგა თიბისი დაზღვევის საერთო მაჩვენებლებს. ეს არ იყო დაგეგმილი როგორც პანდემიის საწინააღმდეგო პრევენცია, მაგრამ საერთო გაციფრულების სტრატეგიამ ამ მხრივ ძალიან კარგად იმუშავა. დღეს ჩვენი სადაზღვევო პოლისების 70% იყიდება დისტანციურად და ზარალის ანაზღაურების შემთხვევების 80%-მდე ასეთივე სისტემით მიმდინარეობს, ანუ ფიზიკურად კომპანიის თანამშრომლისა და მომხმარებლის ჩარევის გარეშე.

როგორ დაიწყო 2020 წელი და როგორ აისახა პანდემია თქვენს საქმიანობაზე?

სირთულეები ინდუსტრიის ყველა დარგს შეექმნა, თუმცა სხვადასხვა დოზითა და მასშტაბით. ამ მხრივ სადაზღვევო ინდუსტრიის, როგორც ფინანსური მომსახურების, სიძნელეები მოსატანიც არაა ზოგადად ტურიზმის, სასტუმროების, ავიაკომპანიების, სარესტორნო და სხვა სახის ბიზნესში შექმნილ სირთულეებთან. ანუ დაზღვევაში ეს ასე მასშტაბურად არ იგრძნობა, თუმცა არაპირდაპირ აისახა სადაზღვევო ინდუსტრიაზეც. მაგალითად, თითქმის განულდა სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტი, სასტუმროებისა და რესტორნების გაჩერებამ ასევე გამოიწვია ამ სფეროს სადაზღვევო მომსახურებაში პრობლემები, მობილობის დაცემამ და ჩაკეტვამ საერთო აქტიურობა შეამცირა. ეს აისახა კიდეც სადაზღვევო მომსახურების მოთხოვნაზე. რაც შეეხება კომპანიის შიგნით ლოგისტიკურ სიძნელეებს − აქ დიდად არაფერი შეცვლილა, ჩვენ ისედაც დიდწილად დისტანციურ მომსახურებაზე ვიყავით, თუმცა თანამშრომლების უდიდესი ნაწილი, როგორც სხვაგანაც, უკვე ნატრობს გუნდთან ერთად მუშაობას. ბევრი კორპორაციული სოციალიზაციის დეფიციტს განიცდის. ეს გადასატანიც არის და ბევრია შესაცვლელიც. ადაპტაციის ფაზაში ვართ − ასეა სხვაგანაც და ჩვენთანაც.

როგორ შეძელით რეაგირება Covid-19-ით გამოწვეულ რთულ მდგომარეობაზე და რა შეცვალეთ? აპირებთ თუ არა გადახედოთ მთავარ ინდიკატორებს მომავალი წლისთვის?

როგორც უკვე ვთქვი, ბიზნესპროცესებში ბევრი ცვლილების შეტანა არ მოგვიწია, რადგან ისედაც მაქსიმალურად ციფრულ პლატფორმებზე ვართ გადასული. თუმცა, ბევრი დეტალის გათვალისწინება გვიწევს. მალევე გადავერთეთ ახალ სისტემებზე. მაგალითად, თანამშრომლების შინიდან მუშაობა ფინანსურ სერვისებში საჭიროებს კიბერუსაფრთხოების გაზრდას, ტექნოლოგიების შეუფერხებლად მუშაობას, მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და მათთან კომუნიკაციის მეტ სიზუსტეს, სისწრაფეს. ყველა ბიზნესი ეფექტიან გზებს ეძებს და ასე ვართ ჩვენც.

ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც აღსანიშნავია: სამედიცინო დაზღვევის ნაწილში იმ დონის ავტომატიზაციას მივაღწიეთ, რომ ექიმთან ფიზიკურად მისვლის გარეშეც შესაძლებელია შედარებით მსუბუქი დაავადებების დროს სპეციალისტის კონსულტაცია, დანიშნულებისა და რეცეპტების გამოწერაც და დაზღვევით თანაგადახდის ორგანიზებაც. თუკი პანდემიამდე დაზღვეული სამსახურის გაცდენის ხარჯზეც კი იღებდა ექიმის კონსულტაციას და განმეორებითი ვიზიტებიც სჭირდებოდა, ახლა ეს ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე ხდება და უფრო იაფადაც. თქვენ წარმოიდგინეთ, ნაკლები ნერვიულობითაც. ამ მხრივ, აღსანიშნავია, ჩვენი შვილობილი კომპანია "რედმედის" ახალი პლატფორმა, რომელიც სწორედ მსუბუქი ტიპის სამედიცინო კონსულტაციას სთავაზობს დაზღვეულებს ვიდეო-აუდიო ფორმით, თან ექიმებისა და დროის არჩევანიც უფრო მეტია. ნელ-ნელა, ასეთი ფორმებით შეივსება ჩვენი ცხოვრება. პანდემიამ უბრალოდ ეს პროცესი დააჩქარა.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, პროგრესი გვაქვს, თუმცა უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. დარწმუნებული ვარ, როგორც ბიზნესი, ისე ადამიანებიც უფრო გამობრძმედილი გამოვლენ ამ პანდემიიდან. სამწუხაროა, რომ ეს მაინც ადამიანების მსხვერპლის ფასად ხდება. გრძელვადიანი გეგმები ისევ ამბიციური რჩება და ამას არ გადავხედავთ, ხოლო მიმდინარე ტაქტიკურ გეგმებს დაეტყობა იმ მხრივ, რომ ყოველ დანახარჯს უფრო მეტი ეფექტური შედეგი ექნება, ვიდრე აქამდე − ბიზნეს-ინდიკატორები პანდემიის გამო ჩვენთან დიდად არ შეცვლილა.

