თიბისი კაპიტალის კვლევა - ლარის ეფექტური კურსის ანალიზი მულტი-სავალუტო პროდუქტების ჭრილში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თიბისი კაპიტალმა გამოაქვეყნა კვლევა - "ლარის ეფექტური კურსის ანალიზი მულტი-სავალუტო პროდუქტების ჭრილში". პუბლიკაცია იკვლევს - რამდენად არის შესაძლებელი ისეთი მულტი-სავალუტო სასესხო/საინვესტიციო პროდუქტების შემუშავება, რომელიც ლარში შემოსავლის მქონე მსესხებლისათვის ნაწილობრივ ან სრულად აზღვევს სავალუტო რისკს და ამავდროულად, მიმზიდველია საპროცენტო განაკვეთის კუთხით. მსგავსი მულტი-სავალუტო კალათა საინტერესოა ლარის ინვესტორებისთვისაც, რომელთა ფუნქციონალური ვალუტა ევრო/აშშ დოლარია.
პუბლიკაციის მიხედვით, ემპირიული ანალიზი მიუთითებს, რომ ლარში შემოსავლის მქონე მსესხებლებისთვის აუთვისებელი პოტენციალი არსებობს ისეთ მულტი-სავალუტო სასესხო პროდუქტებში, რომლებიც დენომინირებულია საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებში. პოტენციალი გამომდინარეობს როგორც ლარისა და შესაბამისი ვალუტების კორელაციიდან, ასევე შერჩეულ სავალუტო კალათაზე შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთიდან.
კვლევაში გაანალიზებული სავალუტო კალათა შედგება 70% ევროს, 15% რუსული რუბლისა და 15% თურქული ლირისაგან. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში კალათის კომპოზიცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სექტორში ოპერირებს მსესხებელი, როგორია მისი რისკის აპეტიტი, რა არის სესხის ვადიანობა, როგორია მოცემულ მომენტში ბაზარზე არსებულ მდგომარეობა და ა.შ. მსგავსი პროდუქტი საინტერესოა ინვესტორებისთვისაც. ამ შემთხვევაში ინფლაციაზე მიბმული ლარის საინვესტიციო პროდუქტები ნომინალურთან შედარებით მეტად მიმზიდველი იქნება.
მსგავსი პროდუქტების შესაძლო განვითარება დადებით გავლენას მოახდენს ლარის საპროცენტო განაკვეთებსა და გაცვლით კურსზე. ამასთან, მულტი-სავალუტო სასესხო პროდუქტები სხვადასხვა სახის რისკთანაა დაკავშირებული და მოითხოვს მაკროეკონომიკურ/მსესხებელზე მორგებულ ანალიზს და სასურველია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებულმა პირებმა კონსულტაცია გაიარონ.
თიბისი კაპიტალის კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - Tbccapital.ge