როგორია კომპანიის გეგმები 2021 წლისთვის? რა ახალ სადაზღვევო პროდუქტებს უნდა ველოდოთ? ხომ არ ფიქრობთ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება და როგორ უნდა გაძლიერდეს ეს მიმართულება?

2021 წელს ისევ ვგეგმავთ სიახლეებს ტექნოლოგიებისა და პროდუქტების მიმართულებით. სიცოცხლის დაზღვევის ნაწილში ბევრი სიახლე იქნება − ფიზიკური პირების სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა პრიორიტეტული გახდება და ნელ- ნელა საქართველოს მოქალაქეები ამ პროდუქტებსაც ისევე კარგად მიიღებენ, როგორც ეს განვითარებულ დასავლეთშია.

დაზღვევის არჩევის, პოლისის ყიდვისა და ზარალის ანაზღაურების ნაწილშიც ბევრი ინოვაციაა დაგეგმილი, ისევ მომხმარებლის დროის დაზოგვის გათვალისწინებით. ნელ-ნელა სადაზღვევო ბაზარზე ახალი თაობაც შემოდის, როგორც დასაზღვევი სუბიექტები და მათი მოთხოვნებიც გასათვალისწინებელია. ოჯახის წევრების დაზღვევის პაკეტები კიდევ უფრო დაიხვეწება. სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა სხვა სერვისებთან ერთად უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდება, ზარალის შეფასების, ანაზღაურების პროცესი და დოკუმენტების ბრუნვა გამარტივდება. ამას უნდა მოყვეს დაზღვევის, როგორც ცხოვრების წესის, ნაწილად დამკვიდრება. შედეგი კი იქნება მეტი კომფორტი, მეტი დრო ოჯახისა და სხვა სასარგებლო საქმეებისთვის.

როგორ ცდილობთ გააძლიეროთ სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარ გუნდსა და ბიზნესწრეებში?

ნებისმიერი მსხვილი ბიზნესის აუცილებელ თანმხლებ კორპორაციულ ფუნქციად მკვიდრდება არა მარტო კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების მიწოდება, არამედ ამის შექმნა საერთო საზოგადოებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილებით. ანუ ბიზნესი არა მარტო მომხმარებლისთვის ხდება კონტრიბუტორი, არამედ მთელი საზოგადოებისა და ქვეყნისთვისაც. ეს უკვე ნორმაა და ისეთი ნორმა, რომ ამას ვინც ვერ ახერხებს, უბრალოდ კოტრდება. დღეს ვერ გექნება დიდი ბიზნესის ფლობისა და მართვის ამბიცია ამ უბრალო მოცემულების გარეშე. მთავარია, ამის აუცილებლობა ესმოდეს ნებისმიერ მენეჯერს, ანუ როგორც ბიზნესაუცილებლობა, და არა როგორც "ქველმოქმედების" იმიჯის შექმნის ნებაყოფლობითი არჩევანი. საზოგადოებისთვის კონტრიბუტორის როლი უკვე კარგა ხანია სცდება გადასახადის კარგი გადამხდელის როლს. ეს საკმარისი აღარაა. თუკი საზოგადოებისთვის მიუღებელია შენი გადაწყვეტილებები (ეკოლოგიის დაცვის, საერთო ფონდებში მონაწილეობის, განათლებაში ინვესტიციების დაბანდების უგულველყოფა...), შენს პროდუქტს აღარც ძველი მომხმარებელი ყიდულობს, ახალზე ხომ ზედმეტია საუბარი.

სოციალური პასუხისმგებლობა ამ დონეზეა აყვანილი მთლიანად თიბისი ჯგუფში და შესაბამისად, ჩვენთან − თიბისი დაზღვევაში. ამიტომ არაფერია აქ გასაკვირი და უცხო. ეს თიბისისა და უკვე ნებისმიერი სერიოზული ბიზნესის აუცილებელი ნორმაა.

როგორ აპირებთ ადამიანებისთვის უფრო მეტად ცხოვრების გამარტივებას? როგორია თქვენი სამომავლო განვითარების ხედვა, სტრატეგია და ახალი მიზნები?

დაზღვევის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ და შევეცდებით ცოტა მეტიც შევძლოთ, ვიდრე მხოლოდ დაზღვევაა. მაგალითად, ადამიანის დრო, ნერვები და ფული − ეს უნდა დავზოგოთ ცალსახად. ამავე დროს, მეტად ვიაქტიურებთ განათლების სფეროში, განსაკუთრებით − ფულადი და დროის დანახარჯების ეფექტიანობის ნაწილში, ასევე ბიზნესისთვისაც. ბევრმა დღეს არც იცის დაზღვევის გრძელვადიანი სარგებლიანობის თაობაზე და დაზღვევა მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა სხვას ან თვითონ შეემთხვევათ რაიმე გაუთვალისწინებელი. არადა, ცხოვრება ყოველდღე ნაირნაირ გაუთვალისწინებელ სიურპრიზებს გვთავაზობს, რისთვისაც მზად არ ვართ ხოლმე. სტრესის შემცირება, მეტი კომფორტი, ნაკლები პოტენციური ფინანსური ზარალი და ნორმალური ცხოვრების რიტმი − ესაა დაზღვევის სარგებელი. ჰოდა, ჩვენც ამ პათოსით უნდა ვეძებოთ ახალ-ახალი პროდუქტები და ტექნოლოგიები.

ზოგადად, საერთაშორისო სადაზღვევო ბაზრის ტენდენციებზე რას იტყვით? რა ხდება ამ კუთხით გლობალურად და საით მიდის სადაზღვევო ინდუსტრია?

სადაზღვევო ინდუსტრია მეტად პერსონალიზებული ხდება საცალო სექტორში და ბიზნესზე მეტად მორგებული − კორპორაციულ სექტორში. მაგალითად, თუკი ჩემი ცხოვრების წესი ისეთივე ჯანსაღი არაა, როგორიც თქვენი (და ეს პარამეტრულად შეფასებადია), მაშინ მე უფრო მეტის გადახდა მიწევს დაზღვევაში, ვიდრე თქვენ. დღეს ეს თითქოს აშკარა არაა, მაგრამ ესაა ტრენდი. თუკი თქვენ ნაკლებად არღვევთ საგზაო წესებს და ნაკლებად ჯარიმდებით, თქვენ იგივე ლიმიტის დაზღვევა უფრო იაფი დაგიჯდებათ. თუკი თქვენ უფრო მეტად ზრუნავთ ოჯახზე და სისტემატურად ყურადღებას უთმობთ ოჯახის წევრების ჯანმრთელობას − თქვენ უკეთეს პირობებს იღებთ და ა.შ. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრენდია დაზღვევაში საშუამავლო საქმიანობის ფორმისა და შინაარსის ცვლილებაც. ახლა უკვე ყველა სადაზღვევო პროდუქტი გამჭვირვალედ შეგიძლიათ აირჩიოთ ინტერნეტში ვებსაიტზე ან აპლიკაციაში და არ გადაიხადოთ დამატებითი თანხა პოტენციურად დაფარული ინფორმაციის მისაღებად, ანდა პროდუქტის თქვენთვის მოსარგებად − შეგიძლიათ თავად მოირგოთ ის, რაც აქამდე სადაზღვევო აგენტს "თავზე უნდა მოეხვია". აგენტებისა და ბროკერების როლი იცვლება − მეტად სოფისტური ხდება.

და ბოლოს, დაზღვევა უფრო მოქნილი ხდება, ანუ ბევრად მეტი დაფარვა/ ანაზღაურების შესაძლებლობა იქმნება, ვიდრე ეს ადრე იყო. მაგალითად, თუკი ავტომობილისთვის ადრე სრული ავტოდაზღვევა უნდა შეგეძინა, ახლა შეგიძლია მხოლოდ სხვისი დანაშაულით გამოწვეული ზარალის დაზღვევა იყიდო და ამით გააიაფო/დაზოგო ხარჯი (თუმცა ბევრი მაინც ისევ სრულ დაფარვას არჩევს). სამოგზაურო დაზღვევის დროს, ადრე ძალიან გართულებული იყო საერთაშორისო სამედიცინო ასისტანსის გამოყენება − ახლა ეს სტანდარტული და მეტად შესაძლებელი მომსახურება იქნება.

ასე რომ, ადამიანების ცხოვრება კი რთულდება, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ ცოტა მაინც დავაკომპენსიროთ ეს სირთულე და გავამარტივოთ. იმედია, გამოგვივა.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი